საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-157(კ-24) 24 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა (მოწინააღმდეგე მხარე - მ.თ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ჯ-ამ და მ.თ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და 2019 წლის 23 დეკემბერს სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1741/ო ბრძანების ბათილად ცნობა და გ.ჯ-ასა და მ.თ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჯ-ასა და მ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1741/ო ბრძანება, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ჯ-ასა და მ.თ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით N3ბ/2381-21 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გ.ჯ-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აწ გარდაცვლილი გ.ჯ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.თ-ი, განახლდა საქმის წარმოება №3ბ/2382-21 ადმინისტრაციულ საქმეზე (აპელანტი (მოპასუხე): სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): გ.ჯ-ა, მ.თ-ი, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება და ცხოვრობენ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, ...ის საერთო საცხოვრებელი. პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ალტერნატიული ფართის არსებობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დასახელებული ქონება მარტვილის რაიონ სოფელ ...ში გ.ჯ-ას ოჯახს ეკუთვნის. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა და მოსარჩელის საკითხის არაპრიორიტეტულობა. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ოჯახი წლებია რეგისტრირებულია თბილისში, საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმითაც დასტურდება, რომ ოჯახი ყოველდღიური საქმიანობით დაკავშირებულია ქ. თბილისთან, შესაბამისად მამა-პაპისეულ სახლზე მითითება, რომელზეც არ დასტურდება მოსარჩელეთა არც არსებული საკუთრების და არც სავარაუდო მომავალი უფლება, პალატის მოსაზრებით არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახი, მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით (7.5), საჭიროებდა გრძელვადიან განსახლებას. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმის საფუძვლები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ სოფელ ...ში მდებარეობს გ.ჯ-ას დაკეტილი მამა-პაპისეული სახლი (აღნიშნულს ადასტურებენ მეზობლებიც), შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის ოჯახს მამა-პაპისეულ სახლთან თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა აქვს, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მიმდინარე ეტაპზე ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არსებობას, ხოლო სააგენტოს უარი გამომდინარეობს სწორედ ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მ.თ-ი (ასევე, როგორც გ.ჯ-ას უფლებამონაცვლე) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ომის ვეტერანი. 2013 წლის 9 სექტემბერს გ.ჯ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია: მეუღლე - მ.თ-ი და შვილი - ს.ჯ-ა, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით - მხოლოდ მ.თ-ი. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, ...ის საერთო საცხოვრებელი.
2014 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა გ.ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, „...” მონიტორინგის განხორციელებისას განმცხადებელმა - გ.ჯ-ამ განმარტა, რომ 1993 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან - მ.თ-სთან და შვილთან - ს.ჯ-ასთან ერთად. ასევე მიუთითა, რომ მათ საკუთრებაში არ აქვთ რაიმე ქონება.
გ.ჯ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დადგინდა, რომ 2019 წლის 25 მარტს, გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა 7.5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1.5 ქულა; გ.ჯ-ა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; მ.თ-ი: ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა).
2019 წლის 15 ივლისს კვლავ განხორციელდა გ.ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, „...” მონიტორინგის განხორციელებისას განმცხადებელმა - გ.ჯ-ამ განმარტა, რომ განცხადებას ბინის მიღებაზე აკეთებს ორ სულზე: მასზე და მეუღლე - მ.თ-ზე.
2019 წლის 7 აგვისტოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მარტვილის რაიონში, სოფ. ...ში, დევნილ - გ.ჯ-ას მშობლების მამა-პაპისეულ სახლში. სახლი დაკეტილი დახვდათ, სამეზობლოში ყველა იცნობს ოჯახს, თუმცა განუმარტეს, რომ ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისში და ზუსტი მისამართი არ იციან. ოქმის ხელმოწერაზე კი უარი განაცხადეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით გ.ჯ-ას (2 სულზე, 7.5 ქულით; 1 ოთახიან ბინაზე) უარი ეთქვა იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1741/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), გ.ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი. მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მინისტრის №320 ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია ამ წესის შესაბამისად ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე „წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიან განსახლებაზე უარი ეთქვა გადაუდებელი საჭიროების არარსებობის, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში ალტერნატიული საცხოვრებლის ფლობის გამო. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის ოჯახს ზემოაღნიშნულ სახლთან თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა აქვს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში დაცულ 2019 წლის 15 ივლისის მონიტორინგის ოქმზე, რომლის შესაბამისად, აწ გარდაცვლილი გ.ჯ-ას განმარტებით, მარტვილის რაიონის სოფ. ...ში ცხოვრობდა მისი ძმისშვილის ოჯახი, ხოლო აღნიშნულის გამოსარიცხად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება. საკასაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ ხსენებული სახლი გ.ჯ-ას (უფლებამონაცვლე - მ.თ-ი) მამა-პაპას ეკუთვნის, უპირობოდ არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის აღნიშნული სახლის თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობას. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლი არ ეკუთვნის გ.ჯ-ას (უფლებამონაცვლე - მ.თ-ი) ოჯახს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისისა და 2 ივლისის წერილები). რაც გამორიცხავს მათ მიერ ალტერნატიული საცხოვრებლის ფლობის ფაქტს. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებითაც დასტურდება, რომ ოჯახი ყოველდღიური საქმიანობით დაკავშირებულია ქალაქ თბილისთან.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ.ჯ-ა განაცხადის გაკეთების დროისათვის იყო ხანდაზმული პირი, მკვეთრად გამოხატული შშმპ სტატუსით, ასევე ოჯახმა დამატებითი ქულა მიიღო ომის ვეტერანის (მ.თ-ი) კომპონენტის გამოც. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღების მიღმა დარჩა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე