Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-630(2კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე); 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ც-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 7 აპრილს თ. ც-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ამავე სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილებით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის მიმართვის საფუძველზე, აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა დ. მ-ისგან 2014 წლის 8 მაისს. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მიწის ნაკვეთის უფლებრივი ნაკლის შესახებ არანაირი ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ მოიპოვებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შედგებოდა ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელის მითითებით, იგი სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროისთვის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) წარმოადგენდა მოსარჩელის რეგისტრირებულ საკუთრებას და შეუძლებელი იყო გ. მ-ისთვის მისი ჩამორთმევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თბილისის საქალაქო სასამართლოდან გადაგზავნილი ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი გ. მ-ის და სხვათა მიმართ. განაჩენის თანახმად, გ. მ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).

საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია. ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარმოეშვა ვალდებულება აღესრულებინა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გადაგზავნილი 2020 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სწორად დაარეგისტრირა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი სახელმწიფოს სახელზე, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და იმ ფაქტის უგულებელყოფით, იყო თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ან კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს და თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სააგენტოს წარმოეშვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გადმოგზავნილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების ვალდებულება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, უძრავ ნივთზე 2014 წლიდან რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება. შესაბამისად, განაჩენის დადგომის ეტაპზე, განაჩენი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სწორად მოახდინა სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. ამასთან, სისხლის სამართლის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და მასში რაიმე მონაცემის უზუსტობის ან მისი გაუქმებისათვის დაინტერესებულ პირებს არ მიუმართავთ სასამართლოსთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისისა და 27 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელე თ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, სასამართლოს მიმართვისა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, დაარეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) - მიწის ნაკვეთი, 19.11.1997წ. №14421 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2014 წლის 9 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა დ. მ-ის სახელზე. უძრავი ნივთი 08.05.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 14 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე თ. ც-ის სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის №1/530-20 განაჩენის შესაბამისად, გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული ...; ...; ...; ...; ...; ... და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი ენიშნება მსჯავრდებულ პირს. განსახილველ შემთხვევაში კი, აღნიშნულ პირს წარმოადგენს გ. მ-ე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის №1/530-20 განაჩენით სწორედ მას ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მათ შორის, მითითებულია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ თ. ც-ი არ წარმოადგენს №1/530-20 სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სხდომის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენში არ არის მითითებული თ. ც-ი როგორც გ. მ-ესთან დაკავშირებული პირი.

საყურადღებოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გ. მ-ის სახელზე არასდროს ყოფილა რეგისტრირებული, მათ შორის, არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილების მიღების დროს. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე 2014 წლიდან 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობის ჩათვლით იყო თ. ც-ი. აღნიშნული განაჩენით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ჩამოერთვა გ. მ-ეს და არა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თ. ც-ს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ თ. ც-ს საკუთრებაში გააჩნდა მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თ. ც-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებლები არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ, ამავე დროს, მარეგისტრირებელ ორგანოს და მის თანამშრომლებს ეკისრებათ კანონისმიერი ვალდებულება და პასუხისმგებლობა მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებულია რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არ უნდა აღმოჩნდეს ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ. შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დაეყრდნოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. ამდენად, კეთილსინდისიერება არის ფაქტობრივი გარემოება, როცა მხარე ნასყიდობის საგნის ნაკლის მიმართ კეთილსინდისიერია და მას არც შეიძლება სცოდნოდა ნასყიდობის საგნის ნაკლის შესახებ. კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება - საჯარო რეესტრში გამსხვისებლის მესაკუთრედ რეგისტრაცია, ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს, საჯარო რეესტრის მონაცემებს. კანონის ეს დანაწესი განპირობებულია თვით კანონის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების მიმართ დადგენილი უტყუარობის პრეზუმფციით (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლებს, კერძოდ, კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა მოსარჩელის რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების არცერთი ზემოხსენებული საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 22.06.2023წ. №27573 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.06.2023წ. №27573 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე