საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-295(2კ-24) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე); 2. გ. ა-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ა-მა 2022 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 40 000 ლარის (ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის) ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის - 500 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, იგი გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც მისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით მიყენებული მორალური ზიანის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება; ასევე, მოსარჩელისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ, მართალია, არსებითად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა პალატამ არაგონივრულად მიიჩნია მორალური ზიანის სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის დადგენა და ბრალდებულ გ. ა-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (1 თვე და 20 დღე (სულ 48 დღე)) გათვალისწინებით, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად 4 000 (ოთხი ათასი) ლარი განსაზღვრა. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებებზე მითითებით აღნიშნა, რომ გ. ა-ის ინტერესებს იცავდა მ. ნ-ე და ლ. ბ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოში. ხელშეკრულებებით საადვოკატო მომსახურების თანხად განისაზღვრა ჯამში 20 000 ლარი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, განხორციელებული საადვოკატო მომსახურების ინტენსივობის, საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა 20 000 ლარის ოდენობით არაგონივრულია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან მიმართებაში, მით უფრო იმ პირობებში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის მიღების შემდგომ საქართველოს პროკურატურის საჩივრები სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად, რა დროსაც მინიმალურია ადვოკატის მომსახურების ჩართულობა. შესაბამისად, პალატამ, მატერიალური ზიანის (ადვოკატების მომსახურების) თანხის ოდენობა, გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო მომსახურების გათვალისწინებით, 10 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და გ. ა-მა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული სახის ზიანი. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის სახით მოპასუხისათვის თუნდაც 10 000 ლარის დაკისრება რეალობას მოწყვეტილია. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ დაცვის მხარის მიერ ძირითადი რესურსის გაღება მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე, ხოლო აპელაციასა და უზენაეს სასამართლოებში პროკურატურის საჩივრები იხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე და შესაბამისად, გ. ა-ის მიერ მსგავსი ხარჯის გაღების აუცილებლობა არ იყო.
კასატორი გ. ა-ი, ეროვნულ და ევროპულ სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების იგნორირებით, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის შემცირების თვალსაზრისით. კასატორი ასევე არ იზიარებს მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის შემცირებას 4000 ლარამდე. ამდენად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მორალური ზიანის სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საქმეზე დადგენილია, რომ გ. ა-ი დაკავებული იქნა და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 111 და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გორის რაიონული სასამართლოს, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ გ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ბრალდებულ გ. ა-ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 3 თებერვლის 21:50 საათიდან. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის განჩინებით, ბრალდებულ გ. ა-ს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა გირაო. ბრალდებულ გ. ა-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდმა შეადგინა 1 თვე და 20 დღე (სულ 48 დღე). გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში. მას ასევე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის ზემოაღნიშნული განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა გ. ა-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ა-ისათვის წაყენებული ბრალდების, მისი პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის (გ. ა-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდმა შეადგინა 1 თვე და 20 დღე) გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მორალურის ზიანის სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის დაკისრების არაგონივრულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
საკასაციო სასამართლო, კასატორი გ. ა-ის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მითითებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და აქვს ფართო მიხედულების ფარგლები. ხოლო სხვა, ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში, ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად და იქცეს მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დასასაბუთებელ არგუმენტად.
რაც შეეხება მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ. ა-ის ინტერესებს, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ორი ადვოკატი - მ. ნ-ე და ლ. ბ-ე. საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე მოსარჩელის მიერ ადვოკატებისთვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 40 000 ლარი. საქმეში ასევე წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებდა გ. ა-ის ინტერესების დაცვას მ. ნ-ისა და ლ. ბ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოში. ხსენებული ხელშეკრულებებით საადვოკატო მომსახურების თანხად განისაზღვრა ჯამში 20 000 ლარი.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ, როდესაც გამართლებულ პირს მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, მის მიერ ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯები განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ხარჯების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო იძულებული გახდა საკუთარი უფლების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატებისთვის, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მითითებული ხარჯის გაწევის აუცილებლობა სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობამ გამოიწვია, კასატორს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დასახელებული თანხის ანაზღაურება. თუმცა, პალატა, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სადავო შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურების ინტენსივობის რომელსაც რეალურად ადგილი ჰქონდა გამოძიების და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე დავის სირთულის გათვალისწინებით, გონივრულია მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის (ადვოკატების მომსახურების) სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე