Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1154(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.ნ-ი, ი.ნ-ი, მე.ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ., ი., და ინ. ნ-ებმა 2022 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მ.ნ-ის ოჯახის განსახლებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1987/ო ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ.ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მ.ნ-ი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე - ომის ვეტერანი. მის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 5.0 ქულა. მიუხედავად ქულათა საკმარისი რაოდენობისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ., ი., და ინ. ნ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1987/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ.ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.ნ-ი თავის ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს ქირით, მის მიერ გასხვისებულ, დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ...ას მე-2 შესახვევი №20-ში მდებარე უძრავ ქონებაში, ხოლო მისი რეგისტრაციის მისამართია - ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, მე-3 კვ, კორპ 11, ბ... (ქალიშვილის ა.ნ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების მისამართი).

კოლეგიის მითითებით, კრიტერიუმების შესაბამისად, მ.ნ-ის დევნილი ოჯახი შეფასებულ იქნა და საბოლოოდ, ჯამურად 5 ქულა დაფიქსირდა, მათ შორის კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა (ვეტერანი) - მ.ნ-ი 1.5 ქულა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები („შშმპ“) - მ.ნ-ი მნიშვნელოვნად გამოხატული „შშმ“ პირი - 2 ქულა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან, კერძოდ კი იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მის მიერ გასხვისებულ ბინაში, კოლეგიამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლომ მიუთითა მოწმე - დ.ა-ის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მან 2019 წელს მ.ნ-ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ...ას მე-2 შესახვევი №20-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. ამასთან, მოსარჩელესთან არანაირი ნათესაური ურთიერთობა არ აკავშირებს. მ.ნ-ი მას უხდის ქირას - ყოველთვიურად 200 ლარს, ქირის ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული. ქირის ეს ოდენობა მისთვის მისაღებია, რადგან მ. ამავდროულად უვლის მის საკუთრებას, სახლს და ეზოს. მოწმის განმარტებით, მ.ნ-მა უძრავი ქონება გაყიდა ვალების გამო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტოს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N30), დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდა სულ 60 დევნილი ოჯახი, ხოლო მათგან 5 ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 5 ქულა, 5 ქულაზე ნაკლები კი მინიჭებული ჰქონდა 8 დევნილ ოჯახს. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას, არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააგენტომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. კასატორის განმარტებით, მ.ნ-მა 2019 წლის 16 იანვარს გაასხვისა საკუთრება, ხოლო 2019 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მიმართა სააგენტოს. ამდენად, გასხვისება ფიქტიურია. ამასთან, მოსარჩელის ოჯახი კვლავ გასხვისებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობს. კასატორის მითითებით, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ქირას იხდის, არამედ სასამართლო, მხოლოდ მოწმის ზეპირ განმარტებას დაეყრდნო. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ას მე-2 შესახვევი №20-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ სახელმწიფოსგან მიიღო. კასატორის მითითებით, თავდაპირველად უნდა დაკმაყოფილდეს ის ოჯახები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ, ხოლო იმ პირთა განსახლების საკითხი, რომლებმაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, განიხილება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს მ.ნ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

რაც შეეხება დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

პალატა მიუთითებს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ომის ვეტერანის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არადევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი).

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

მოცემულ შემთხვევაში, მ.ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მ.ნ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც განაცხადის შევსებამდე ფიქტიურად გაასხვისა, თუმცა ხელშეკრულების ფიქტიურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მ.ნ-სა და დ.ა-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არ გამხდარა და მისი ფიქტიურობა სათანადო წესით არ დადგენილა. აღსანიშნავია, რომ ბინის შემძენი - სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული დ.ა-ი ადასტურებს, რომ მან 2019 წელს მ.ნ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება. ამასთან, მოსარჩელესთან არანაირი ნათესაური ურთიერთობა არ აკავშირებს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მ.ნ-ის შვილს - ა.ნ-ს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება, პალატა აღნიშნავს, რომ ა.ნ-ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადი არ შეუვსია და, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი განსახლების საკითხზე არ უმსჯელია. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს მ.ნ-ის ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კრიტერიუმების საფუძველზე შეფასების შედეგად მ.ნ-ისათვის მინიჭებული ქულის იდენტური შეფასების მქონე (5 ქულა) ოჯახები დაკმაყოფილებულ იქნენ გრძელვადიანი საცხოვრებლებით. ამდენად, არსებობდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობებიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა