საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1185(კ-23) 14 მაისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ინდ. მეწარმე ბ.ზ-ი
მესამე პირი - ვ.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 2 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ინდ. მეწარმე ბ.ზ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2018 წლის 6 თებერვლიდან 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით სახელმწიფო ქონებით (მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქ. N10-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ: ... ნაწილის - კერძოდ, შენობა N5-ის ნაწილი - 55 კვ.მ) არამართლზომიერი სარგებლობის გამო, ინდ. მეწარმე ბ.ზ-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 161.74 ლარის დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, მოპასუხის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. N10-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ: ... ნაწილის - კერძოდ, შენობა N5-ის ნაწილი - 55 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია 2021 წლის 29 ივლისის ადგილზე შემოწმების აქტით, ასევე, ფოტომასალით, ხოლო რაც შეეხება აღნიშნული ქონების ღირებულებას, სააგენტომ იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ნოემბრის №007910321 დასკვნით და შესაბამისი წერილით მოპასუხეს ეცნობა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა, რაც არ შესრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ ...“, რომელთანაც ინდ. მეწარმე ბ.ზ-ს გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... ქ. N10-ში მდებარე ფართზე, წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 5 ნოემბრის N1-1/190 ბრძანებით დაფუძნებულ საწარმოს 100%-იანი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით, შპს „ ...“ მეწარმედ დარეგისტრირდა 2004 წლის 31 დეკემბერს და დირექტორად დაინიშნა - ვ.კ-ე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ.ზ-ი არ წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირს, რადგან მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე - ინდ. მეწარმე ბ.ზ-ი არამართლზომიერად სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2018 წლის 6 თებერვლიდან 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ვ.კ-ემ, არაერთხელ (2021 წლის 27 სექტემბერს, 12 ოქტომბერს, 20 ოქტომბერს, 24 ნოემბერს) მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რათა იჯარის უფლებით 10 წლით გადასცემოდა აღნიშნული ფართი, ანუ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო იმ ფაქტის შესახებ, რომ მითითებული ფართით რეალურად სარგებლობდა და შემოსავალს იღებდა შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ვ.კ-ე;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და განმარტა, რომ მესაკუთრეს (სახელმწიფოს) ხსენებულ მისამართზე ქონება სამართავად გადაცემული ჰქონდა შპს „...-სთვის“ და რაიმე მტკიცებულება, რომ ქონებაზე მისი მფლობელობა შეწყდა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე ბ.ზ-ის მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, ქონების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელთა მიერ 2021 წლის 29 ივლისს შედგენილი ადგილზე დათვალიერების აქტი (ფოტოსურათებით), შესაბამისად „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 ქვეპუნქტის მიხედვით, ინდ. მეწარმე ბ.ზ-ი ვალდებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად, სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და 2021 წლის 7 მაისის იჯარისა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ ბ.ზ-ი იყო სახელმწიფო ქონებით (ს/კ: ...) მართლზომიერი მოსარგებლე. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებებში მეიჯარედ და დამსაქმებლად განსაზღვრულია შპს „...“ (ს/ნ: ...), თუმცა ხელშეკრულების დადების დროისათვის, შპს „...“, როგორც ცალკე სუბიექტი აღარ არსებობდა. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის 26 აგვისტოდან რეორგანიზაციის შედეგად შპს „...“-ს შეუერთდა რამდენიმე შპს-ს და გარდაქმნის შემდეგ ჩამოყალიბდა შპს „ს...“ (ს/ნ: ...), იურიდიული მისამართით - გურჯაანის რაიონი, სოფელი ... მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, შპს „ს...“ (ს/ნ: ...) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია.
გარდა აღნიშნულისა, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ იჯარის ხელშეკრულებაში შპს „...“ მითითებულია საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე. ამასთან, არ არის იდენტიფიცირებადი იჯარის საგანიც. კერძოდ, ზოგადად მითითებულია მისამართი - ქ. თბილისში, ...ის ქ. N10-ში მდებარე ფართი, ყოველგვარი საკადასტრო კოდისა ან მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ხოლო, შრომით ხელშეკრულებაში არ არის იდენტიფიცირებული დაქირავებულის სამუშაო ადგილი (არ არის მითითებული მისამართი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი და ა.შ). ამდენად, დასტურდება, რომ შპს „...“ ხელშეკრულებათა დადების დროისათვის (2021 წლის 7 მაისი) აღარ არსებობდა, შესაბამისად, უსაფუძვლოს წარმოადგენდა სააპელაციო პალატის მოსაზრება აღნიშნული სუბიექტის მიერ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ინდ. მეწარმე ბ.ზ-ისათვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის მოტივით, 2018 წლის 6 თებერვლიდან 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4161.74 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააგენტომ, როგორც მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო ქონებით უნებართვოდ სარგებლობის დადასტურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს, ბ.ზ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ 2015 წლიდან სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №10-ში მდებარე უძრავი ქონებით, რომელიც ნაქირავები ჰქონდა შპს „...“-ის დირექტორისგან - ვ.კ-ისგან. თავისი მხრივ, ვ.კ-ის განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 05 ნოემბრის N1-1/190 ბრძანებით დადასტურებულია, რომ შპს „...“ 100%-იანი წილით სახელმწიფომ შექმნა და მასვე გადასცა ქ. თბილისში, ...ის ქ. N10-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სახელმწიფოს ქონება სამართავად გადაცემული ჰქონდა შპს ,,...-ისათვის“ და მისი მფლობელობა არ შეწყვეტილა ლიკვიდაციის მიუხედავად, რამდენადაც მესაკუთრე უშვებდა ვ.კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაგრძელებას ამ ქონებაზე. საწინააღმდეგო გარემოებები კი, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამრიგად, კასატორმა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ინდ. მეწარმე ბ.ზ-ის მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის (ან ვ.კ-ის წარმომადგენლობითი უფლებრივი ნაკლის ცოდნის) ფაქტი, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის სუბიექტს, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა