№ბს-372(2კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ი“, მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) საოქმო გადაწყვეტილება (სს „...ის“ წარმომადგენლის 2017 წლის 19 აპრილის №39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და დაკმაყოფილდეს სს ,,...ის“ 2017 წლის 19 აპრილის №39494 ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2016 წლის 28 აპრილის №0008122601 მიმართვის წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სს „...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების, 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტი მისი 7.1 პუნქტის ნაწილში სრულად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სს „...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სს „...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2017 წლის 23 მარტის 05/2017 აქტის მოქმედება 7.1 პუნქტის ნაწილში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად სენაკის რაიონულ სასამართლოს.
4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სს „...ს“ უარი ეთქვა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 4 მაისის №2017/12 საოქმო გადაწყვეტილებების, სს „...ის“ წარმომადგენლის 2017 წლის 19 აპრილის №39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 30 მაისის №04/34329 გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის მოთხოვნაზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „...ის“ 2017 წლის 19 აპრილის №39494 ადმინისტრაციული საჩივარი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტის 7.1. პუნქტში დარიცხული ჯარიმის შემცირების მოთხოვნით და ბათილად იქნა ცნობილი სს ...ის - მ...ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტის ის ნაწილი, რომლის თანახმად, მიმწოდებელს სს ,,...ი -მ...ს" ჯარიმის სახით დაერიცხა 51205.27 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს „...ის“ (ს/ნ ...) (მოსარჩელე) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“ (ს/ნ ...). ამავე განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მოპასუხე) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე ჩაება - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) შუამდგომლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
10.1 კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა სადავო აქტში მითითებული გარემოებები. საბოლოოდ კი, პალატა იღებს მისივე მსჯელობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას და ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ჯარიმა მისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევასთან. ჯარიმას თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გააჩნია პრევენციული ხასიათი და იგი ერთგვარად უზრუნველყოფს მხარეების მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, ასევე არის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციების გადახდის უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის იმპერატიულ მოთხოვნას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობაა. შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების პროცესში რაიმე სახით ჩარევა, საფრთხეს უქმნის პროგრამის არსებობას და მის ფუნქციონირებას, ვინაიდან ჩერდება საბიუჯეტო შემოსავლების მიღება. უდავოა, რომ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, ნებისმიერი მიზეზით, არამიზნობრივად და პროგრამის პირობების დარღვევით, განმახორციელებლისათვის მოთხოვნილი თანხა, არსებით საფრთხეს უქმნის აღნიშნული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების დაუცველობას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის 66-ე დადგენილების „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2019 წლის 1 თებერვლამდე დაკავებული თანხა, აგრეთვე მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ, შესაბამისი დავალიანების გამო, ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე პერიოდამდე გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №NHA42200626859 წერილით ირკვევა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თემატური შემოწმების 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტით განსაზღვრული იყო პროგრამულად ანაზღაურებულიდან უკან დასაბრუნებელი თანხა - 39,999.59 ლარი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 81,223.33 ლარი. აღნიშნული თანხიდან აღსრულებულ იქნა უკან დასაბრუნებელი თანხა სრულად და დამატებითი ფინანსური ჯარიმიდან 56,882.14 ლარი. დარჩენილი 24,341.19 ლარი ლეგალიზებულ იქნა (გაუქმდა) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით. წერილს თან ახლავს ასევე დანართი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია №05/2017 აქტის აღსრულების შესახებ, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 4 მაისიდან 2017 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს მიღებული განჩინების შემდგომ შეწყდა №05/2017 აქტის აღსრულება. დადგენილება უკვე აღსრულებული თანხის დაბრუნებას არ ითვალისწინებს.
10.2 კასატორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აღნიშნავს, რომ საჯარიმო სანქციების გადახდის უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის იმპერატიულ მოთხოვნას. სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობის, გასაწევი გადასახადებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობაა. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ ქვეყნის პრიორიტეტული პროგრამაა და არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობა სამედიცინო, მათ შორის, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით. პროგრამა უშუალოდ, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურებას ითვალისწინებს ე.წ. კაპიტაციური წესით, რაც გამოიხატება პროგრამის ამ კომპონენტის მიმწოდებლად აღრიცხული სამედიცინო დაწესებულებებისათვის მათთან სათანადო წესით რეგისტრირებულ თითოეულ მოსარგებლეზე (კატეგორიების მიხედვით), ყოველთვიურად, გარკვეული თანხის გადახდაში, მოსარგებლის მიმართვისა და სერვისის მიწოდების მიუხედავად.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა” წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. შესაბამისად, ამ ფორმაში თითოეული გრაფის და მონაცემის შევსება მკაცრად არის განსაზღვრული და იგი უნდა შეივსოს ზედმიწევნით მკაფიოდ, სრულად და განსაზღვრული წესის შესაბამისად. სასამართლოს მოსაზრება, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დარღვევა არის ტექნიკური ხასიათის დარღვევა, არის დაუსაბუთებელი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამედიცინო დაწესებულება, თითოეულ ბენეფიციარზე, იმის გათვალისწინებით, თუ ისინი სად არიან რეგისტრირებულნი (სოფლად თუ ქალაქად), სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს განსხვავებულ დაფინანსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიერ არასწორად შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამით ასანაზღაურებელი თანხების მიღება.
სადავო თემატური შემოწმების აქტზე გამოცემული გადაწყვეტილება, მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, გადაწყვეტილება ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების ობიექტურ, სწორ შეფასებას. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტომ იმოქმედა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით - მიიღო ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში, დანიშნა ზეპირი განხილვის სხდომა, სადაც მოწვეულ იქნა საჩივრის ავტორი, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, შეაფასა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, გამოიკვლია საქმის ყველა მტკიცებულება და მიიღო სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტის თანახმად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის 151 მუხლის საფუძველზე, შემოწმებას დაექვემდებარა სს „...ის“ მ...ი. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში. აქტის 7.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის №04-185/ო ბრძანების დანართი №2-ის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 2016 წლის 28 აპრილის №0008122601 მიმართვის წერილით წარმოდგენილი და მიმწოდებელთან არსებული დოკუმენტაციის თანახმად, სს „...ი-...ის“ მიერ რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლე პაციენტების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 73645, მათ შორის, ძირითადი კონტიგენტის შემთხვევათა რაოდენობა - 14 868, დამატებითი კონტიგენტის შემთხვევათა რაოდენობა - 58 777. აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ სს „...ი მ...ის“ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად 2470 შემთხვევაში, ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, ამდენად, მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელებული შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 23 882.18 ლარი, რაც პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანხმად ექვემდებარება უკან დაბრუნებას (აქედან 2014 წლის თებერვლამდე 3 319.58 ლარი, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის აგვისტომდე 20 562.60 ლარი). პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სს „...ს“ ჯარიმის სახით დაერიცხა 51205.27 ლარი (აქედან 2014 წლის თებერვლამდე ჯარიმამ შეადგინა 16,15 ლარი, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის აგვისტომდე ჯარიმამ შეადგინა 51 189.12 ლარი (ტ.1, ს.ფ 17-22); ბ) 2017 წლის 19 აპრილს, სს „...მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტის ბათილად ცნობა 7.1. პუნქტის ნაწილში (ტ.1, ს.ფ 23-24); გ) 2016 წლის 16 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ოქმი ფატების კონსტატაციის შესახებ. ოქმის თანახმად, განხორციელდა გეგმიური ამბულატორიის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარის რეგისტრაციის ფაქტის კონსტატაცია (ტ.1, ს.ფ 27-51); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის №04/34329 გადაწყვტილებით, სს „...ის“ (ს/კ ...) წარმომადგენლის (ნ. ქ-ა) 2017 წლის 19 აპრილის №39494 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ტ.1, ს.ფ 52-55).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №05/2017 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 7.1 პუნქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის №04/34329 გადაწყვტილების კანონიერება. ამასთან, სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოპასუხის მიერ, კასატორებსაც წარმოადგენენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“ (დანართი №1), რომლის მიზანია მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული პროგრამის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში (2017 წლის 23 მარტი) მოქმედი პროგრამის 151 მუხლით დადგენილი იყო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის პროცედურა, კერძოდ, (1) კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მოსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან; (4) კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება; (5) კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
პროგრამის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
დადგენილია, რომ სს „...ი მ...ში“ განხორციელებული შემოწმების შედეგად, კომპანიას დაეკისრა ზედმეტად მოთხოვნილი თანხის - 23 882.18 ლარის დაბრუნება. მასვე, პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტიდან გამომდინარე, დაეკისრა ჯარიმის სახით 51205.27 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ №66 დადგენილებაზე, რომლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვრათ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობებით. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2019 წლის 1 თებერვლამდე დაკავებული თანხა, აგრეთვე მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ, შესაბამისი დავალიანების გამო, ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე პერიოდამდე გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის წერილი (ტ.1. ს.ფ. 197-198, 199-200), რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანია გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციის 24341,19 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან და 2019 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით ამ აქტის ფარგლებში/პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება/სხვა ვალდებულება არ ფიქსირდება. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №NHA 4 22 00626856 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, სს „...ს“ (სს „...ის“ უფლებამონაცვლე) თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. №05/2017 აქტით განსაზღვრული იყო პროგრამულად ანაზღაურებულიდან უკან დასაბრუნებელი თანხა - 39,999.59 ლარი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა 81,223.33 ლარი. აღნიშნული თანხებიდან აღსრულებულ იქნა უკან დასაბრუნებელი თანხა სრულად და დამატებითი ფინანსური ჯარიმიდან 56,882.14 ლარი. დარჩენილი 24,341,19 ლარი ლეგალიზებულ იქნა (გაუქმდა) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით, №05/2017 აქტის აღსრულება განხორციელდა 2017 წლის 04 მაისიდან 2017 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს მიღებული განჩინების შემდგომ შეწყდა №05/2017 აქტის აღსრულება (ტ.2. ს.ფ. 211-213).
ამდენად, გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა აქტის ბათილად ცნობას 23882.18 ლარის ოდენობით უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №05/2017 აქტის 7.1. პუნქტით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით შეტანილი ცვლილება. მითითებული ცვლილების გათვალისწინებით სს ,,...ი“ თავისუფლდება გასაჩივრებული აქტით დარიცხული საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც უნდა განხორციელდეს 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2023წ. №02216 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე