Facebook Twitter

№ბს-1397(კ-22) 27 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიის 2017 წლის 28 აპრილის №397 განკარგულება; ბ) კომისიას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. დ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 120,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 12,0 კვ.მ შენობა-ნაგებობებზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ე. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 აპრილის №397 განკარგულება „ე. დ-ეს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ე. დ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე მდებარე 120,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 12,0 კვ.მ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები განსაზღვრავენ იმ ძირითად კუმულატიურ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი იმისთვის, რომ დაექვემდებაროს აღიარებას, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს: 1. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი; 2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში; 3. მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყოს შენობა-ნაგებობა; 4. ან მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე; 5. მიწის ნაკვეთი პირს თვითნებურად დაკავებული უნდა ჰქონდეს აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბრამდე).

კასატორის მითითებით, ე. დ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა–ნაგებობა, თუმცა ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემებით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლისთვის. ამასთან, მითითებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. კომისია გაეცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის №... წერილობით შუამდგომლობას და თანდართულ დოკუმენტაციას, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 120,00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 12,0 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ე. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოცემული მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს.

სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არსებული ორთოფოტო იყო დაბალი ხარისხის და ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია იმის თქმა, „აღიარების კანონის“ ამოქმედებამდე არსებობდა თუ არა აღნიშნული შენობა-ნაგებობა, მოკლებულია საფუძველს, რადგან ორთოფოტო იძლეოდა აღნიშნული გარემოების საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღები) მნიშვნელობა საქმის განხილვა/გადაწყვეტისთვის. ორთოფოტო წარმოადგენს ციფრული ტექნოლოგიის განვითარების შედეგად შექმნილ საშუალებას, რომელზეც ასახული ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა. ამასთან, ორთოფოტოს არსებობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მასში ასახული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების დროს. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიამ გამოიყენა აღნიშნული შესაძლებლობა და გადაწყვეტილება მიიღო სხვა გარემოებებისა და ორთოფოტოს მონაცემების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების მტკიცებულება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 აპრილის №397 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისთვის ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 120,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 12,0 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 11 იანვარს ე. დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში (ს.ფ. 15); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ე. დ-ის განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში (ს.ფ. 42); გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 აპრილის №397 განკარგულებით, ე. დ-ეს უარი ეთქვა მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, თუმცა ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემებით აღნიშნული შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე არ არის განთავსებული. ამასთან, მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ე. დ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (ს.ფ. 37-41, 19).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მონაცემებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა 2007 წლამდე არ არის განთავსებული, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ე. დ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი 2000 წლიდან ცხოვრობს ბათუმში, ...ის ქ. №141-ში, ბინა №3-ში და ამავე პერიოდიდან სარგებლობს საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებული 120 კვ.მ მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ხის სახლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.).

პირველ რიგში საკასაციო სასამართლო, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც უკავშირდება მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი“ (იხ. სუს-ის 13.12.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-698-698(კ-18)).

საკასაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და ამასთან განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ორთოფოტო არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს კონკრეტულ პერიოდში შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთზე განთავსებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ორთოფოტოს შესწავლისა და გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლო, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ორთოფოტო ცალსახად ვერ ადასტურებს ან უარყოფს შენობის არსებობა/არარსებობის ფაქტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა 2007 წლამდე არ არის განთავსებული არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სადავო გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულ შედეგამდე მივიდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.), არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე