Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-865(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - კ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისი განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.კ-ემ 2021 წლის 08 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა კ.კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N10-3645/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კ.კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახიდან. აქვს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი სოფელ ...ში. რეგისტრირებულია ცალკე კომლად, თუმცა იმის გამო, რომ მისი სახლი დაზიანებული და ავარიულია, იძულებულია იცხოვროს სხვის საკუთრებაში. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N03-3645/ო ბრძანება, კ.კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კ.კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 29-30 სექტემბრისა და 1 ოქტომბრის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, კ.კ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კ.კ-ე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან მას შეუფერხებლად შეეძლო ესარგებლა ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში ოჯახის (ნ.დ-ის) საკუთრებაში არსებული, ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლით. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად ვერ დადასტურდა მოსარჩელის ოჯახის მიერ მითითებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო სხვის საკუთრებაზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობებით დგინდებოდა, რომ კ.კ-ე და ნ.დ-ე რეგისტრირებულნი იყვნენ ცალ-ცალკე კომლებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოსთვის სრულიად გაუგებარია სასამართლოს მითითება დედის საკუთრებაში მოსარჩელის შეუფერხებლად ცხოვრების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში დაცულია 2021 წლის აღწერის (გადამოწმების) ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს დედის საკუთრებაში, რომელიც ჯერ არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ასევე წარმოდგენილია სახლის ფოტომასალა, საიდანაც ირკვევა, რომ სახლი არის ორსართულიანი, სადაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლია დროებით იცხოვროს სამ სულიანმა ოჯახმა.

კასატორის მითითებით, სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ კ.კ-ის და ნ.დ-ის ოჯახი წლების წინ ცალ-ცალკე კომლებად არიან რეგისტრირებულნი. გაუგებარია, რომელ საარქივო ჩანაწერს ეყრდნობა სასამართლო. ამასთან, 1990-იან წლებში მოსარჩელის და მისი დედის, ნ.დ-ის ცალკე კომლად რეგისტრაციის ფაქტი არ გამორიცხავს დღეის მდგომარეობით მათი ფაქტობრივად ერთად ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტი, რომ მოსარჩელე ცალკე კომლად არის რეგისტრირებული და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მოსარჩელის შეუფერხებლად დედის სახლში ცხოვრების შესახებ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს კ.კ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განაცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე კ.კ-ე არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი. მოსარჩელემ 2020 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. განცხადებაში ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია შვილი თ.კ-ე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, 2020 წლის 15 სექტემბერს, კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელე კ.კ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა 16 ქულა (მათ შორის 10 ქულა - კ.კ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების პირველი კატეგორიისათვის მიკუთვნების გამო; 6 ქულა - მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი). აღნიშნული შეფასების ოქმის კომენტარის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კ.კ-ეს სხვა ალტერნატიული ფართი არ უფიქსირდებოდა.

საქმეში წარმოდგენილი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, კ.კ-ის საცხოვრებელი სახლის შეფასების ნაწილში დადგინდა, რომ საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ...ას მარჯვენა, სამხრეთ-დასავლური ექსპოზიციის, საშუალოდ 10-15°-მდე დახრილობის ფერდობის შუა ნაწილში. აღნიშნული ფერდობის შუა ნაწილში მდებარეობს ორსართულიანი ნახევრად კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც ძლიერ დეფორმირებულია და მისულია ავარიულ მდგომარეობამდე; კერძოდ: მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებზე (კედლები და საძირკველი) ფიქსირდება მრავალი დეფორმაციის ნიშნები გამჭოლი ვერტიკალური, სუბჰორიზონტალური და დიაგონალური ბზარების სახით. დაბზარულია დასხმული ბეტონის საფარი. სახლის არსებული მდგომარეობის მიზეზს მეწყრული პროცესები და არასწორი ექსპლუატაცია წარმოადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით აღინიშნა, რომ მომავალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია მოქალაქე კ.კ-ის გეოლოგიურად უსაფრთხო მდგრად ადგილზე გადაყვანა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის 2020 წლის 27 აგვისტოს შეფასების ფორმით, კ.კ-ის საცხოვრებელ სახლს მიენიჭა დაზიანების პირველი კატეგორია.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 29-30 სექტემბრისა და 1 ოქტომბრის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კ.კ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ კ.კ-ე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან მას შეუფერხებლად შეეძლო ესარგებლა ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში ოჯახის (ნ.დ-ის) საკუთრებაში არსებული, ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად დასახელებული გარემოება გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამგვარი დასკვნის უტყუარად გაკეთება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ოზურგეთის არქივის საარქივო ცნობების თანახმად, კ.კ-ე და მისი დედა - ნ.კ-ე რეგისტრირებულნი არიან ცალ-ცალკე კომლებად. ამასთან, 2021 წლის 28 ივლისის გადამოწმების ოქმის თანახმად, განხორციელდა მონიტორინგი კ.კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ სახლში. ოქმში აღინიშნა, რომ კ.კ-ე ცხოვრობს დედის, ნ.დ-ის საცხოვრებელ სახლში, ო.კ-სთან (მეუღლე), თ.კ-ესთან (შვილი), ი.კ-სთან (შვილი), ნ.გ-სა (რძალი) და გ.კ-სთან (შვილიშვილი) ერთად. შენობა არის ავარიული, რის გამოც, ამჟამად ოჯახი ცხოვრობს ერთი სახლის გამოტოვებით მეზობლად მდებარე (ნ.დ-ის) სახლში. საქმეში ასევე დაცულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 27 ივლისის №36-362220873 ცნობა, რომლის თანახმად, ნ.დ-ის საცხოვრებელ სახლში ნამდვილად ცხოვრობს სტიქიურად დაზარალებული ოჯახი - კ.კ-ე, ო.კ-ე და თ.კ-ე, რომლებიც არიან ცალკე კომლში და არ არიან ნ.დ-ის კომლის შემადგენლობაში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ავარიული და საცხოვრებლად საშიში სახლის გარდა საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, დროებითი საჭიროებიდან გამომდინარე დედის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი, არ ქმნის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ამდენად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა