საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-110(კ-22) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ.შ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - სსიპ საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.შ-მა 2020 წლის 20 თებერვალს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში (განაცხადი N...) ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მაისის N1/7-205 ბრძანება და 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილი, ასევე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 22 მაისის N... გადაწყვეტილება.
სარჩელის მიხედვით, რ.შ-მა 2019 წლის 23 ივლისს N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით, გარდაცვლილი მამის - ვ.შ-ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მომიჯნავედ არსებულ 1900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადება მასალებთან ერთად გადაიგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. კომისიამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია და სატყეო სააგენტოსთვის სარგებლობაში გადაცემის ფაქტი. კერძოდ გაირკვა, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ფართს მოიცავდა N... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს სახელზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მაისის N1/7-205 ბრძანების შესაბამისად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რაც ამავე სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის საფუძველზე, სარგებლობაში გადაეცა სსიპ „სახელმწიფო სატყეო სააგენტოს“.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი შემოღობილია და გამიჯნულია თავისუფალი ტერიტორიებისაგან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ისე განკარგა სატყეო სააგენტოზე, რომ ადგილზე არ იქნა შესწავლილი არსებობდა თუ არა აღნიშნულ ქონებაზე სხვა პირის უფლება, რითაც მოსარჩელეს შეეზღუდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო.
მოპასუხე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მაისის N1/7-205 ბრძანებისა და 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა სამართლებრივად იყო უსაფუძვლო. მისი განმარტებით, სსიპ „ეროვნულმა სატყეო სააგენტომ“ 2019 წლის 15 მარტის N03/3985 და 25 მარტის N03/4470 წერილებით მიმართა ქონების სააგენტოს და ითხოვა მისი უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, წერილებში მითითებული მიწის ნაკვეთების კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაწოდა უძრავი ქონების ჩამონათვალი და აზომვითი ნახაზები, ხოლო თავის მხრივ ქონების ეროვნულმა სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის მოძიების მიზნით, აღნიშნული მონაცემები გადაუგზავნა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. თავდაპირველად სატყეო სააგენტოს მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზით სადავო მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ სხვა უძრავ ქონებასთან, რის გამოც აზომვითი ნახაზი დაკორექტირდა. მისი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ იყო სხვა პირის საკუთრების უფლება. შესაბამისად მოპასუხე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო კომპეტენციის ფარგლებში, საქმის სათანადო გამოკვლევის საფუძველზე.
მესამე პირის - სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სარჩელს. მისი განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ ფიქსირდებოდა კერძო პირის საკუთრების უფლება და შესაბნამისად სახეზე არ იყო რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები. სატყეო სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან, რომლითაც სარგებლობს მართლზომიერად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილი; სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების შედეგად რ.შ-ის ან სხვათა სარგებლობის უფლების არსებობის შესწავლა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღება; სასარჩელო მოთხოვნა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 21 მაისის N1/7-205 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვისას, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენდა ხელშემშლელ გარემოებას ამ უფლების რეალიზაციაში, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 21 მაისის N1/7-205 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 მაისის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის კანონიერების შეფასებისას, რაიონულმა სასამართლომ, მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ეტყობოდა ფლობის კვალი, იყო შემოღობილი და მასთან მისასვლელი გზა გადიოდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რა გარემოებებიც არ გამოკვლეულა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობის ადგილზე შესწავლით უნდა გარკვეულიყო, მიწის ნაკვეთის სადავო ფართი იყო თუ არა თვითნებურად დაკავებული მოსარჩელის მიერ და დამკავებელ პირს გააჩნდა თუ არა საკუთრების უფლების აღიარებისათვის მიმართვის უფლება, რომლის რეალიზება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად შეუძლებელი გახდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ.შ-ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ აღნიშნა, რომ რ.შ-ისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შემდეგ სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა. პალატის შეფასებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ფიზიკურ პირებს არ ზღუდავდა მიმართვის სპეციალური ვადით. კანონის შესაბამისად, ერთ-ერთი სავალდებულო პირობას წარმოადგენდა დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობა ამ კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ფლობის ფაქტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია ჰქონოდა არსებითი მნიშვნელობა. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და საქმის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობა.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ1“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე; სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილებები უნდა მიეღო იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდებოდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამავე კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინებით. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა გამოეკვლია როგორც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლებები, ისე ფაქტობრივი მდგომარეობა. რ.შ-ის განმარტებით კი, საკუთრებაში არსებული, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი იყო მისი ოჯახის მფლობელობაში, გამიჯნული იყო თავისუფალი ტერიტორიებიდან და იყო მყარად შემოღობილი, რა გარემოებებიც ხელახლა გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ სატყეო სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის მიღებისას, სააგენტომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე გაიზიარა სააპელაციო პალატამ. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა მიწის ნაკვეთების აღრიცხვა სახელმწიფო საკუთრებად, რაც დროსაც მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიკვლია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქონებაზე არ იყო რეგისტრირებული კერძო პირის საკუთრების უფლება. ამასთან, სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მის საფუძვლად არსებული სააგენტოს ბრძანება კანონიერად მიიჩნია.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სატყეო სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას მოსახლეობის ხე-ტყით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილი სატყეო სააგენტოს წერილებით დასტურდებოდა, რომ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთი ესაჭიროებოდა ზემოაღნიშნული უფლებამოსილების სრულყოფილად განსახორციელებლად და მისი ფუნქციების ჯეროვნად შესასრულებლად, რაც ემსახურება საჯარო ინტერესებს, მათ შორის, მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. კასატორის მოსაზრებით, სააგენტომ სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად გამოკვლევით და არ არსებობდა საქმის ხელახლა განხილვის დავალების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 23 მაისის 11/30646 წერილის კანონიერების დადგენა. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას მოსარჩელე რ.შ-ი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მის მიერ თვითნებურად დაკავების მიუხედავად, სააგენტომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი და ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადასცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3632 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც მოიცავს მოსარჩელის ოჯახის მიერ თვითნებურად დაკავებულ 1900 კვ.მ ფართს. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, სააგენტომ ქონების განკარგვამდე არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც შეეზღუდა გარდაცვლილი მამის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში აღიარების უფლება.
საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლების მქონე სუბიექტებს, პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე, საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
ამდენად, აღნიშნული კანონის მიღებით, სახელმწიფომ წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი... სახელმწიფოს აქვს საჯარო ინტერესი, რომ დროულად მოახდინოს იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც უკვე ათვისებულია და რომელთა ზოგადი წესით პრივატიზაცია არ დაიშვება. აღნიშნულის გარეშე გართულდება სახელმწიფო ქონების ეფექტიანი ადმინისტრაცია (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა დაინტერესებული პირის (ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე) მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონით დაწესებული შეზღუდვები, ასევე მოთხოვნის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, ასევე მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, რომლის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძვლად მიუთითებს დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის აუცილებლობაზე, ასევე, ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების ჩამონათვალს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 11 სექტემბრის N1577 განკარგულებით, რ.შ-ს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე, რომელიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის საფუძველზე სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს. აღსანიშნავია, რომ მითითებული განკარგულება მხარეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად უფლება, მისი ვიწრო გაგებით, არის ადამიანის შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ქმედება. ამ სახის უფლებას ნორმატიული, კანონწარმომშობი საწყისი გააჩნია და მისი ძირითადი განზრახულობა ამ უფლებით აღჭურვილი პირისათვის კონკრეტული სარგებლის მიღებას უკავშირდება. სარგებლის მიღება, როგორც ზოგადი მოქმედების უფლების ერთ-ერთი გამოვლინება, ზოგჯერ არ არის დამოკიდებული მხოლოდ უფლების ნორმატიულ ბუნებაზე, არამედ მოითხოვს უფლებით აღჭურვილი პირის ნებელობით მოქმედებას მისი რეალიზების თვალსაზრისით. ამდენად, არსებობს უფლება, რაც მისი ეფექტურად გამოყენებისათვის, საჭიროებს ნებაყოფლობითი და თანმიმდევრული მოქმედების განხორციელებას, კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით. გარდა ამ სახის უფლების რეალიზაციისა, კანონმდებელი ასევე ითვალისწინებს იმ სახის რეგულაციასაც, რაც უფლებრივი სიკეთის მიღების თვალსაზრისით არ არის დამოკიდებული პირის სუბიექტურ ნებაზე და იგი კონკრეტულ ურთიერთობას თავისთავად აწესრიგებს (სუსგ საქმეზე №ბს-1439(კ-22), 20.02.2024 წ.).
როგორც უკვე აღინიშნა, თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე უფლების საკუთრებად ტრანსფორმირება არ არის დამოკიდებული მარტოოდენ მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობაზე, არამედ ამისათვის აუცილებელია ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მოთხოვნის წარდგენა და ამ ფაქტის დადასტურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიწის ნაკვეთი კვლავ ფიქსირდებოდეს სახელმწიფოს საკუთრებად, ანუ განცხადების წარდგენის მომენტისთვის იგი არ უნდა იყოს სახლმწიფოს მიერ განკარგული. ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, როგორც საკუთრების შეძენის სპეციფიკური ფორმა (მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი), არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი რეალიზება სწორედაც რომ დაინტერესებული პირის ნებელობით მოქმედებაზეა დამოკიდებული. ამ უფლების სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა სამართალდარღვევას წარმოადგენს (იხ.ასკ-ის 552 მუხლი), შესაბამისად ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთის ამ სახით ფლობა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს როგორც საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიზნებისთვის. ამდენად, არამართლზომიერად დაკავებული უძრავი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევამდე (საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრაციამდე), სახელმწიფო, როგორც საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული უძრავი ქონების პრეზუმირებული მესაკუთრე, უფლებამოსილია უზრუნველყოს ამ სახის მიწის ნაკვეთის განკარგვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, თვითნებურად დაკავების საფუძვლით უფლებამოსილ ორგანოში მოთხოვნა წარადგინა სახელმწიფოს მიერ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ამ ქონების განკარგვამდე, შესაბამისად მოსარჩელემ, კანონით მინიჭებული უფლების პრაქტიკული რეალიზებისათვის, ამისათვის კანონით დადგენილი სათანადო პროცედურის განსახორციელებლად, არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება, რა გარემოებაც გახდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეს არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მითითებულ კანონში არსებული ჩანაწერი (კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე) გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. უფრო კონკრეტულად, როდესაც სახეზეა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის საჯარო რეეტრში რეგისტრაცია ან ასეთი უძრავი ქონების განკარგვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც ქონების მმართველი, ვალდებულია, ამ ქონებასთან დაკავშირებით პოტენციური დაინტერესებული პირის უფლებები გაითვალისწინოს (მაგ. ჩააბას ადმინისტრაციულ წარმოებაში და სხვა), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს უფლება რაიმე ფორმით ვლინდება (მაგ. მიწის ნაკვეთზე დგას საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა, რომლითაც სარგებლობს კონკრეტული პირი, მიწის ნაკვეთს ეტყობა იდენტიფიცირებადი მფლობელობის კვალი და სხვა). ამ გამონაკლისების გარდა, სხვა შემთხვევაში (მაგ. როდესაც არ ვლინდება მფლობელობის ფაქტი), არ არსებობს სახელმწიფოს დავალდებულების კანონისმიერი საფუძველი - საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვამდე, ეძიოს ,,სავარაუდო დაინტერესებული პირი“ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის მიზნით, რისი დაშვებაც არაგონივრულად დააბრკოლებდა სახელმწიფო რესურსის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტის დადგენის შესახებ, რადგანაც ამისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული იმ სახის წერილობითი მტკიცებულებების (მაგ.ორთოფოტო, ექსპერტის დასკვნა, ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვ.) წარმოდგენა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის განკარგვამდე, მასზე სხვა პირის მფლობელობის შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას; კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმეში ამ სახის მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მეტიც, საქმეში არსებული ორთოფოტოთი არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის რაიმე ფორმით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 10 აპრილს მომზადებული N... წერილის (ტ.1,ს.ფ.53) თანახმად, გორის რაიონის ...ის ...ის მეურნეობის 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნია საძოვრის სტატუსი, რისი შეცვლის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ (მუხლი 3.2), გამორიცხავს საძოვრის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის განკერძოების შესაძლებლობას(იხ.სუსგ საქმეზე №ბს-524 (კ-23); 20.02.2024 წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შესაძლებლად თვლის საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რის შედეგადაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.შ-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის ბათილად ცნობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
იმის გათვალისწინებით, რომ რ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწოფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩლის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 23 მაისის N11/30646 წერილის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა