Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-744(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-მა 2021 წლის 07 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა „მ.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 07 დეკემბრის №03-3063/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1984 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში, თუმცა მოპასუხის სადავო გადაწყვეტილებით უკანონოდ უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. მოსარჩელის მითითებით, მისთვის გაუგებარია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მ.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 07 დეკემბრის №03-3063/ო ბრძანება; მოპასუხეს მ.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 24 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №298 ცნობის თანახმად, მ.მ-ი 1984 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 24 სექტემბრის №514-01 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მ.მ-ისა და მისი ოჯახის 1984 წლიდან 1993 წლამდე ...ის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს მისმა მეზობლებმა მ.გ-მ და ნ.ვ-მ. ასევე, სასამართლომ მიუთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივლისის №52/144233 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოინდეტურობის დამდგენი კომისიის 2011 წლის 14 დეკემბრის №611 დასკვნის თანახმად, მ.მ-ი 1983 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აფხაზეთში, ...ის რაიონის სოფელ ...ში. ზემოაღნიშნულ მკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაჯეროვნად იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და დადგენილად მიიჩნია, რომ ომამდე მ.მ-ის საცხოვრებელი ადგილი იყო ...ის რაიონის სოფელი ...

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად. სასამართლოს მიერ დასახელებულ ცნობებში აღნიშნული ინფორმაცია ეწინააღმდეგება თავად მოსარჩელის მიერ გადმოცემულ მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, კერძოდ, მ.მ-ის განმარტებით იგი გათხოვდა 1983 წელს და შვილი შეეძინა 1984 წელს, ხოლო გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით იგი 1986 წელს გათხოვდა და წავიდა აფხაზეთში მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართზე - აფხაზეთი, ...ის რაიონი, სოფელი ... კასატორის მითითებით, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული საცხოვრებელი მისამართი ცალსახად არ მიუთითებს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაევლო ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოში ჩატარებული გასაუბრების დროს, მ.მ-ის მიერ დასახელებული მეზობლებიდან (სოფ. ...) არც ერთი არ იძებნება დევნილთა მონაცემთა ბაზაში. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე 1983 წელს გათხოვდა აფხაზეთში და იქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. არც შვილის დაბადების მოწმობა ახლავს საქმეს, მათ შორის არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა აფხაზეთის ომის დროს. კასატორი აღნიშნავს, რომ მ.მ-ს არ წარმოუდგენია არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი მუშაობის ფაქტს ...ის ...ში 1992 წლამდე. არც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას გამოუგზავნია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციულ ორგანოს აფიქრებინებს, რომ მ.მ-ი აფხაზეთის ომამდე არ ცხოვრობდა ...ში. მოსარჩელის მონათხრობიდან როგორც ირკვევა, მისი შვილი (დაბადებული ... წელს) არ დადიოდა სკოლაში. კასატორის მოსაზრებით, ომის დაწყების დროს - 1992 წელს ბავშვი იყო ... წლის და, შესაბამისად, სკოლაში უნდა ევლო. მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი სკოლაში არ დადიოდა, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, განპირობებულია იმით, რომ მოსარჩელემ არ იცის რომელ სკოლაში დადიოდა მისი შვილი, რადგან იმ პერიოდში იგი აფხაზეთში მეუღლესთან და შვილთან აღარ ცხოვრობდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ მ.მ-ის განმარტებით, მან აფხაზეთი დატოვა მარტომ, მაშინ როდესაც მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა სახლში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა, ასევე მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლებისათვის საფრთხის არსებობის გამო შეუძლებელი უნდა იყოს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენას.

განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოში შევსებულ კითხვარში მ.მ-მა აღნიშნა, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ...ში. დევნილობამდე, 1983 წელს იქორწინა ბ.კ-ზე, რომელიც გარდაიცვალა ომის დროს. მისი ოჯახი შედგებოდა სამი წევრისაგან: შვილი - რ.კ-ა, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, დედამთილი - ნ.კ-ა, რომელიც გარდაიცვალა ომის დროს. მოსარჩელე 1969-1977 წლებში სწავლობდა სოფელ ...ის სკოლაში, დაასრულა 8 კლასი. 1977-1981 წლებში სწავლობდა ...ში, ... ტექნიკუმში. 1983-1992 წლებში მუშაობდა ...ში, ...ის ...ში. მ.მ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე იყო ...ში, სოფელი ..., მეუღლის საკუთრებში არსებული ერთსართულიანი სახლი, საიდანაც წამოვიდა ომის პერიოდში. მოსარჩელის განმარტებით, იყო წასული სოხუმის ...ში, რა დროსაც დაიწყო ინტენსიური სროლა და პირდაპირ სოხუმიდან წამოვიდა მ.კ-სთან (თანამშრომელი) ერთად. ამ დროს მისი მეუღლე იყო სამსახურში, ხოლო მისი არასრულწლოვანი შვილი იყო სახლში ბებიასთან. მისი მეუღლე მოკლეს აფხაზებმა, ხოლო ბავშვის ადგილსამყოფელი მას შემდეგ არ იცის. 1993-1998 წლებში ცხოვრობდა ...ში. 1998-2017 წლებში ცხოვრობდა თბილისში ქირით. 2017 წლიდან კი ცხოვრობს მშობლების სახლში ...ში, სოფ. ...ში. მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე ბ.კ-ა ომამდე მუშაობდა ...ის ...ში ...ად. შვილი რ.კ-ა არ დადიოდა სკოლაში, რადგან იყო არეულობა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივლისის №52/144233 წერილის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოინდეტურობის დამდგენი კომისიის 2011 წლის 14 დეკემბრის №611 დასკვნის თანახმად, მ.მ-ი 1983 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აფხაზეთში, ...ის რაიონის სოფელი ...ში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №298 ცნობის მიხედვით, მ.მ-ი ცხოვრობდა 1984 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ...ის რაიონის სოფელი ...ში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 24 სექტემბრის №514-01 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მ.მ-ისა და მისი ოჯახის 1984 წლიდან 1993 წლამდე ...ის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს მისმა მეზობლებმა მ.გ-მ და ნ.ვ-მ.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია ზემოთ დასახელებულ ცნობებში მითითებული ინფორმაციის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები. წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა 1983-1992 წლებში მოსარჩელის არა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ სხვა ადგილას ცხოვრების, სწავლის ან მუშაობის ფაქტს. საკასაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები წარმოადგენს კასატორის ვარაუდს და გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით დადგენილია 1983-1992 წლებში მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი და საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია, არსებობდა მ.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა