Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1203(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ლ-ა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 3 ნოემბერს გ.ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან დევნილი. დევნილობამდე და დევნილობის შემდეგაც 1993-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2018 წლის 26 ივნისს მან განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გასაგზავნად წელთა ნამსახურობის ნუსხის გადმოგზავნა. რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეცნობა, რომ მისი შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურის პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, მოემზადებინათ წელთა ნამსახურების გადაანგარიშების ნუსხა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6992-18) მოსარჩელე გ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდებოდა ძალოვან სტრუქტურებში გ.ლ-ას 20 წელზე მეტი დროით მსახურობის ფაქტი.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალეულობით სახელმწიფო პენსია, რომელიც უნდა დანიშვნოდა 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა 2 წლის შემდეგ, 2020 წლის 1 აგვისტოდან. შესაბამისად, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე გ.ლ-ას სასარგებლოდ 5865 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გ.ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 5865 ლარის ზიანის სახით ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - გ.ლ-ას სახელმწიფო კომპენსაცია (შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო (სპეციალური წოდება – ზემდეგი)) დაენიშნა 2020 წლის პირველი აგვისტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ (იხ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 23 ივლისის MIA 8 20 01683797 წელთა ნამსახურობის გაანგარიშება). სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 წერილზე, რომლითაც გ.ლ-ას უარი ეთქვა წარდგინების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ 1983-1989 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურის პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი (საქმე №3/6992-18), მოსარჩელე - გ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდებოდა გ.ლ-ას 20 წელზე მეტი დროით ძალოვან სტრუქტურებში მსახურობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 207-208-ე მუხლებზე, ასევე ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი წარდგინების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ლ-ას (მოსარჩელე) კანონშეუსაბამოდ უთხრა უარი წარდგინების გაცემაზე, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა გამოწვეული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო უარით. რაც შეეხება სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების თარიღს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის უფლება კომპენსაციით სარგებლობაზე წარმოიშობა პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება 2018 წლის პირველი აგვისტოდან - 2020 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდზე განხორციელდა კანონშესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორის განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. მოსარჩელე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაეთვალა გ.ლ-ასათვის 1983 წლიდან 1989 წლამდე პერიოდი ნამსახურობის საერთო სტაჟში, რადგანაც მოცემულ საქმეზე სამინისტროში არ არსებობდა ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული პერიოდი ჩაეთვალა ნამსახურობის საერთო სტაჟში. მხოლოდ სასამართლო იყო უფლებამოსილი ჩაეთვალა სადავო პერიოდი წელთა ნამსახურობაში, რაც გამორიცხავდა შსს პასუხისმგებლობას მიუღებელი კომპენსაციის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი) მიყენებული ზიანის - მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის (2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა 2 წლის შემდეგ 2020 წლის 1 აგვისტოდან) ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ- ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე მუხლის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, მისი შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურების დაწყების პერიოდი და ნამსახურობის წლების საერთო ჯამი. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით.

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში –სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ხოლო ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 აქტით გ.ლ-ას 2018 წლის 26 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 1983- 1989 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურის პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მოემზადებინათ წელთა ნამსახურების გადაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ.ლ-ამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6992-18) მოსარჩელე - გ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის MIA 4 18 01550234 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდებოდა გ.ლ-ას 20 წელზე მეტი დროით ძალოვან სტრუქტურებში მსახურობის ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 2020 წლის 23 ივლისის MIA 8 20 01683797 აქტით გაანგარიშებულ იქნა გ.ლ-ას წელთა ნამსახურობა, რომლის თანახმად, გ.ლ-ამ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა 1980 წლის 25 სექტემბრიდან - 1982 წლის 18 სექტემბრამდე ( ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის №152 ცნობა). 1983 წლის 10 თებერვალს გ.ლ-ა მიღებულ იქნა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს ... ჯგუფში. შს მინისტრის 2004 წლის 6 სექტემბრის №1476-პ/შ ბრძანებით, 2004 წლის 12 აგვისტოდან გ.ლ-ა დათხოვნილ იქნა შს სამინისტროდან „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 65-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით (შტატების შემცირებით). ამასთან, წელთა ნამსახურობაში ჩაითვალა 1) სავალდებულო სამხედრო სამსახური (25.09.1980წ.-18.09.1982წ.) 1 წელი, 11 თვე, 23 დღე; 2) შს სამინისტროში სპეციალური წოდებით სამსახური: (10.02.1983წ.-12.08.2004წ.) 21 წელი, 6 თვე, 2 დღე. შესაბამისად, გ.ლ-ას წელთა ნამსახურობამ შეადგინა: 23 წელი, 5 თვე, 25 დღე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელე - გ.ლ-ა უდავოდ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სუბიექტს, თუმცა 2018 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე მან ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ვინაიდან მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა წელთა ნამსახურების გადაანგარიშების ნუსხის მომზადებაზე, რაც მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს.

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი წარდგინების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ხოლო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ.ლ-ასათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წელთა ნამსახურების გადაანგარიშების ნუსხის მომზადებაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გ.ლ-ას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2020 წლის 1 აგვისტოდან, შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 1 აგვისტომდე ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით არ დაენიშნა სახელმწიფო პენსია, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. მოცემული გარემოებები კი მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, პირისათვის კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და პირობაა შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვა კომპენსაციის დანიშვნაზე. კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულადაა დაკავშირებული უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროზე, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი. უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. შესაბამისად, პირის უფლება კომპენსაციით სარგებლობაზე წარმოიშობა პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდზე კანონშესაბამისია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე