საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-600(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა 2019 წლის 10 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ვინაიდან სადავო აქტი გამოცემული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის ნაცვლად მოპასუხედ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 ნოემბრის N1723 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, ნ. გ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შესაბამის შემწეობას. ოჯახს 1997 წლიდან თვითნებურად დაკავებული აქვს 158 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მ/რ ..., კვარტ. 5, კორპუსი 6-ის მიმდებარედ. აღნიშნული ფართი შემოღობილია და იმავე პერიოდიდან აშენებული აქვთ საცხოვრებელი პატარა ზომის ერთსართულიანი შენობა. 2018 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა N003872 მითითების შედგენით დაიწყო ნ. გ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-...-ე მ/რ, მე-5 კვარტ. კორპ. 6-ის მიმდებარედ განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, რომლებიც ნაწილობრივ კვეთს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას. მითითებაში დაფიქსირებულ იქნა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და აღინიშნა, რომ მითითებულ დარღვევაზე გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 25000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ნ. გ-ს დარღვევის გამოსწორების მიზნით 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა მითითებული ობიექტების დემონტაჟი ან უნდა წარედგინა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტის ინსპექციის შესაბამისი ბრძანებით სამართალდარღვევის საქმეზე ვადა გაგრძელდა 2019 წლის 5 იანვრის ჩათვლით. მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N003827 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, მე-5კვარტ. კორპ. 6-ის მიმდებარედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობისა და ღობის განთავსებისათვის ნ. გ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით. 2019 წლის 1 მარტს ნ. გ-მა N19/01190601539-01 ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 04 იანვრის N003872 დადგენილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 ნოემბრის N1723 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N003827 დადგენილება.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული აქტები უსაფუძვლოა, რადგან მიაჩნია, რომ ისინი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ითხოვს მათ ბათილად ცნობას. კერძოდ, მოსარჩელის შეფასებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 აგვისტოს N003837 მითითებაში დაფიქსირებული სამართალდარღვევა არ შეესაბამება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 აგვისტოს N003837 მითითებაში არაა ასახული დასახელებული მუხლით აღწერილი დარღვევა. გარდა ამისა, მითითებაში აღნიშნულია, მისი გაცემის მომენტში მშენებლობის ტიპი - როგორც დასრულებული, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მშენებლობის წარმოება მომხდარი და დასრულებულია არა მითითების გაცემის პერიოდში, არამედ მითითება გაცემულია დასრულებული მშენებლობის მიმართ, თუმცა რა პერიოდში, ეს არც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და არც ზემდგომ სამსახურს არ გამოუკვლევია, მიუხედავად იმისა, რომ ნ. გ-ი ყველგან მიუთითებდა შესაბამისი მიწის ნაკვეთის 1997 წლიდან თვითნებურად დაკავებასა და მასზე იმავე პერიოდში მშენებლობის წარმოება-დასრულების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ამოქმედდა 2012 წლის 27 დეკემბერს. ამავე კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების მიხედვით, არაა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ ის გარემოება, თუ როდის დაიწყო და დასრულდა მითითებაში არსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, და შესაბამისად, უნდა გავრცელებულიყო თუ არა ამ კოდექსის მოქმედება ნ. გ-ის მიმართ გაცემულ მითითებაში აღნიშნულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობასა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობესთან დაკავშირებით, რომ არაფერი ითქვას სამართალდამრღვევის პიროვნების გამოვლენისა და დადგენისას დაშვებულ დარღვევებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილება ქ. თბილისში, ...ის დასახ. მ/რ ..., კვ. 5, კორპ. 6-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) ღობის დემონტაჟის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 ნოემბრის N1723 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილების, ქ. თბილისში, ...ის დასახ. მ/რ ..., კვ. 5, კორპ. 6-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) ღობის დემონტაჟის ძალაში დატოვების ნაწილში; ნ. გ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილებით დაკისრებული სახდელისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 4 იანვარს ნ. გ-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის დასახ. მ/რ ..., კვ. 5, კორპ. 6-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობისა და ღობის განთავსებისათვის, რომლებიც ნაწილობრივ გადადიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
საქალაქო სასამართლომ დასახელებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტები, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის 27 თებერვლის ამონაწერის მიხედვით ნ. გ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 17060 სარეიტინგო ქულა (ქულის მინიჭების თარიღი: 02.05.2016წ.) და მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ნ. გ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილებით დაკისრებული სახდელისაგან, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 01.10.2019წ.) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.
რაც შეეხება ღობის განთავსების საკითხს, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მასალებით არ დადასტურდებოდა სამართალდარღვევის ობიექტად მიჩნეული ღობის მოსარჩელის მიერ მშენებლობის ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი ღობის მოწყობასთან მიმართებით ნ. გ-ის ინტერესის არსებობაზე, იყო უსაფუძვლოა და არ წარმოადგენდა მოსარჩელის აღნიშნული ობიექტის (ღობის) მწარმოებლად მიჩნევის და მისთვის დემონტაჟის დავალების საკმარის საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა, ასევე მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე დაქვემდებარება მოხდა კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით. ნ. გ-ს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც ამ ნაწილში მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. ღობის წარმოების ფაქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი არ იყო, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო აქტების ამ ნაწილში კანონიერად მიჩნევის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N003872 დადგენილების საფუძველზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. გ-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის დასახლება, ... მ/რ, V.კვ, კორპ. VI-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობის, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობისა და ღობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით მასვე დაევალა უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი.
კასატორის განმარტებით, ნ. გ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. რაც შეეხება ღობის განთავსების ფაქტს, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან, ისე ღობის მოწყობასთან მიმართებით მოსარჩელეს გააჩნია ინტერესი და იგი წარმოადგენს სადავოდ გამხდარი ობიექტების მშენებლობის მწარმოებელ პირს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტად ნ. გ-ის მიჩნევის ფაქტს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სამართალდამრღვევ პირად შეიძლება განისაზღვროს სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ. გ-ის მიმართ, შედგა N003872 მითითება, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისში, ...ის დას. მ/რ ..., კვ. 5, კორპ. N6-ის მიმდებარედ (ს/კ N...) განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, რომლებიც ნაწილობრივ გადადიან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ამავე მითითებით, ნ. გ-ს განესაზღვრა ოცდღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად, ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად. ნ. გ-ის მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს N003872 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილებით, მოქალაქე ნ. გ-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის დასახ. მ/რ ..., კვ. 5, კორპ. 6-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობისა და ღობის განთავსებისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად სარჩელის უარყოფის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო საჩივრის დასაბუთება შეეხება მხოლოდ ქ. თბილისში, ...ის დასახ. მ/რ ..., კვ. 5, კორპ. 6-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) ღობის დემონტაჟის კანონიერების საკითხს.
საქმის მასალებით დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე ნ. გ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 17 060 სარეიტინგო ქულა (ქულის მინიჭების თარიღი: 02.05.2016წ.). ისიც დადგენილია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის შესახებ, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებობდა 2019 წლის 4 იანვრის N0003872 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების წინაპირობები.
რაც შეეხება უშუალოდ ღობის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ითვალისწინებს. კერძოდ, კანონმდებელი სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც მშენებლობის მწარმოებელ პირს, ასევე სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მოსარგებლეს, მათ შორის დამკვეთს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში.
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, 2018 წლის 24 დეკემბრის N003872 ოქმის (ს.ფ. 97) მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს, 2018 წლის 14 აგვისტოს N003872 მითითების და 2018 წლის 5 სექტემბრის N003872 შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ნ. გ-მა განაცხადა, რომ კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა აშენებული (განთავსებული) იყო მის მიერ 2003 წელს. რაც შეეხება მითითებაში დაფიქსირებულ მსუბუქი კონსტრუქციის ღობეს, მხარემ განაცხადა, რომ ღობის მშენებლობა მას არ უწარმოებია, შესაბამისად, არ აპირებდა ღობის დემონტაჟს. მიწის ნაკვეთი არსებული სახით შეიძინა მოქ. მ. კ-ისაგან, რომელიც გარდაცვლილია, რაც დაადასტურა სხდომაზე გამოცხადებულმა მ. კ-ის მეუღლემ - ვ. ტ-მა, ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ნ. გ-ის მიერ ღობის წარმოების ფაქტი მოპასუხემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი ღობის მოწყობასთან მიმართებით ნ. გ-ის ინტერესის არსებობაზე, არ წარმოადგენს მოსარჩელის აღნიშნული ნაგებობის (ღობის) მწარმოებლად მიჩნევის და მისთვის დემონტაჟის დავალების საკმარის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა