№ბს-1289(კს-23) 21 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ...ი“
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, შპს „...ი“
გასაჩივრებული დადგენილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ...მა“ 2018 წლის 29 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „...ის“ წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 დეკემბრის №95/14 გადაწყვეტილების; 2. შპს „...ის“ 2017 წლის 14 აგვისტოს №011408 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის; 3. შპს „...ის“ 2017 წლის 14 აგვისტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ას№002291 ოქმის და 4. შპს „...ის“ 9.10.2017წ. №2122 დადგენილების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „კ...ის“ სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და განაწილდა რიგითობის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით შპს „კ...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 დეკემბრის №95/14 გადაწყვეტილება, შპს „...ის“ 2017 წლის 14 აგვისტოს №011408 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი, 2017 წლის 14 აგვისტოს ას№002291 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება.
აღნიშნული დადგენილება შპს „კ...მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით შპს „კ...ის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს (2019 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით) მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება, გასაჩივრდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ - ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ - ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი, შეიძლება შეტანილ იქნას რაიონის (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს დანაწესს ადგენდა ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.12.2017წ. N95/14 გადაწყვეტილება წარმოადგენდა შპს "...ის" გასაჩივრებული აქტების კანონიერების შეფასების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „კ...ის“ საჩივარი განუხილველი უნდა დარჩენილიყო.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება შპს „კ...მა“ საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება რეალურად ჩაბარდათ 2023 წლის ივლისში. შპს „კ...ი“ აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში არაა ასახული სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ კომპანიის თანამშრომელს - მ. ჭ-ს არ ეკუთვნოდა სამართალდარღვევის ოქმზე არსებული ხელმოწერა. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, რადგან დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაზე. ამდენად, შპს "კ...მა" მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება და საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან, იმავე სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს "კ...ის" საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ შპს „კ...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს, შპს „კ...ის" მიმართ შედგა N011408 აღურიცხავი წყლის მოხმარების შესახებ აქტი, რომლის თანახმად, იგი ... №1-ში მდებარე ობიექტში წყალს უმრიცხველოდ მოიხმარდა და აბონენტის მიერ უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულებამ შეადგინა 648,73 ლარი.
შპს „კ...ის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის საფუძველზე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტზე 2017 წლის 14 აგვისტოს შედგა ას №002291 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს „...ის“ 2017 წლის 9 ოქტომბრის №2122 დადგენილებით შპს „კ...ი“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელად განესაზღვრა გაფრთხილება.
2017 წლის 20 ოქტომბერს შპს „კ...ის“ წარმომადგენელმა №13798/01 საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და შპს „...ის“ 2017 წლის 14 აგვისტოს №011408 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით დარიცხული თანხისა და „ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ 2017 წლის 9 ოქტომბრის №21122 დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 დეკემბრის №95/14 გადაწყვეტილებით, შპს „კ...ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს "...ის“ 2017 წლის 9 ოქტომბრის №2122 დადგენილება; შპს „კ...ზე“ 2017 წლის 14 აგვისტოს №011408 „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით 648,73 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამავე კოდექსის 435-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი საქმეები. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული აქტის თუ შესაბამისი ოქმის საფუძველზე არსებული სამართალდარღვევების მომწესრიგებელ საპროცესო დოკუმენტად ცალსახად მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (13.02.2019წ. მდგომარეობით) 271.2 მუხლი ადგენდა, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 272.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროული დადების შესახებ მომჩივნის სურვილებით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის (№2/7/779) გადაწყვეტილებით (საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) 2019 წლის 31 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირველი და მეორე წინადადებების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“, ასევე ამავე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების სიტყვები: “რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“.
კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი" (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი)).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის №2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებული პრაქტიკა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები ცხადყოფს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში. კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა.შესაბამისად, იზღუდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი - ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, უდავოა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის სადავო სიტყვები, რომლებიც პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აცხადებს საბოლოოდ, იმავდროულად, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის (№2/7/779) გადაწყვეტილება (საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)).
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებით და გასაჩივრების უფლებით“ (საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/2/558, 27.02, 2014).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 22.05.2020წ. კანონით ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დადგენილება ძირითადი ადმინისტრაციული სახდელისა და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ - მომჩივნის სურვილით, ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ან დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრებისთვის დადგენილი წესით. ამავე კანონით 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ "როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებით და გასაჩივრების უფლებით" (საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/2/558, 27.02.2014).
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლში 16.10.2019წ. კანონით განხორციელდა ცვლილება, კერძოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.ზემოაღნიშნული ნორმის წინარე რედაქციით დადგენილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაკავშირებული იყო დადგენილების გამოტანასთან. მითითებულ საკანონმდებლო ცვლილებას საფუძვლად დაედო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის N1/3/1263 გადაწყვეტილება "ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". ზემოთმითითებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული წესით, დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრების ვადის ათვლით, იზღუდებოდა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი - ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ შპს „კ...ს“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამო ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება.
"ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-3 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად კი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 12.08.2010წ. N14 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
სადავო არ არის, რომ შპს „კ...ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და შპს „...ის“ 14.08.2017წ. №011408 „აღურიცხავი წყლის მოხმარების" აქტით დარიცხული თანხისა და „ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ“ 9.10.2017წ. №2122 დადგენილების გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.12.2017წ. წლის №95/14 გადაწყვეტილებით შპს „კ...ის“ წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 278-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა შპს „კ...ის“ საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.2019წ. დადგენილება შპს “კ...ს” ჩაბარდა 2023 წლის 11 ივლისს, ახალი საკანონმდებლო ნორმის მოქმედების პერიოდში. შპს "კ...მა" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 25 ივლისს (საფოსტო გზავნილის თარიღია 25.07.2023).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მომენტისათვის მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ მხარეს მართებულად განუმარტა დადგენილების გასაჩივრების დაუშვებლობის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 80.1 მუხლით განსაზღვრულია საპროცესო უფლებაუნარიანობის ცნება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს. ამ უკანასკნელი დანაწესით კონსტიტუცია გამოხატავს მოქალაქის უფლებების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას და ამ გზით ხელს უწყობს მათი მხრიდან პოზიტიურ ქმედებებს. ახალი ნორმატიული მოცემულობა იკავებს ძველი მოწესრიგების ადგილს და შესაბამისად, აძლიერებს სამართალდამრღვევის უფლებების დაცვის გარანტიებს. კონსტიტუციის 31.9 მუხლში საუბარია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონის ნამდვილი უკუძალის აკრძალვის თაობაზე. არანამდვილი უკუძალა კანონთა დროში მოქმედების ბუნებრივი და აუცილებელი ფორმაა. ასეთი უკუძალა სინამდვილეში არცაა უკუძალაა და მხოლოდ იმის აღიარებაა, რომ ის ურთიერთობები, რომლებიც ადრე წარმოიშვა, მთლიანად ექცევა ახალი კანონის ზემოქმედების ქვეშ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: “პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვა გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და უკავშირდება კანონის განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამის საპირისპიროდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან პასუხისმგებლობისაგან განმათავისუფლებელი კანონის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობა არა მარტო არ ემსახურება, არამედ ლოგიკურადაც არ უკავშირდება კანონის განსაზღვრულობას და განჭვრეტადობას, რადგან ასეთი კანონის გამოუყენებლობის პირობებში, პირის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის (უფრო მძიმე კანონის) გავრცელების შემთხვევაში პირმა იცის როგორც ქმედების დანაშაულებრიობის, ისე კონკრეტული პასუხისმგებლობის ზომის შესახებ. თუმცა მიუხედავად კანონის განსაზღვრულობასთან კავშირის არარსებობისა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან პასუხისმგებლობისგან განმათავისუფლებელი კანონის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობა მაინც უკავშირდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, ვინაიდან ემსახურება, მისი (სამართლებრივი სახელმწიფოს) ორი მთავარი მიზნის რეალიზაციას: ა) პირის დაცვას მის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან (როდესაც უფლებაში ჩარევა ხდება რეალური საჭიროების, მიზნის გარეშე ან ხდება იმაზე უფრო მძიმე, ინტენსიური ჩარევა, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად) და ბ) ზოგადად სამართლის ჰუმანურობის ხელშეწყობას (საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/4/557.571.576.13.12.2014წ).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (legal certainty), ეს არ არის უბრალოდ ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ გამოიკვეთა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრული კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როდესაც მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისთვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, 33, 2000, ECHR).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება -მიმართოს სასამართლოს მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა კატეგორიას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის საპროცესო უფლებაუნარიანობის ფარგლები დაკავშირებულია კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებასთან და არაა შემოფარგლული კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში შპს „კ...თან“ დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილების მიღების შემდგომ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ იმპლემენტირებულ იქნა შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მხარეს მიენიჭა შესაბამისი სასამართლო დადგენილების გასაჩივრების უფლებამოსილება. ამასთან, სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც პირს არ გააჩნდა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, მოქმედება, რომელიც შესრულდა ძველი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩაითვლება მართლზომიერად, ხოლო ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პერიოდში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 13 თებერვალს მიღებული დადგენილებით მხარეს მართებულად განემარტა გასაჩივრების დაუშვებლობის თაობაზე, თუმცა სასამართლო აქტის მხარისთვის ჩაბარების მომენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების გზით გაიზარდა მხარის საპროცესო უფლებაუნარიანობა. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებით წყვეტს მხარეთა შორის მატერიალურ-სამართლებრივ დავას. სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებაში აისახება კონკრეტული სუბიექტების მიმართ სამართალშეფარდების პროცესი. საკითხი იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებით წარმოიშვას რაიმე უფლება ან მოვალეობა, უნდა გადაწყდეს საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შეფასების შედეგად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისთვის პირველი ინსტანციის მიერ დადგენილების გასაჩივრების დაუშვებლობაზე მითითება მბოჭავი ხასიათის ვერ იქნება, რადგან ახალმა კანონმა შემოფარგლა სასამართლო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას არსებული სამართლებრივი მოწესრიგება და ემოქმედა ამ უკანასკნელის შესაბამისად. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სადავო დადგენილება უნდა დაექვემდებაროს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს “კ...ის” 2017 წლის 14 აგვისტოს მიმართ შედგენილი ასN002291 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შპს “...ის” 9.10.2017წ. N2122 დადგენილება დაეფუძნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლს. შპს “...ის” 14.08.2017წ. N011408 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის შესაბამისად, აბონენტს უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულება განესაზღვრა “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” N32 დადგენილების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.12.2017წ. N95/14 გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებად კი მითითებულია: "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 29-ე მუხლები, ასევე კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდების და მოხმარების წესები" და კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებითი აღსრულების წესები".
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალადარღვევის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ, ზემოაღნიშნული კოდექსის 149-ე მუხლის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა) საფუძველზე შედგენილი აქტების კანონიერების საკითხზე სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ორინსტანციურია, ხოლო წყლის უკანონოდ მოხმარების გამო საფასურის დაკისრების კანონიერება სასარჩელო წარმოებით განსახილველ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რადგან დარიცხვის აქტი არ გამოიცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ან მის შესაბამისად (სუსგ 7.07.2016წ. Nბს-182-179(კს-15), 27.01.2021წ. N281(გ-20), Nბს-377(კ-22) 21.07.2022). საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების საქმისწარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი და საქმის წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო სასარჩელო წესით განსახილველ მოთხოვნებთან დაკავშირებით მხარეს უნდა მიეცეს საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებული პრეტენზიები დასაბუთებულია, შეიცავს არგუმენტაციას გასაჩივრებული დადგენილების კანონშეუსაბამობის თაობაზე. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 412-ე მუხლებით და დაადგინა:
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა