საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-922(2კ-23) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 28 თებერვალს მ.ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული - დევნილი და შშმ პირი. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 1000. 15 წელი ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის ...ის შენობაში. ბოლო 6 წელია ცხოვრობს ზუგდიდში, ..., ...ას ქ.№3, ბინა №...-ში. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თუმცა განაცხადი დარჩა განუხილველად, იმ მიზეზით, რომ განაცხადი გაკეთებული იყო გაუქმებული ობიექტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის მ.ჯ-ას ნაწილში, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ.ჯ-ას განაცხადის განხილვისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმი მ.ჯ-ას ნაწილში და დაევალა მოპასუხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; მ.ჯ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და მ.ჯ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით მ.ჯ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო სხდომის ოქმის გამოცემას (გასაჩივრებულ ნაწილში) არსებითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მ.ჯ-ას განაცხადი შევსებული იყო სახელმწიფოს მიერ გაუქმებული ობიექტიდან, კერძოდ, განაცხადში დევნილ პირს საცხოვრებელ მისამართად მითითებული ჰქონდა ზუგდიდი, ..., ..., ...ას ქ. №3, ბინა №..., ანუ ორი სხვადასხვა მისამართი. მონიტორინგის შედეგად კი გაირკვა, რომ იგი არ ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ......ას შენობაში და ცხოვრობდა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში, რაც წარმოადგენდა დახურულ ობიექტს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 სხდომის ოქმის თანახმად, სამეგრელოში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვის მიზნით, განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ...ას ქ. №3-ში მდებარე ყოფილი ,,...ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით კი, მ.ჯ-ას ოჯახი არ წარმოადგენდა აღნიშნული ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს, რის გამოც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №77), აღნიშნულ ოჯახს უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა მ.ჯ-ას ოჯახს, 17 000 ლარის ფარგლებში, მაგრამ საქმის მასალებში წარმოდგენილია მ.ჯ-ას არაერთი განცხადება, სადაც იგი უარს აცხადებს საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მ.ჯ-ას საცხოვრებელი სახლის შესაძენად გადაეცა თანხა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ფორმალური საფუძვლით (დახურული ობიექტის გამო) დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვება, მაშინ როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მ.ჯ-ას ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია.
რაც შეეხება მ.ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მ.ჯ-ას განაცხადის განხილვისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის განაცხადი დატოვებულ იქნა განუხილველად, რის გამოც მოპასუხე მხარეს ვერ დაევალება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელის განაცხადი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, არსებითად განხილული და შეფასებული არ არის. ასევე, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლო კი, მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სადავო აქტის კანონიერებასა და მ.ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და მ.ჯ-ამ.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვდა 2021 წლის 17 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის №79 ოქმის ბათილობას, რომლის საფუძველზეც აქტი არ გამოცემულა. ოქმში მხოლოდ მითითებულია, რომ მხარის საკითხი არ იქნა განხილული კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულის გაუქმება არანაირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ვინაიდან სხდომის ოქმი აქტი არაა. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ სააგენტოს მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარი არ უთქვამს. სადავო ობიექტი კი დიდი ხნის წინ დაიხურა და იქ მცხოვრები ოჯახის განსახლების საკითხზე ხელახლა მსჯელობა ეწინააღმდეგება კანონს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია და გაეთვალისწინებინა, რომ 2021 წლის 17 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი 79) შესაბამისად განხორციელდა ქ. ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების მიზნით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მოსარჩელე განაცხადს აკეთებდა შემდეგი მისამართიდან - ზუგდიდის რაიონი, სოფელი .... 2021 წლის 27 ივლისს აღნიშნულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. გაირკვა, რომ სადავო მისამართზე მოსარჩელე არ ცხოვრობს. მხარემ განმარტა, რომ უკვე 3 წლის წინ გადავიდა მითითებული მისამართიდან და ცხოვრობდა ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში. ვინაიდან მითითებული ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან უკვე დახურული იყო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებმა, ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, აღნიშნულის შესახებ აცნობეს მხარეს და განუმარტეს, რომ მონიტორინგის ჩატარება აღნიშნულ ობიექტში აღარ მოხდებოდა. მ.ჯ-ას მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, 2021 წლის 5 ოქტომბერს მონიტორინგი განხორციელდა მის მიერ დაზუსტებულ მისამართზე და მან დაადასტურა, რომ სადავო მისამართზე ცხოვრობს 2017 წლიდან.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომაზე მოსარჩელის განაცხადი განუხილველი დარჩა სახელმწიფოს მიერ გაუქმებული ობიექტიდან გაკეთებული განაცხადის გამო. კასატორის განმარტებით, სააგენტოს მის მიერ შევსებულ განაცხადთან დაკავშირებით არ უმსჯელია და არ გამოუცია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განაცხადი განიხილება მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის № 01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, განაცხადისა და მინიჭებული ქულების რიგითობის გათვალისწინებით. აღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.’’
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს, სააგენტოს მიერ თანხმობა ეთქვა საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამაზე 17000 ლარის ფარგლებში, თუმცა აღნიშნულ პროგრამით სარგებლობაზე მან უარი განაცხადა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მეორე კასატორის - მ.ჯ-ას განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 1000. იგი თავდაპირველად შესახლებული იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის ტერიტორიაზე, ...ის შენობაში და იქ ცხოვრობდა დაახლოებით 15 წელი, ხოლო შემდეგ გადავიდნენ ზუგდიდის ......ას შენობაში. ბოლო წლები კი ცხოვრობდნენ მისამართზე: ქ.ზუგდიდი, ...ას ქ. №3, ბინა №... 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მითითებულ მისამართზე რამდენჯერმე იყვნენ მისულები მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები. კასატორის მითითებით, 2021 წელს კვლავ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მაგრამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის შესაბამისად, მისი განაცხადი დარჩა განუხილველად, იმ მიზეზით, რომ განაცხადი გაკეთებული იყო გაუქმებული ობიექტიდან, რასაც არ ეთანხმება კასატორი და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 6 წელი. იგი რამოდენიმეჯერ შეამოწმა სოციალურმა სამსახურმა და მიანიჭა სოციალურად დაუცველთა სტატუსი და შესაბამისი ქულა. კასატორის მოსაზრებით, თუ ობიექტს სადაც ის ცხოვრობს მინიჭებული აქვს გაუქმებულის სტატუსი იმის გამო, რომ ნგრევადი ობიექტია, იგი სხვა დევნილებთან მიმართებით პრიორიტეტულად უნდა დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით - მ.ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ.ჯ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის კანონიერება და მოპასუხის დავალება განიხილოს მ.ჯ-ას განაცხადი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.ჯ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში, და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
2021 წლის 16 მარტს მ.ჯ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განაცხადში მ.ჯ-ამ მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ზუგდიდი, ..., ..., ...ას ქ. №3, ბინა №...
2021 წლის 20 ივლისს, მონიტორინგის მიზნით განხორციელდა ვიზიტი მისამართზე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ..., ......ას შენობა, რის შესახებაც შედგა გასაუბრების ოქმი. ოქმში მითითებულია, რომ მ.ჯ-ა აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარით კი გაირკვა, რომ მ.ჯ-ა ......ას შენობიდან დაახლოებით 3 წლის წინ გადავიდა ...ას ქ. №3, ბინა №...-ში. ამავე გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან მითითებული ობიექტი ითვლება დახურულად, ვერ მოხერხდა მონიტორინგის ჩატარება.
ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ოქტომბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ზუგდიდი, ...ას ქ. №3, ოთახი №.., რის შესახებაც შედგა გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მ.ჯ-ა მითითებულ ფართში ცხოვრობს 2017 წლიდან. მანამდე ცხოვრობდა ......ას შენობაში, უფრო ადრე კი, დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა ნათესავთან ...ში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის თანახმად, მ.ჯ-ას განაცხადი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ განაცხადი შევსებული იყო სახელმწიფოს მიერ გაუქმებული ობიექტიდან.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის, გარემოება, რომ მ.ჯ-ას განაცხადი შევსებული იყო სახელმწიფოს მიერ გაუქმებული ობიექტიდან, კერძოდ, განაცხადში დევნილ პირს საცხოვრებელ მისამართად მითითებული ჰქონდა - ზუგდიდი, ..., ......, ...ას ქ. №3, ბინა №..., ანუ ორი სხვადასხვა მისამართი. მონიტორინგის შედეგად კი გაირკვა, რომ იგი არ ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ......ას შენობაში და ცხოვრობდა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქ. №3-ში, რაც წარმოადგენდა დახურულ ობიექტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მე-3 პუნქტის მიხედვით, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ განხორციელდა მ.ჯ-ას ოჯახის მონიტორინგი, შედგა მონიტორინგის ფორმები, ადგილზე გამოცხადების ოქმი და გასაუბრების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მ.ჯ-ას ოჯახი 2017 წლიდან ცხოვრობს მისამართზე: ზუგდიდი, ...ას ქ. №3, ბინა №...
ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია რ.შ-ას, მ.გ-ას, გ.მ-ას და ი.ა-ას სანოტარო წესით დამოწმებული დასტური, რომლის თანახმად, აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ.ჯ-ა ნამდვილად დევნილად ცხოვრობს მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №3, ოთახი №...-ში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ჯ-ას, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ოჯახი, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის. რაც შეეხება მოპასუხე მხარის აპელირებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის №84 სხდომის ოქმზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მითითებული ოქმის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა მათ შორის მ.ჯ-ას ოჯახს, 17 000 ლარის ფარგლებში. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია მ.ჯ-ას არაერთი განცხადება, სადაც იგი უარს აცხადებს საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მ.ჯ-ას საცხოვრებელი სახლის შესაძენად გადაეცა გამოყოფილი თანხა - 17 000 ლარი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ფორმალური საფუძვლით (დახურული ობიექტის გამო) დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვება, მაშინ როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
რაც შეეხება მ.ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გასაჩივრებული სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელის განაცხადი დატოვებული იქნა განუხილველად, მოპასუხე მხარეს ვერ დაევალება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვინაიდან მოსარჩელის განაცხადი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, არსებითად განხილული და შეფასებული არ არის. საგულისხმოა, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული განცხადების განხილვის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - მ.ჯ-ა არის შშმ პირი. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებლის პროგრამების მისაწვდომობას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარ მისაწვდომობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სტატუსის (შშმ პირი) გათვალისწინებით დევნილთა უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-922(2კ-23) 2 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 28 თებერვალს მ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმი მ. ჯ-ას ნაწილში და დაევალა მოპასუხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; მ. ჯ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და მ. ჯ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და მ. ჯ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით - მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად თავისი ინიციატივით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი ნაცვლად ,,1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით ,,1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;“
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინების, როგორც აღწერილობითი ასევე სამოტივაციო ნაწილების შინაარსიდან ჩანს, რომ საკასაციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს როგორც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე, ასევე მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული უსწორობა სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ შესწორებას და საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 372-ე, 390-ე და 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებაში (საქმე №ბს-922(2კ-23)) შეტანილ იქნეს შესწორება და აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;“.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე