№ბს-1009(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ვ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ვ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2021 წლის 11 აგვისტოს №136 სხდომის ოქმი გ.ვ-ის ნაწილში; ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე გ.ვ-ისათვის შუამდგომლობის აღძვრის შესახებ.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2021 წლის 11 აგვისტოს №136 სხდომის ოქმი გ.ვ-ის ნაწილში. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), გ.ვ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ფ.ვ-ეს გააჩნდა საცხოვრებელი სახლი სოფელ ...ში და 2007 წელს მიღებული აქვს სახელმწიფოსგან 5000 ლარი, რაც გამორიცხავს ბენეფიციარის განცხადების განხილვის შესაძლებლობას. კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საკითხის გარშემო მტკიცებულებები, გამოითხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაცია, გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა სხდომა, მოსარჩელე მოიწვია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და მოსთხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს სასამართლოს მსჯელობას, რომ კომისია ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას.
კასატორის განმარტებით, გ.ვ-ე ცხოვრობს თავის კუთვნილ სახლში, სოფელ ...ში. საქმეში არ არის წარმოდგენილი ქირავნობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი გააჩნდა სოფელ ...ში 2012-2017 წლებში, თუმცა პროგრამის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ, თავისივე ნებით, უარი თქვა მის სახელზე რეგისტრირებულ 3271 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 იანვრის განკარგულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უარი ეთქვა პროგრამაში ჩართვაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ, 2018 წლის 10 მაისს მომზადებული, გ.ვ-ის და ფ.ვ-ის (სოფელი ...) საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, საკვლევი ტერიტორია მდებარეობს ჩ.ა. ექსპოზიციის ფერდზე, რომლის დახრილობა 25-350-ის ფარგლებშია. ტერიტორიის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ შუა ეოცენის ასაკის ვულკანოგენური წარმოშობის ტუფობრექჩიები, ბრექჩიები და სხვადასხვა წარმოშობის ვულკანოგენური ქანები, უხეშნატეხოვანი მასალების ჩანართებით, ძირითადი ქანები გადაფარულია მეოთხეული ასაკის დელუვიური ნალექებით, სიმძლავრე ვიზუალურად არ ფიქსირდება. გეომორფოლოგიურად ტერიტორია წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდს, სადაც ფიქსირდება გასულ წლებში განვითარებული მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები. საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე ფიქსირდება საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფრაგმენტები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, გეოლოგიური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის (ს.ფ 19); ბ) 2018 წლის 22 ივნისის №2 ოქმით, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უმცროსმა სპეციალისტმა ზ.პ-ემ და სოფელ ...სა და ...ის მოსახლეობამ ერთხმად დაადგინეს, რომ გ.ვ-ეს საცხოვრებელი სახლი 1996 წელს მეწყერმა ნამდვილად დაუშალა და ის დღემდე უსახლკაროდაა (ს.ფ 24-25); გ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების 19.10.2018წ. ფორმის (I კატეგორია - სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას) მიხედვით (დანართი №4), ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში დაზარალებული ოჯახის მონაცემებში მითითებულია გ.ვ-ის (პ/ნ ..., დაბ. თარიღი: ... ... ...) ოჯახი ( მ-ე მ., ვ-ე ფ., ვ-ე ა., ვ-ე ან.) და აღნიშნულია, რომ სახლმა დაზიანება მიიღო მეწყერის შედეგად, დღემდე ოჯახზე გაწეული იქნა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება 2007 წელს, კერძოდ, ოჯახს მიღებული აქვს 5 000 ლარი. დასახელებული ფორმა დამოწმებულია მუნიციპალიტეტის მერის მ/შ (ვ.ბ-ე) და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის (გ.კ-ე) ხელმოწერებით და შესაბამისი ბეჭდებით (ს.ფ 20); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის №... წერილით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს - ვ.ბ-ეს, 2019 წლის 20 თებერვლის (№...)) წერილის პასუხად ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის გ.ვ-ის, მ.მ-ის, ა.ვ-ის და ან.ვ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ იყო, ხოლო ფ.ვ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: ..., რეგისტრირებული იყო „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების ფარგლებში, თუმცა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ფ.ვ-ის საკუთრების უფლება გაუქმდა 2017 წლის 1 მაისს (ს.ფ 23); ე) 2012 წლის 11 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 09.08.2012), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, საკომლო წიგნის ჩანაწერებისა და 2012 წლის პირადი განცხადების საფუძველზე ფ.ვ-ის (პ/ნ ...) საკუთრებად აღირიცხა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 3271,62 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ... (ს.ფ 21); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე დგინდებოდა, რომ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო განცხადება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რის გამოც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 601 მუხლების შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ბათილად ცნო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება და შეწყვიტა მისი მოქმედება ძალაში შესვლის დღიდან (ს.ფ 29-30); ზ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 3 აპრილის №1791 წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ როგორც ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათიდან ირკვეოდა, მოქალაქე გ.ვ-ე (პ/ნ ...) და მისი ოჯახის წევრები, დროებით ცხოვრობდნენ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოქალაქე ნ.პ-ის საცხოვრებელ სახლში ქირით (სამი ოთახი), რომელიც მფლობელს იმ დროისათვის არ ჰქონდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში (ს.ფ 27); თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 23 ოქტომბრის №05/2760 წერილით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ“ (04.10.2019წ. №21 ოქმი) განიხილა მერის შუამდგომლობები, რასთან დაკავშირებითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შემდეგი საკითხების დამატებით შესწავლა/დაზუსტება, კერძოდ: .... გ.ვ-ის ოჯახზე: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 იანვრის №15 განკარგულების №2 დანართით დამტკიცებული „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, გამოსაკვლევი და სამინისტროსთვის წარსადგენი იყო ინფორმაცია მიზნობრივად თუ იქნა გამოყენებული ბენეფიციარის მიერ გასულ წლებში აღებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ბ) დასაზუსტებელი იყო ინფორმაცია ოჯახის საკუთრებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, განმცხადებლის დედის - ფ.ვ-ის საკუთრებაში დარეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთი, სოფელ ...ში (რომელიც 2017 წელს ბათილად იქნა ცნობილი), აღნიშნულ ფართზე დგას დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს ბენეფიციარის ოჯახი. დაზარალებული აცხადებს და იმოწმებს მეზობლებს, რომ სახლი არის ფ.ვ-ის ძმის, ნ.პ-ის მფლობელობაში და ძმას უხდიან ქირას (თუმცა არავითარი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არც ქირის ხელშეკრულება საქმეში არ არის). აღნიშნულთან დაკავშირებით გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუკი სოფელ ...ში არსებული უძრავი ქონება ფაქტობრივად ფ.ვ-ის ძმის, ნ.პ-ის საკუთრებაა, რატომ განხორციელდა მიწის დარეგისტრირება 2012 წელს არა მასზე, არამედ მის დაზე - ფ.ვ-ეზე. ამდენად, მიზანშეწონილია, საკითხის განხილვა გადაიდოს მანამ, სანამ არ დადგინდება ქონების მესაკუთრე, აღნიშნულისთვის ბენეფიციარმა უნდა განახორციელოს ქონების დარეგისტრირება (მათ შორის, მიმართოს აღიარების კომისიას ან/და ა.შ.); გ) ინფორმაციის სრულად მოძიების შემდგომ, კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დასაზუსტებელია ოჯახში მცხოვრებ შშმ პირს დანიშნული ჰყავს თუ არა მეურვე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაყოვნდებოდა პროგრამაში ჩართვის საკითხი (ს.ფ 31-33); ი) 2019 წლის 25 ოქტომბერს ნ.პ-ემ განცხადებით (რეგ. №...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა უძრავ ნივთზე მისამართით: ლანჩხუთი, სოფელი ... ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მარეგისტრირებელმა ორგანომ შუამდგომლობით (№..., 13.12.2019წ.) მიმართა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად (ს.ფ 165); კ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 4 თებერვლის №84 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2019 წლის 13 დეკემბრის №... წერილის პასუხად გადაეგზავნა საკუთრების უფლების მოწმობა №15, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განკარგულება №47 და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 3 თებერვლის №47 განკარგულებით დადგინდა შემდეგი: 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 3551 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დანიშნულებად განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო; 2. დაკმაყოფილდა ნ.პ-ის მოთხოვნა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე 3551 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; 3. ნ.პ-ის, გ.პ-ის, რ.პ-ის, რა.პ-ის და გი.პ-ის სახელზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული იქნებოდა საკუთრებაში უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი (ს.ფ 164, 35-36); ლ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 3 თებერვლის №15 საკუთრების უფლების მოწმობა მიეცა ნ.პ-ეს, გ.პ-ეს, რ.პ-ეს, რა.პ-ეს და გი.პ-ეს მასზედ, რომ მათ საკუთრებაში გადაეცათ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი - 3551 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა საცხოვრებელი (აშენებული) – 119,56 კვ.მ., დამხმარე (აშენებული) 39.39 კვ.მ, მდებარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში (ს.ფ 38); მ) 2020 წლის 5 თებერვლის №89 წერილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სთხოვა არ განეხილათ 2019 წლის 13 დეკემბრის №... წერილის პასუხად გადაგზავნილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 4 თებერვლის №84 წერილი. შესაბამისად, 2020 წლის 5 თებერვლის №89 წერილის გათვალისწინებით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე ნ.პ-ის 2019 წლის 25 ოქტომბრის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება დასრულებული არ არის და 2021 წლის 23 თებერვალს მიღებულია - სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ირკვევა, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია, 2019 წლის 13 დეკემბრის №... წერილით გადაეგზავნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2019 წლის 13 დეკემბრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 3 თვისა. ამავე გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 3 თვის ვადაში სააგენტოსთვის პასუხის გაუცემლობა, ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ასეთ შემთხვევაში კი, სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით (ს.ფ 163, 165); ნ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 ნოემბრის №996 ბრძანებით შექმენილი ხულოს მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 11.08.2021წ. №136 სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე მოისმინეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სოფელ ...ის მცხოვრებ გ.ვ-ის განაცხადის შესახებ, რომლითაც იგი მოითხოვდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვას. კომისიამ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ გ.ვ-ის ოჯახი ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ და როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს 2007 წელს ჩაერიცხა 5000 ლარი. ამასთან, გ.ვ-ის დედას, ფ.ვ-ეს საჯარო რეესტრის ამონაწერით (საკადასტრო კოდი: ...) უფიქსირდება უძრავი ქონება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში (აღნიშნულ მიწაზე დგას დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს ბენეფიციარის ოჯახი). აქედან გამომდინარე, კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ გ.ვ-ის (ფ.ვ-ის) ოჯახის მონაცემები ვერ აკმაყოფილებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 25.01.2019წ. №15 განკარგულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც ოჯახს უარი ეთქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე (ს.ფ 16-18); ო) საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ ბათუმის №... საჯარო სკოლის მიერ 2022 წლის 18 ნოემბერს გაცემული ცნობები (№ ... და №... ), რომელთა მიხედვით დგინდება, რომ ან.ვ-ე სწავლობს დასახელებული სკოლის მე-... კლასში, ხოლო ა.ვ-ე - ... კლასში. ასევე წარმოდენილია მოქალაქე ა.ზ-ის განცხადება, რომელითაც იგი აცხადებს, რომ იგი ა.ზ-ეს, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №212-ში მცხოვრებს, გააჩნია კერძო საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველი სართულის ორი ოთახი დროებით საცხოვრებლად გადაცემული აქვს ფ.ვ-ისთვის, რომელიც ამჟამად ოჯახით ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე (ს.ფ 95-97).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 იანვრის №15 განკარგულების №2 დანართით დამტკიცებულ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის წესს (1.1 მუხლი). აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, შესაბამისი მერიის შუამდგომლობის საფუძველზე. ამავე წესის მე-5 მუხლი არეგულირებს ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის პროცედურას. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მერია ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის მიზანშეწონილობაზე საკითხის შესწავლის მიზნით, გადაამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულთა მიერ ბაზაში შეტანილი პირველადი ინფორმაცია შეესაბამება რეალობას, სამინისტროს წინაშე გონივრულ ვადებში აღძრავს შუამდგომლობას ან წარმოადგენს არგუმენტირებულ უარს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისია, მერიის შუამდგომლობის საფუძველზე. სწორედ ეს უკანასკნელი ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და პირველადი მონაცემების რეალობასთან შესაბამისობის შემთხვევაში სამინისტროს წინაშე აღძრავს შუამდგომლობას ან წარადგენს არგუმენტირებულ უარს შუამდგომლობის აღძვრაზე. შესაბამისად, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისია და სწორედ იგი ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი შესაბამის კრიტერიუმებს, მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებაში კი შედის მხოლოდ შუამდგლომლობის აღძვრის საკითხის განხილვა.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლი განსაზღვრავს მოსარგებლეთა წრეს, კერძოდ, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით შეუძლია ისარგებლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენით ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2021 წლის 11 აგვისტოს №136 სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ გ.ვ-ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულ ოჯახს 2007 წელს ჩაერიცხა 5000 ლარი, ასევე მოსარჩელის დედას - ფ.ვ-ეს უფიქსირდება უძრავი ქონება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში (ს/კ ...), რის გამოც მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც: ა) სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსაგან ან დონორი ორგანიზაციებიდან დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება (10000 ლარზე მეტი); ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღდგენის დღემდე, გააჩნიათ/გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ალტერნატიული უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა ოჯახისათვის საარსებოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ, თვითმმართველი ერთეულიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია იმსჯელოს იმ ეკომიგრანტ ოჯახთა პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელთაც გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით: ა) 5000 ლარი ან ნაკლები, თანხა ბენეფიციარის მიერ გამოყენებული იქნა სახლის ადგილზე აღდგენა-გამაგრებისათვის ან ოჯახის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისათვის.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წესი, ეკომიგრანტი ოჯახის მიერ ნორმაში მითითებული ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიღების მიუხედავად, უშვებს კომისიის მიერ თვითმმართველი ერთეულიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ეკომიგრანტ ოჯახთა პროგრამაში ჩართვაზე მსჯელობის შესაძლებლობას შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში. პროგრამაში ჩართვის მიზნით კი არ განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც სახელმწიფოსაგან ან დონორი ორგანიზაციებიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან ფულადი დახმარება 10000 ლარზე მეტი ოდენობით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ მიუღია ერთჯერადი ფინანსური დახმარება 10000 ლარზე მეტი ოდენობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ეკომიგრანტ ოჯახთა პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავ უპირობო გარემოებას არ წარმოადგენდა სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიღება 5000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული გარემოებები. აღნიშნული კი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევაზე.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას, რომ გ.ვ-ის დედას, ფ.ვ-ეს უფიქსირდება საკუთრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ფ.ვ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: ..., რეგისტრირებული იყო „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების ფარგლებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ამასთან, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ფ.ვ-ის საკუთრების უფლება გაუქმდა 2017 წლის 1 მაისს. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემისას სათანადო შეფასება არ მიუცია მითითებული გარემოებებისთვის, არ გამოუკვლევია რა გახდა უძრავ ქონებაზე ფ.ვ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, ასევე, რეალურად წარმოადგენდა თუ არა ფ.ვ-ე მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, არ გამოიკვლია, გაანალიზა და შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე