Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-972(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 1 აპრილს ი. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ი. ბ-ი მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 მარტის MIA 82200529760 ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის შესაბამისად, ი. ბ-ი არამიზნობრივად მოიხმარდა მისთვის სამსახურებრივი საჭიროებისთვის გადაცემულ საწვავს.

მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობდა მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში. მისი სამსახური მდებარეობდა ...აში და არ ჰყოფნიდა საწვავის ლიმიტი, რის გამოც მოსარჩელე და მოსარჩელის მეზობელი, რომელიც ასევე ქ.თბილისში მუშაობდა, მონაცვლეობით გადაადგილდებოდნენ მათი კუთვნილი ავტომანქანებით, რადგან ეკონომიურად დაეხარჯათ საწვავი. თავის მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და მიღებული აქვს არაერთი მადლობის სიგელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 მარტის MIA 82200529760 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომლითაც მოსარჩელე ი. ბ-ი აღდგებოდა თანამდებობაზე და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გენერალური ინსპექციის დასკვნა, ასევე ის გარემოება, რომ ი. ბ-ი ზოგადად არ ხასიათდებოდა კარგი სამსახურებრივი რეპუტაციით, რაზეც მიუთითებდა 2022 წლის 19 თებერვლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მიერ შედგენილი პოლიციის კაპიტნის ი. ბ-ის დახასიათება, რომლის თანახმად, ი. ბ-ი 2018 წელს გაგზავნილ იქნა შსს აკადემიაში გამომძიებლის სავალდებულო პროფესიული კურსის გასავლელად, რომელიც ვერ გაიარა და გარიცხულ იქნა კურსიდან. 2020 წლის 29 დეკემბერს, ი. ბ-მა არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს). კერძოდ, არასამსახურებრივად მოიპოვა შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გაავრცელა ის სამოქალაქო პირზე, რითაც დაარღვია შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №709 ბრძანება. აღნიშნული ფაქტის გამო შეეფარდა დისციპლინური სახდელი - საყვედური. ამავე დახასიათებაში მითითებულია, რომ ი. ბ-ი მკაცრად იყო გაფრთხილებული სამსახურებრივი ინფორმაციისა და მატერიალური რესურსების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე. მიუხედავად ამისა, ი. ბ-მა შს სამინისტროს მიერ გაცემული საწვავის რინგი, რომელზეც ერიცხება საწვავი სამსახურებრივი საჭიროებისთვის (მხოლოდ საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე), როგორც შემდგომ გაირკვა, არაერთხელ გადასცა სამოქალაქო პირს და არასამსახურებრივი მიზნით სამოქალაქო პირის ავტომობილში ჩაასხა საწვავი.

ი. ბ-ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 მარტის MIA 9 21 00622650 ბრძანებით გამოცხადებულ ,,საყვედურს" საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის 2021 წლის 5 მარტის MIA 4 21 00536318 დასკვნა, რომლის საფუძველზეც, პოლიციის კაპიტანმა ი. ბ-მა არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის 2.14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც ი. ბ-ის მხრიდან გამოიხატა შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის არასამსახურებრივად მოპოვებაში და გავრცელებაში, რითაც დაარღვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №709 ბრძანება.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ი. ბ-მა ჩაიდინა ხელახალი გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, შს მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის №27 ბრძანების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, შვებულების პერიოდში სამსახურებრივი საწვავის გახარჯვაში და მოქალაქისათვის სამსახურებრივი საწვავის გადაცემაში, რითაც შს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის განკუთვნილი საწვავი მეზობელ დ. ც-ეს ეკონომიური მგზავრობის მიზნით გაუზიარა და ამით არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული არგუმენტი (ეკონომიური გადაადგილება მცხეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით), ასევე ვერ იქნება გაზიარებული იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ საწვავის ლიმიტის განაღდება მოხდა სხვადასხვა დროს და მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი მონაკვეთის მიღმა, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ამასთან, გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ბენზინის საწვავის ჩასხმა სისტემატურად ხორციელდება მოქალაქე დ. ც-ის საკუთრებაში არსებულ არაავტორიზებულ ,,ტოიოტას" მარკის ავტომობილში, რისი უფლებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეს არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დაცვით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გადაუჭარბებია მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებისთვის და არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ცხოვრობდა მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში. სამსახური მდებარეობდა ...აში. არ ჰყოფნიდა საწვავის ლიმიტი, რის გამოც მეზობელთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისის მიმართულებით, რათა ეკონომიურად მოეხმარათ საწვავი. კასატორის განმარტებით, მისთვის გაუგებარია რა ზიანი წარმოიშვა, როდესაც იგი პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 მარტის MIA 82200529760 ბრძანებით ი. ბ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, ქონებრივი ზიანის მიყენებისა და ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნისათვის, ასევე მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. კანონი ასევე განსაზღვრას პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). აღნიშნული პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, უნდა გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარება, რაც არის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. პასუხისმგებლობის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე - სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა გათვალისწინებულია ,,პოლიციის შესახებ" კანონის 59-ე მუხლით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. მე-2 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის ... სამმართველოს ... სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა 2021 წლის 20 აპრილს MIA 8 21 00990084 პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს. პატაკში მიუთითა, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელზე ი. ბ-ზე ამჟამად რეგისტრირებულია TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., თუმცა სამსახურებრივი საწვავის ჩიპი დამზადებულია სხვა ავტომანქანისთვის. კერძოდ, ი. ბ-ის ძმაზე ე. ბ-ზე 2020 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო TOYOTA VITZ-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით ..., რომლითაც სარგებლობდა ი. ბ-ი და შესაბამისად, საწვავის ჩიპი დამზადებული იყო ხსენებული ავტომანქანისათვის. ავტომანქანის გასხვისების შემდეგ ი. ბ-მა არ გააუქმა ჩიპი და მასზე რეგისტრირებული ავტომანქანისთვის ახალი ჩიპის დამზადება არ მოუთხოვია. ამავე ინფორმაციით, ი. ბ-ი პერიოდულად აძლევს საწვავის ჩიპს მის მეგობარს -დ. ც-ეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა 2021 წლის 24 მაისს, MIA 4 21 01292318 წერილით მიმართა შპს ,,...ს“ გენერალურ დირექტორს სამსახურებრივი შემოწმების სრულფასოვანი ჩატარების მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა მოითხოვა ,,HYUNDAI VELOSTER-ის” მარკის ავტომანქანისთვის, სახ. ნომრით ..., დამზადებული ,,...“ სისტემიდან (ჩიპი) 2021 წლის 13 აპრილს, 19:31 საათზე და 2021 წლის 23 აპრილს, 10:33 საათზე, ასევე, ,,TOYOTA VITZ-ის” მარკის ავტომანქანისთვის, სახ. ნომრით ..., დამზადებული ,,...“ სისტემიდან (ჩიპი) 2021 წლის 14 აპრილს, 11:06 საათზე და 2021 წლის 23 აპრილს, 15:05 საათზე განხორციელებული საწვავის ჩასხმის ტრანზაქციების ამსახველი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მიწოდება. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა 2022 წლის 8 თებერვალს, კვლავ მიმართა წერილით შპს ,,...ს“ გენერალურ დირექტორს და ზემოაღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების სრულფასოვანი ჩატარების მიზნით, მოითხოვა ,,TOYOTA-ს” მარკის ავტომანქანისთვის, სახ. ნომრით ..., დამზადებული ,,...“ სისტემიდან (ჩიპი) 2021 წლის 8 დეკემბრიდან 2022 წლის 8 თებერვლის ჩათვლით განხორციელებული საწვავის ჩასხმის ტრანზაქციების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მიწოდება.

2022 წლის 10 თებერვალს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, შპს ,,...ს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორმა ჩააბარა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა ჩაიბარა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის 2022 წლის 8 თებერვლის N334397 წერილით მოთხოვნილი საწვავის ჩასხმის ტრანზაქციების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ იქნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2021 წლის 24 მაისის N1292318 წერილით მოთხოვნილი საწვავის ჩასხმის ტრანზაქციების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ვერ იქნა მოწოდებული მათი არარსებობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე ი. ბ-საც სადაც მან აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის 2018 წლიდან, ყოველთვიურად ეძლევა საწვავი. ახსნა-განმარტებაში ასევე მითითებულია, რომ ი. ბ-ის ძმას - ე. ბ-ს საკუთრებაში ჰყავდა ავტომანქანა ,,ტოიოტა ვითცი”, სახ. ნომრით ..., რომლითაც მინდობილობის საფუძველზე სარგებლობდა ი. ბ-ი. აღნიშნული ავტომანქანისთვის დამზადებული იყო საწვავის ჩიპი. 2020 წლის აგვისტოში მითითებული ავტომობილი გასხვისდა და ი. ბ-მა იყიდა ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი”, სახ. ნომრით ..., თუმცა ჩიპი, რომლითაც სარგებლობდა ძველ მანქანაზე, არ გაუქმებულა და ამას იყენებდა უკვე ახალ მანქანაზე. ამავე წერილობით ახსნა-განმარტებაში ი. ბ-მა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით იგი მის მეგობარს დ. ც-ეს აძლევდა სამსახურებრივი საჭიროებისთვის განკუთვნილი საწვავის ჩიპს, რომლითაც დ. ც-ე მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებში, კერძოდ ,,ლექსუსი“, სახ. ნომრით ... და ,,ტოიოტა ფორანერი“, სახ. ნომრით ..., ასხამდა საწვავს სხვადასხვა რაოდენობით. ი. ბ-ის განმარტებით, იგი აღნიშნულ საწვავს დ. ც-ეს აძლევდა მისი პირადი მიზნებისთვის მოსახმარად და აღნიშნული პიროვნებისგან მიღებული საწვავის ნაცვლად არანაირი მატერიალური და სხვა სახის სარგებელი არ მიუღია. წერილობით ახსნა-განმარტებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ჩიპიდან 2022 წლის 7 იანვარს დ. ც-ემ მის კუთვნილ ავტომანქანაში ,,ტოიოტა“, სახ. ნომრით ... ჩაასხა 30 ლიტრი საწვავი, 2022 წლის 10 იანვარს - 32 ლიტრი საწვავი, ხოლო 2022 წლის 8 თებერვალს - 50 ლიტრი საწვავი. ამავე წერილობით ახსნა-განმარტებაში ი. ბ-მა დააზუსტა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი ჩიპი დ. ც-ეს პირადად მან გადასცა და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ნებაყოფლობით აანაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი.

2022 წლის 18 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების სამსახურის გმს ინსპექტორის მიერ ამავე სამსახურის უფროსის თანდასწრებით შედგენილ იქნა აქტი ტრანზაქციების დათვალიერების შესახებ, მასზედ, რომ მათ მიერ შედარებულ იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის ი. ბ-ის სარგებლობაში არსებული საწვავის რინგიდან განხორციელებული ტრანზაქციები მისი შვებულების პერიოდთან (2021 წლის 2 აგვისტოდან 16 აგვისტომდე), რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ი. ბ-ის მიერ შვებულების პერიოდში მოხდა სამსახურებრივი საწვავის ლიმიტის გამოყენება.

საქმეშია ასევე 2022 წლის 19 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პოლიციის კაპიტნის - ი. ბ-ის დახასიათება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ... სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი ი. ბ-ი დაკავებულ თანამდებობაზეა 2012 წლიდან, ავტო-საგზაო შემთხვევების გამოძიების მიმართულებით. დახასიათებაში მითითებულია, რომ ი. ბ-ი 2018 წელს გაგზავნილ იქნა შსს აკადემიაში გამომძიებლის სავალდებულო პროფესიული კურსის გასავლელად, რომელიც ვერ გაიარა და გარიცხულ იქნა კურსიდან. 2020 წლის 29 დეკემბერს, ი. ბ-მა არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს). კერძოდ, არასამსახურებრივად მოიპოვა შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გაავრცელა ის სამოქალაქო პირზე, რითაც დაარღვია შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეეფარდა დისციპლინური სახდელი-საყვედური. ამავე დახასიათებაში მითითებულია, რომ ი. ბ-ი მკაცრად იყო გაფრთხილებული სამსახურებრივი ინფორმაციისა და მატერიალური რესურსების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე. მიუხედავად ამისა, ი. ბ-მა შს სამინისტროს მიერ გაცემული საწვავის რინგი, რომელზეც ერიცხება საწვავი სამსახურებრივი საჭიროებისთვის (მხოლოდ საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე), როგორც შემდგომ გაირკვა არაერთხელ გადასცა სამოქალაქო პირს და არასამსახურებრივი მიზნით სამოქალაქო პირის ავტომობილში ჩაასხა გარკვეული რაოდენობის საწვავი. დახასიათებაში ასევე მითითებულია, რომ ი. ბ-ი თანამშრომლებს შორის ავტორიტეტით არ სარგებლობს, არ გამოირჩევა მაღალი კვალიფიციურობით და პროფესიონალიზმით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ი. ბ-მა დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში (შს მინისტრის 2021 წლის 15 მარტის N622650 ბრძანებით გამოეცხადა საყვედური) კვლავ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა.

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 მარტის MIA 8 22 00529760 ბრძანებით, მოსარჩელე ი. ბ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), ,,გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება და ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) და ,,ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის ასევე მოსარჩელის მიერ განმეორებით ჩადენილი გადაცდომის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა, მართებულია. ვინაიდან, სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ი. ბ-ის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.

პოლიციელის ქცევის სტანდარტებს აწესრიგებს ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ადგენს, რომ პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას (1.2პ); პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში (1.3პ.); პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი, და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით (1.4პ.); პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს (1.5.პ). აღნიშნულის საფუძველზე უდავოა, რომ კასატორი, მისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 2.7 მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2.13 მუხლის მიხედვით კი, პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმები არის დამატებითი მტკიცებულება იმისი, რომ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ მოქმედებს ქცევის განსაკუთრებული სტანდარტი, რამდენადაც პოლიციელის საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამსახურის ეფექტური საქმიანობა და საზოგადოების ნდობა უწყების და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აქტის გამოცემის საფუძველია - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა. შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ,,პოლიციის ეთიკის კოდექსისა" და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების" ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას (,,პოლიციის შესახებ" კანონის 57.4 მუხ. "ა" და "გ" ქვეპუნქტები, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-10 მუხ. "გ" ქვეპუნქტი). საქართველოს შს მინისტრის 23.02.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის დებულების მიხედვით, სხვა ამოცანებთან ერთად, ინსპექციის ამოცანას შეადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისათვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება (მე-2 მუხ., "ა", "ბ", "ე" ქვეპუნქტები). სწორედ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაცნობის შედეგად მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. ბ-ის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია. აქვე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის წარმოების დროს მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში (რომლის ნამდვილობა სადავოდ არ არის გამხდარი) ი. ბ-ი აღნიშნავს, რომ ნამდვილად გადასცა საწვავი სამოქალაქო პირს და მზადაა აანაზღაუროს ამ ქმედებით გამოწვეული ზიანი, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ის აცხადებს რომ საწვავის გაზიარება მხოლოდ მგზავრობის ხარჯის შემცირების მიზნით მოხდა, რასაც საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ვერ გაიზიარებს და ასევე მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საწვავის ლიმიტის განაღდება მოხდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ი. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ერთხელ უკვე გამოყენებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პირობებში ი. ბ-მა ჩაიდინა სხვა დისციპლინური გადაცდომა, რაც მიუთითებს იმაზე რომ უფრო მსუბუქი სახის სანქციამ ვერ გამოიღო სათანადო შედეგი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას იმ საკითხზე, რომ საწვავის სამოქალაქო პირზე გადაცემით ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიადგა ზიანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 1 მარტის MIA 8 22 00529760 ბრძანება ი. ბ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია კანონის დაცვით და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე