Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1291(კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჩ-ე (დ.ქ-ას უფლებამონაცვლე)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელე დ.ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 აგვისტოს N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ...ის ქ. N37-ის მიმდებარედ უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის (მოთხოვნის დათმობა) საფუძველზე, დ.ქ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჩ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 აგვისტოს N..., 2019 წლის 27 სექტემბრის N..., 2019 წლის 30 სექტემბრის N... და 2019 წლის 25 ნოემბრის N... გადაწყვეტილებები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ, უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ...ის ქ. N37-ის მიმდებარედ, 70 კვ.მ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა დაუკავშირა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის მოცულობას. მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არსებობს სადავო უძრავი ქონების 70 კვ.მ ფართის ნაწილში. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დავას იწვევს კოოპერატივი ,,...ის“ სამართლებრივი ფორმა, წევრთა ოდენობა და ასევე თუ რამდენად არის კოოპერატივი ...ის უფლებამონაცვლე დ.ქ-ა და შესაბამისად ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს უფლების დამდენი ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი საკუთრების უფლებას მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე. პალატამ ასევე იმსჯელა თუ რა სამართლებრივი ფორმით შეიძლება ეარსება კოოპერატივ ,,...ას“ და ჰყავდა თუ არა მას წევრები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 1991 წელს ამოქმედებული "სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონის პირველი, მე-2, მე-11 მუხლები და განმარტა, რომ კოოპერატივ ,,...ის’’ სამართლებრივი ფორმის დასადგენად საკითხი უნდა შეფასდეს და განხილული უნდა იქნეს უფრო ფართო ჭრილში, რაც არ გულისხმობს აღნიშნულის გადაწყვეტას ზოგადად სამეწარმეო სამართალში დღეს არსებული ტერმინის (ცნების) კოოპერატივის განმარტების შესაბამისად. აღნიშნა, რომ კოოპერატივის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა გაითვალისწინა "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონმა (28.10.1994წ. რედ). მიუხედავად იმისა ,,...’’ რეგისტრაციაში გატარდა ტერმინი ,,კოოპერატივის“ ფორმით, პალატის მსჯელობით, აღნიშნული ვერ გახდება მისი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის განსაზღვრის უპირობო საფუძველი. პალატის მსჯელობით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კოოპერატივ ,,...ის’’ დამფუძნებელი და წევრი იყო მხოლოდ დ.ქ-ა, ასევე იმის გათვალისწინებით რომ კოოპერატივ ,,...ის’’ საქმიანობის მიზანი იყო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ კი ...ის მოწყობა, ,,...’’ შესაბამისობაში იყო ,,ერთი პირის საწარმოს’’ ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმასთან. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის სამართლებრივი შედეგები, რომლის შესაბამისადაც, მოქმედებდა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები, კერძოდ კი, ,,თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე".

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატივი ,,...’’ იყო ერთი პირის მიერ დაფუძნებული და ერთი წევრით არსებული სამეწარმეო სუბიექტი და შესაბამისად დ.ქ-ას სახელზე ქონების გადაცემის მართლზომიერების შეფასებისათვის მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული საკითხის გარკვევა თუ რა ქონება გააჩნდა. ყურადღება გამახვილდა ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 3 ნოემბრის N625 ბრძანებაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ.თბილისში, ...ის ქ.N37 მიმდებარედ არსებული 105 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო, ხოლო 121.88 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე შენობა - ნაგებობის მოსარგებლედ - კოოპერატივი ,,...“. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატივ ,,...ას“ გააჩნდა გარკვეული ფართის უძრავი ქონება. მიუთითა უძრავი ქონების გადაცემის შესახებ 2019 წლის 15 მაისის შეთანხმებაზე, რომლითაც კოოპერატივი ,,...“ გადასცემს დ.ქ-ას თავის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე - ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ ლიტერ ,,ა“ სართული 1, ფართობი: საერთო 121.88 კვ.მ. საცხოვრებელი სარდაფი - 56.00 კვ.მ., სხვენი/მანსარდა - დამხმარე 65.88 კვ.მ და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა ყველა ის ძირითადი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა მის მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტი, 21-ე, 25-ე, 27-ე მუხლები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, დ.ქ-ას მიერ წარდგენილი განცხადება (რომლითაც იგი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას), მასზე თანდართული დოკუმენტები წარდგენილი იყო თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად არსებობდა იმის საჭიროება, რომ განცხადებას თან დართვოდა უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად სხვა რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ მსჯელობას, რომ საქმის განმხილველი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა 254 კვ.მ ფართის ფარგლებში, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2019 წლის 21 თებერვლის და 06 მარტის განცხადებებზე, რომლითაც მოთხოვნა დაკორექტირდა 105 კვ.მ ფართის ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ 18 მარტის განცხადებით წარდგენილი იქნა კორექტირებული აგეგმვით - აზომვითი ნახაზი 105 კვ.მ და 85 კვ.მ ფართზე და საბოლოოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება კორექტირებული აგეგმვითი/აზომვით ნახაზი 70 კვ.მ ფართზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დ.ქ-ას ინტერესის საგანს წარმოადგენდა ბოლო განცხადებაში დაფიქსირებული ფართის - 70 კვ.მ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება, გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დაფიქსირებული ის მოსაზრება რომ მოსარჩელის (უფლებამონაცვლე მ.ჩ-ის) ინტერესს წარმოადგენდა სწორედ 70 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის მოცულობის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა შემდეგი: კოოპერატივი „...ის“ ბაზაზე შეიქმნა ამხანაგობა „...“, რომლის წევრებად განისაზღვრნენ დ.ქ-ა და ზ.ჯ-ე, ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა დ.ქ-ა. საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოხსენებულ კრების ოქმში აღნიშნულია, რომ დ.ქ-ას თავმჯდომარეობით კრებამ მოისმინა განსახილველი საკითხი, რა დროსაც თავად დ.ქ-ამ დაადასტურა, რომ კოოპერატივს ჰყავდა წევრები, რომელთა შორისაც არის ზ.ჯ-ე. კასატორის მსჯელობით, დ.ქ-ამ განაცხადა რომ საჭიროა მოხდეს კოოპერატივის წევრების მიერ არასამეწარმეო ამხანაგობის შექმნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. ამასთან, აზრი გამოთქვა ზ.ჯ-ემ, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა მოხდეს კოოპერატივის წევრების მიერ არასამეწარმეო ამხანაგობის შექმნა, რათა შემდეგ უძრავი ქონება დარეგისტრირდეს ამხანაგობის სახელზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულება დაცულია N... სარეგისტრაციო განცხადებაზე და ერთვის საქმეს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მტკიცება მასზე, რომ კოოპერატივს არ ჰყავდა წევრები და მისი ერთადერთი დამფუძნებელი და წევრი იყო დ.ქ-ა, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მსჯელობით არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არც მეწარმე სუბიექტთა სამართლებრივი განსაზღვრებიდან.

კასატორის მსჯელობით, ვინაიდან კოოპერატივის სამართლებრივი ფორმა როგორც ახლა, ისე მანამდე არსებული რედაქციით განისაზღვრებოდა როგორც წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა ეკონომიკური თუ სოციალური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამეწარმეო საზოგადოება, სწორედ ამიტომ "...ის" სამართლებრივ დოკუმენტაციაში იგი მითითებულია როგორც შრომითი (ანუ წევრობაზე დაფუძნებული) კოოპერატივი. წარმომადგენლის განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს ცალსახა საკითხების ირგვლივ არ შეექმნა სამართლებრივი ბუნდოვანება. მიიჩნევს, რომ სასამართლო არ უნდა დაჰყრდნობოდა მხარის ახსნა - განმარტებას იმ პირობებში, სადაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი. განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც მოთხოვნილი იყო ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადგინდებოდა კოოპერატივ "...ის" უფლებამონაცვლეობა ან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დ.ქ-ას საკუთრების უფლება იყო კანონიერი, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული და წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში კოოპერატივ „...ის“ სარგებლობის უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის დ.ქ-ას ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი გახდებოდა.

კასატორმა საგულისხმოდ მიიჩნია, რომ ერთი პირის საწარმო ვერ იქნებოდა წარმოდგენილი თავმჯდომარით და ამავდროულად ვერც შრომითი კოოპერატივის შექმნის მიზნებს მოემსახურებოდა. განმარტავს, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება, რაც სააგენტოს საკასაციო საჩივრის საფუძველი გახდა. საყურადღებოდ მიიჩნევს უძრავი ქონების გადაცემის შესახებ შეთანხმებას (15.05.2019 წელი), რომლითაც კოოპერატივმა „...მა“ დ.ქ-ას გადასცა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ ლიტერ „ა“ სართული 1, ფართობი - საერთო 121,88 კვ.მ. საცხოვრებელი სარდაფი - 56.00 კვ.მ., სხვენი/მანსარდი - დამხმარე - 65.88 კვ.მ. მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონით დადგენილ პირობებს; აღნიშნულის საფუძველზე ვერ მოხდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. კასატორის განმარტებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონულ მონაცემებზე დაყრდნობით, სუბიექტი სახელწოდებით კოოპერატივი „...“ რეგისტრირებული არ არის; კოოპერატივი „...“ არ არის მოქმედი სამეწარმეო სუბიექტი, ვინაიდან მას არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, შესაბამისად მის მიერ გამოხატული ნება ან მის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტი ვერ მიიჩნევა იმგვარ სამართლებრივ აქტად, რომელიც უშუალოდ წარმოშობს "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს.

წარმომადგენლის მსჯელობით, სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში (N..., N...), სხვადასხვა დროს მხარეს წარდგენილი ჰქონდა სხვადასხვა ფართობისა და კონფიგურაციის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები. კასატორმა ქრონოლოგიურად მიუთითა თითოეული და ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 26 მარტს (80 კვ.მ) და 1 აპრილს (70 კვ.მ) დ.ქ-ას წარმომადგენლის მ.ჩ-ის მიერ წარდგენილ კორექტირებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე (80 კვ.მ და 70 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, ელ. ვერსიებთან). მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის საბოლოო ნება გამოვლინდა 70 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლოს შედეგის გათვალისწინებით, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოცემულ ქონებაზე არსებობდეს მოთხოვნის უფლების მქონე პირთა სამართლებრივად დაცული ინტერესი (მათ შორის, კოოპერატივის თავმჯდომარის - დ.ქ-ას სახით), თუმცა ამგვარი სამართალწარმოებისა და სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება მიუღწეველია ფაქტობრივ - სამართლებრივი ხარვეზიანობის გამო. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისის ...ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაში გატარდა შრომითი კოოპერატივი შპს ,,...ის“ წესდება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ს/გ ,,...ის“ ბაზაზე, კოოპერატივი უნდა განთავსდეს ...ის ქ.N37-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტი შეთანხმებული უნდა იქნეს ქალაქის მთავარ არქიტექტურულ - დაგეგმარებით სამმართველოსთან (თავმჯდომარე დ.ქ-ა).

ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 3 ნოემბრის N625 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის რაიონში ...ის ქ.N37-ში მდებარე ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/გ ,,...ის“ ბაზაზე შექმნილი შრომით კოოპერატივ ,,...ისათვის“ ...ის მშენებლობის წარმოდგენილი პროექტი. სამუშაო ფართი - 73.00 მ2, ...ის დაშენების ფართი - 63.00 მ2 საერთო მოცულობა 380.00 მ3.

1997 წლის 4 აგვისტოს შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ ...ის ქ.N37-ში მდებარე ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/გ ...ის ბაზაზე შექმნილი შრომითი კოოპერატივი ,,...ის“ ერთსართულიანი ...ის შენობა ორ დონედ მოწყობილი, ჩაითვალოს ექსპლუატაციაში მიღებულად - შეფასებით საშუალო.

ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 ივნისის N... გადაწყვეტილებით, დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო არქიტექტორულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 04.08.1997 წლის აქტი, ...ის ქ.N37-ში მდებარე დ.გ.ქ-ას ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე კოოპერატივ ,,...ის“ ერთსართულიანი (ორ დონეზე) ...ის შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 73,0 კვ.მ სამუშაო ფართობით და ეთხოვა თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციას ... ...ზე არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია გადაიგზავნოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ობიექტის აღრიცხვაზე ასაყვანად.

2009 წლის 07 მაისის კოოპერატივი ,,...ის“ კრების ოქმის თანახმად, კოოპერატივი ,,...ის“ ბაზაზე შეიქმნა ამხანაგობა ,,...“, რომლის წევრებად განისაზღვრნენ დ.ქ-ა და ზ.ჯ-ე, ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა დ.ქ-ა. 2019 წლის 15 მაისის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ შეთანხმებით კოოპერატივი ,,...“ გადასცემს დ.ქ-ას თავის კუთვნილ შემდეგ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ ლიტერ ,,ა“ სართული 1, ფართობი: საერთო 121,88 კვ.მ; საცხოვრებელი სარდაფი - 56.00 კვ.მ; სხვენი/მანსარდა - დამხმარე - 65.88 კვ.მ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების თანახმად, ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ არსებული 105 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო, ხოლო 121.88 კვ.მ საერთო ფართობის მქონე შენობა - ნაგებობის მოსარგებლედ - კოოპერატივი ,,...“. უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 აგვისტოს N... გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს დ.ქ-ამ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ არსებულ 254 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა. 2019 წლის 28 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა N9976/17 (28.01.2019) სამსახურებრივ ბარათზე პასუხის მიღების შემდეგ, ხოლო აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის პასუხად, 2019 წლის 29 იანვარს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის საინფორმაციო სამსახურის მიერ ეცნობა, რომ N... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მითითებული უძრავი ნივთი, 2019 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ზედდებაში იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემთან, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული.

დადგენილია, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, N... (04.02.2019) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთის განკარგვასთან (პრივატიზაციასთან) დაკავშირებით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ხსენებული ორგანოდან წერილის მიღებამდე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... (04.02.2019) წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ეცნობა, რომ ხსენებული უძრავი ნივთის პრივატიზების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამავე კორესპონდენციის დანართით მიწოდებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით, სააგენტოს არქივში ვერ იქნა მოძიებული. ამასთან, გადაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, დაინტერესებულ პირს დ.ქ-ას, როგორც კოოპერატივ ,,...ის“ ყოფილ თავმჯდომარეს, იმ საფუძვლით, რომ თავად კოოპერატივი ... აღარ არსებობს, 2012, 2013 და 2016 წლებში მიმართული ჰქონდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ერთპიროვნულად მოპოვების მოთხოვნით. 2019 წლის 18 თებერვალს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტის საფუძველზე, ქ.თბილისში ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ აღრიცხული იყო კოოპერატივი ,,...“ 105 კვ.მ მიწის ფართობზე, ამდენად დამატებით წარსადგენი იყო აღნიშნული ფართობის შესაბამისი კორექტირებული საკადასტრო - აზომვითი ნახაზი. გარდა ამისა, მხარეს ეცნობა, რომ სააგენტომ N... (18.02.2019) წერილით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია პარტნიორობის შესახებ. განემარტა, რომ აღნიშნულის შესახებ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა თავად მხარესაც შეეძლო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... (18.02.2019) წერილის პასუხად, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან 2019 წლის 5 მარტს გადაეგზავნა დოკუმენტაცია, კერძოდ, ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 3 ნოემბრის N625 ბრძანება, შრომითი კოოპერატივ ...ის ...ის საპროექტო მასალები, ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 3 აგვისტოს N... გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 აგვისტოს N... გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა კოოპერატივი ,,...ის“ 2009 წლის 7 მაისის კრების ოქმი და კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზი 105 კვ.მ. მიწის ფართობზე. 2019 წლის 27 თებერვალს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტოს წერილით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია ...ის შრომითი კოოპერატივი ,,...ის“ დამფუძნებელი პარტნიორების შესახებ. ასევე ეცნობა, რომ ახალი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო ... საკადასტრო კოდით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. 2019 წლის 6 და 18 მარტს დ.ქ-ას წარმომადგენელმა სააგენტოში წარადგინა 2007 წლის 27 დეკემბრის ცნობა - დახასიათება და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები (105 კვ.მ. და 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე) ელ. ვერსიებთან ერთად, რის საფუძველზეც რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილებები და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის (მესაკუთრე ქ.პ-ი) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. განემარტა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით განსაზღვრული სანოტარო მედიაციის წესი და პირობები.

დადგენილია, რომ დ.ქ-ას წარმომადგენელმა სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები (80 კვ.მ. და 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე) ელ. ვერსიებთან ერთად. 2019 წლის 5 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია კოოპერატივ ‘’...ის’’ წევრების დადგენის მიზნით. დ.ქ-ას წარმომადგენელმა 2019 წლის 08 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც სააგენტოს აცნობა, რომ კოოპერატივი ,,...“ რეგისტრაციაში გატარდა 1988 წლის 3 აგვისტოს N... გადაწყვეტილების საფუძველზე და მას წესდება არასდროს ჰქონია. კოოპერატივი წარმოადგენდა ინდივიდუალურ შრომით კოოპერატივს, რომელსაც არ ჰყოლია წევრები, ჰყავდა მხოლოდ თავმჯდომარე. 2019 წლის 18 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მათ მიერ მითითებულ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ საჯარო რეესტრის ტექინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია კოოპერატივი "...", 105 კვ.მ მიწის ფართობზე შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტის საფუძველზე. განემარტა, რომ წევრთა დადგენის შემთხვევაში უნდა წარადგინოს ყველა წევრის ან მათი უფლებამონაცვლე პირების ურთიერთშეთანხმების სათანადო წესით გამოვლენილი ნება რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, უნდა წარადგინოს შრომითი კოოპერატივი "...ის" დამფუძნებელი პარტნიორების შესახებ დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის N... - გადაწყვეტილებით, 2019 წლის 18 აპრილის N... გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძვლით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

დადგენილია, რომ დ.ქ-ას მიერ, 2019 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 აპრილის N... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 2019 წლის 17 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ 2019 წლის 18 აპრილის N... და 2019 წლის 21 მაისის N... გადაწყვეტილებები. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს სცდება გაუქმებული საწარმოს (ამ შემთხვევაში კოოპერატივ ,,...ის“) უფლებამონაცვლის განსაზღვრა, თუნდაც კოოპერატივის ყოფილი წევრების/მათი უფლებამონაცვლეებისა და დამფუძნებელი პარტნიორების დადგენის გზით. ამასთან, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი/დაცული არ არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში კოოპერატივ ,,...ის“ სარგებლობის უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მისი ყოფილი თავმჯდომარის დ.ქ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციას, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს უნდა მიეღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაევალებოდა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა, რომლითაც დადგენილი იქნებოდა კოოპერატივ ,,...ის“ უფლებამონაცვლეობა ან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის დ.ქ-ას საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ივლისს დ.ქ-ას წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის N... - გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის 15 მაისს კოოპერატივ ,,...ის“ თავმჯდომარეს დ.ქ-ასა და დ.ქ-ას შორის გაფორმებული შეთანხმება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, კოოპერატივმა ,,...მა“ დ.ქ-ას გადასცა ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ ლიტერ ,,ა“ სართული 1, ფართობი საერთო - 121.88 კვ.მ; საცხოვრებელი სარდაფი - 56.00 კვ.მ. სხვენი/მანსარდა - დამხმარე 65,88 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N..., N... - და N... გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სააგენტოს უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს სცდება გაუქმებული საწარმოს უფლებამონაცვლეობის განსაზღვრა, თუნდაც კოოპერატივის ყოფილი წევრების/მათი უფლებამონაცვლეების და დამფუძნებელი პარტნიორების დადგენის მიზნით. ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი/დაცული არ არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში კოოპერატივ ,,...ის“ სარგებლობის უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მისი ყოფილი თავმჯდომარის დ.ქ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციას, 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგენილი იქნებოდა კოოპერატივი ,,...ის“ უფლებამონაცვლეობა ან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის დ.ქ-ას საკუთრების უფლება. დ.ქ-ას წარმომადგენელმა 2019 წლის 12 ივლისსა და 30 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადებები და 2019 წლის 15 მაისს კოოპერატივ ,,...ის“ თავმჯდომარესა და დ.ქ-ას შორის გაფორმებული შეთანხმება უძრავ ქონების გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, კოოპერატივმა ,,...მა“ დ.ქ-ას გადასცა ქ.თბილისში, ...ის ქ. N37-ის მიმდებარედ ლიტერ ,,ა“ სართული 1, ფართობი საერთო 121.88 კვ.მ. საცხოვრებელი სარდაფი - 56.00 კვ.მ., სხვენი/მანსარდა - დამხმარე 65.88 კვ.მ.

დადგენილია, რომ 2019 წლის 01 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით. 2019 წლის 12 აგვისტოს დ.ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2019 წლის 01 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უძრავი ქონების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, დ.ქ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2019 წლის 15 მაისს დ.ქ-ამ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ.თბილისში, ... ის ქ.N37-ის მიმდებარედ არსებულ 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთოდა დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი და 2019 წლის 15 მაისის კოოპერატივ ,,...ის“ შეთანხმება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ. 2019 წლის 28 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო N... სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შესახებ N... გადაწყვეტილება. ამასთან, N... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებულ პირს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. დ.ქ-ას მიერ 2019 წლის 13 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის N... გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

დადგენილია, რომ 2019 წლის 15 ივლისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის N... გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა N... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.7. პუნქტის გათვალისწინებით).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მიიღება მოხდებოდა N... სარეგისტრაციო განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 2019 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. დ.ქ-ას მიერ, 2019 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 აგვისტოს N... გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. 2019 წლის 27 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 აგვისტოს N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა N... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით მხარეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო N... სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შესახებ N... გადაწყვეტილება. ამასთან, N... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებულ პირს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

2019 წლის 25 ოქტომბერს დ.ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. 2019 წლის 25 ნოემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებით, დ.ქ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: უპირველესად საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ...ის ქ. N37-ის მიმდებარედ, 70 კვ.მ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე.

განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მხარეს უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მის საკუთრების უფლებას მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე.

დადგენილია, რომ ქ.თბილისის ...ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაში გატარდა შრომითი კოოპერატივი ,,...ის“ წესდება. ამავე გადაწყვეტილებით ს/გ ,,...ის“ ბაზაზე, კოოპერატივი უნდა განთავსებულიყო ...ის ქ.N37-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ქალაქის მთავარ არქიტექტურულ - დაგეგმარებით სამმართველოსთან, თავმჯდომარე დ.ქ-ა; ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 3 ნოემბრის N625 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის რაიონში ...ის ქ.N37-ში მდებარე ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს/გ ,,...ის“ ბაზაზე შექმნილი შრომით კოოპერატივ ,,...ისათვის“ ...ის მშენებლობის წარმოდგენილი პროექტი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კოოპერატივ ,,...ის" 2009 წლის 7 მაისის კრების ოქმს, სადაც დღის წესრიგად განისაზღვრა კოოპერატივი ,,...ის'' ბაზაზე არასამეწარმეო ამხანაგობის შექმნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. კრებას ესწრებოდნენ დ.ქ-ა (თავმჯდომარე) და ზ.ჯ-ე. მიეთითა, რომ მოისმინეს კრების თავმჯდომარის დ.ქ-ას ინფორმაცია კოოპერატივის სტატუსის და მისი კუთვნილი ურავი ქონების შესახებ რომელმაც განაცხადა, რომ კოოპერატივი ,,...’’ შეიქმნა 1988 წლის 03 აგვისტოს და რომ მისი წევრები იყვნენ დ.ქ-ა და ზ.ჯ-ე. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით გამოკითხულმა ზ.ჯ-ემ განმარტა, რომ იგი არასდროს ყოფილა კოოპერატივ ,,...ის'' წევრი, რომ დ.ქ-ამ 2009 წელს სთხოვა დახმარება ამხანაგობა ,,...’’-ის შესაქმნელად, რაზედაც დასთანხმდა და ფორმალურად მიიღო ამ კრების ოქმში მონაწილეობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა იმ საფუძვლებისგან, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სს რესპუბლიკის კანონმდებლობით, აგრეთვე მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მოქმედებისაგან, რომელნიც თუმცა არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგადი საწყისებისა და აზრის გამო სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს.

კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების და თითოეული მტკიცებულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დ.ქ-ას სახელზე ქონების გადაცემის მართლზომიერების შეფასების ნაწილში. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1988 წლის 3 ნოემბრის N625 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, ...ის რაიონში ...ის ქ.N37-ში მდებარე ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/გ ,,...ის“ ბაზაზე შექმნილი შრომით კოოპერატივ ,,...ისათვის“ ...ის მშენებლობის წარმოდგენილი პროექტი. სამუშაო ფართი - 73.00 მ2, ...ის დაშენების ფართი - 63.00 მ2 საერთო მოცულობა 380.00 მ3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ...ის ქ.N37 მიმდებარედ არსებული 105 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო, ხოლო 121.88 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე შენობა - ნაგებობის მოსარგებლედ - კოოპერატივი ,,...“. უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 აგვისტოს N... გადაწყვეტილება ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. თავის მხრივ 1997 წლის 4 აგვისტოს შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ ...ის ქ.N37-ში მდებარე ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/გ ...ის ბაზაზე შექმნილი შრომითი კოოპერატივი ,,...ის“ ერთსართულიანი ...ის შენობა ორ დონედ მოწყობილი, ჩაითვალოს ექსპლუატაციაში მიღებულად - შეფასებით საშუალო. დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ...ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 ივნისის N... გადაწყვეტილებით დამტკიცდა თბილისის სახელმწიფო არქიტექტორულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 04.08.1997 წლის აქტი, ...ის ქ.N37-ში მდებარე დ.გ.ქ-ას ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე კოოპერატივ ,,...ის“ ერთსართულიანი (ორ დონეზე) ...ის შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 73,0 კვ.მ. სამუშაო ფართობით და ეთხოვა თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციას ... ...ზე არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია გადაიგზავნოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ობიექტის აღრიცხვაზე ასაყვანად.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კოოპერატივ ,,...ას“ გააჩნდა უძრავი ქონება. ყურადსაღებია 2019 წლის 15 მაისის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ შეთანხმება, რომლითაც დადგინდა, რომ კოოპერატივი ,,...“ გადასცემს დ.ქ-ას თავის კუთვნილ შემდეგ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ...ის ქ.N37-ის მიმდებარედ ლიტერ ,,ა“ სართული 1, ფართობი: საერთო 121.88 კვ.მ. საცხოვრებელი სარდაფი - 56.00 კვ.მ., სხვენი/მანსარდა - დამხმარე - 65.88 კვ.მ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა ყველა ძირითადი მტკიცებულება, მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლის დასადასტურებლად.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ - დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობას, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა დ.ქ-ას მიერ წარდგენილი განცხადება (რომლითაც იგი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას) და მასზე თანდართული დოკუმენტები იყო თუ არა წარდგენილი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით; კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად არსებობდა იმის საჭიროება, განცხადებას თან დართვოდა უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად სხვა რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი. პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ, საკასაციო საჩივარში განვითარებულ იმ მსჯელობაზე, რომ შესაძლოა მოცემულ ქონებაზე არსებობდეს მოთხოვნის უფლების მქონე პირთა სამართლებრივად დაცული ინტერესი (მათ შორის, კოოპერატივის თავმჯდომარის - დ.ქ-ას სახით), თუმცა ამგვარი სამართალწარმოებისა და სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება მიუღწეველია ფაქტობრივ - სამართლებრივი ხარვეზიანობის გამო. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგისტრაციამოთხოვნილი უძრავი ქონება სადავოდ არ არის ქცეული სხვა პირის მიერ და შესაბამისად, არ იზღუდება სხვა პირის სამართლებრივი მდგომარეობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრება არის ყოვლისმომცველი სანივთო უფლება საგანზე. საკუთრების სამოქალაქო - სამართლებრივი გაგება ვრცელდება ცალკეულ ფიზიკურ, მოძრავ ან უძრავ ნივთებზე, ხოლო საკუთრების საჯარო - სამართლებრივი ცნება და მისი ძირითადი უფლებრივი გარანტი მოიცავს აგრეთვე მოთხოვნებსა და უფლებებს, აგრეთვე, ქონებრივ, საჯაროსამართლებრივ პოზიციებს, რომელთა განსაზღვრული პირობებით შეზღუდვაც შესაძლებელია. საკუთრების სამოქალაქოსამართლებრივი ნება, როგორც წესი, წარმოადგენს შეუზღუდავ ბატონობას ნივთზე და უფლებას აძლევს მესაკუთრეს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, მაგრამ საკუთრება არ მოიცავს უსაზღვრო ბატონობას ნივთზე. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ მსჯელობას რეგისტრაციამოთხოვნილი უძრავი ნივთის ფართის ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დ.ქ-ას საბოლოო მოთხოვნას და იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა 70 კვ.მ ფართის უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაცია. დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას დაერთო კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი სწორედ 70 კვ.მ ფართზე და შესაბამისად აღნიშნულ ფარგლებში იქნა საკითხი განხილული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მხარემ დაადასტურა მითითებული გარემოება და სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სწორედ რომ რეგისტრაციამოთხოვნილი უძრავი ნივთის (254 კვ.მ) ფართის ნაწილში შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 70 კვ.მ ფართის ნაწილში. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ არ გასაჩივრებულა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 24 ნოემბერს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 24 ნოემბერს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე