საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-752(2კ-23) 14 მაისი, 2024 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ჭ-ე
მოპასუხე - ტ.ბ-ე
მესამე პირი - ლ.ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ჭ-ემ 2019 წლის 05 დეკემბერს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - ი.ჭ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 ნოემბრის №1672 ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ ხელვაჩაურის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №1794 ბრძანებისა და ნ.ჭ-ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შ-ების ერთეულში უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 13 სექტემბრის №533 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ყოფილი ნ.ჭ-ის საკოლმეურნეო კომლის ქონება) საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებასთან ერთად წარადგინა აზომვითი ნახაზი, ამონაწერები საკომლო წიგნებიდან, რომლითაც დასტურდებოდა ქონების მართლზომიერი მფლობელობა. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სამსახურმა მოითხოვა ნ.ჭ-ის მიერ წარდგენილი აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთისა და საკომლო ამონაწერებში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება, რასაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ხელვაჩაურის მერიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა იდენტურობის დადგენაზე იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდა ი.ჭ-ე, რაც იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რადგან ნ.ჭ-ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას იმ კომლის ქონებაზე, რომლის წევრი არ ყოფილა ი.ჭ-ე. მოსარჩელის მითითებით, ი.ჭ-ე 1968 წელს გამოეყო ცალკე კომლად მამის - ს.ჭ-ის კომლს და მის კომლს ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით ი.ჭ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 აპრილის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ი.ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ.ჭ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 დეკემბრის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და დამატებით მოპასუხედ მიუთითა ტ.ბ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შ-ების ერთეულში უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 13 სექტემბერი №533 ბრძანება ნ.ჭ-ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №1794 ბრძანება ნ.ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 01 ნოემბრის №1672 ბრძანებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეესწავლა წარმოდგენილი საკომლო ჩანაწერები და საარქივო მასალები. ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
სასამართლოს მითითებით, ი.ჭ-ე 1964 წელს გამოეყო ნ.ჭ-ის კომლიდან. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 08/08/2019 წლის №... საარქივო ცნობისა და საკომლო ამონაწერის თანახმად, შ-ების სადაბო საკრებულოს სოფელ ...ას 1986-2000, 2001-2006 წლებში საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით ჭ-ე.ი ირიცხებოდა კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვთის ფართობი შეადგენდა 0.25 ჰა და კომლის სახელზე ირიცხებოდა 1968 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. საკოლმეურნეო კომლის გაუქმების პერიოდისათვის ი.ჭ-ე არ ირიცხებოდა სადავო სახლში კომლის წევრად და შესაბამისად არც უფლება გააჩნდა მასზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქონებრივ დავაზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტები მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ.ჭ-ემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აპრილის განჩინებით, ლ.ჭ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ.ჭ-ემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, მოცემულ დავასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიაში 2019 წლის 01 ოქტომბერს №1672 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენა მოქალაქე ნ.ჭ-ის საჩივრის გამო, სადაც მომჩივანი ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის (შ-ების ადმინისტრაციულ ერთეულში) - ტ.ბ-ის დავალდებულებას გამოეცა აქტი ნ.ჭ-ის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე. 2019 წლის 13 სექტემბერს ტ.ბ-ემ გამოსცა №533 ბრძანება იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდა ი.ჭ-ე. ამდენად, არსებობდა იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი. კასატორის მითითებით, ტ.ბ-ის მიერ აღნიშნული საკითხი სრულყოფილად იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სახლის ნაწილზე პრეტენზია გააჩნდა ი.ჭ-ესაც. შესაბამისად, რამდენადაც საკითხი იყო სადავო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის შესწავლის დროს ტ.ბ-ის მიერ დაკითხულ იქნენ მეზობლები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სახლზე პრეტენზიას აცხადებდა ი.ჭ-ეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ლ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ნ.ჭ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ნ.ჭ-ეს დაევალა წარდგენილი აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთისა და საკომლო ამონაწერებში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობიდან შესაბამისად, ნაკვეთთა იდენტურობის დადასტურებას ახორციელებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ნ.ჭ-ემ მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
ასევე დადგენილია, რომ შ-ების ადმინისტრაციულ ერთეულში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის №533 ბრძანებით, ნ.ჭ-ის მიერ წარდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნაკვეთთა იდენტურობა არ დადასტურდა. ბრძანებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 13 სექტემბრის №00202 ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, იდენტურობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა სადავო ქონებას და მასზე პრეტენზიას აცხადებდა ი.ჭ-ე.
ზემოხსენებული 2019 წლის №533 ბრძანება ნ.ჭ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჩივარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №1794 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებდა ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება იყო სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნაკვეთზე განთავსებულ სახლზე პრეტენზიას აცხადებდა საქმეში მესამე პირად ჩაბმული ლ.ჭ-ე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებაში დასახელებული გარემოება არ წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის კვლევის საგანს. ამასთან, ოქმში არ არის მითითებული თუ ვინ ესწრებოდა უძრავი ნივთის დათვალიერებას, რომელი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელი იქნა გამოკითხული, რა გარემოებები დადგინდა დათვალიერებისას და ა.შ.
პალატა აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე სხვა პირის რაიმე სახის უფლების არსებობა შესაძლოა გამხდარიყო მარეგისტრირებელი ორგანოს მსჯელობის საგანი და აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა ნაკვეთის იდენტურობის დადგენის გამომრიცხავ გარემოებას. ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნებით და არა კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ნაკვეთთა იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის სხვა საფუძველი (გარდა უძრავ ქონებაზე მესამე პირის პრეტენზიის არსებობისა) ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ დასახელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა