Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-231(3კ-22) 20 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მოპასუხე), სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა (მოპასუხე) და შპს „მ...ს“ (მესამე პირი) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს...“, მესამე პირი - შპს „ ნ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 იანვარს შპს „ს...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N25 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ლ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, შპს „ს...ის“ შუამდგომლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, შპს „ს...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, შპს „ს...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება; შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2019 წლის 15 მარტს შპს „ლ...მ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, შპს „ლ...ს“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, შპს ,,ლ...ს“ მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, შპს „ლ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ნ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით, შპს ,,ლ...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს ,,მ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის №25 ბრძანება შპს ,,ს...ის“ დირექტორის თ.ქ-ის წარმომადგენლების: მ.თ-ას და უ.ზ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) მე-2 მუხლზე, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ასევე ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2018 წლის 1 ნოემბრის №AR1641506 განცხადება, კერძოდ, დადასტურდა ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში, (ს/კ: №...) შპს „ლ...ს“ და შპს ,,ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შპს „ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ამავე სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2019 წლის 4 იანვრის №AR1652741 განცხადება და დადასტურდა ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში (ს/კ: №...) შპს „ლ...ს“ და შპს ,,ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შპს ,,ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კორექტირება. ამავე გადაწყვეტილებებით განმცხადებელს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინათ შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მათ შორის თავად ამ გადაწყვეტილებიდანაც ნათლად ჩანს, რომ არქიტექტურის სამსახურს არ გააჩნდა ნათელი წარმოდგენა დამკვეთის მიერ იმ შენობა-ნაგებობაზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომელსაც სხვა მესაკუთრეც ჰყავდა.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 46-ე პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად თანასაკუთრების უფლების მქონე შენობა-ნაგებობის გარე ფასადზე ჩაჭრილია ფანჯრის ქვედები კარად გარდაქმნის მიზნით. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში მდებარე შენობა აშენებულია გასულ საუკუნეში აგურით და მასზე გამოყენებულია ხის კოჭები, შესაბამისად მისი კედლები, მათ შორის გარე ფასადის კედელი უდავოდ წარმოადგენს მზიდ კონსტრუქციას და ამდენად გაურკვეველია, ფასადზე არსებული ფანჯრის ჩაღრმავება კედლის გამოჭრის გზით რატომ არ დაუკავშირა ადმინისტრაციულმა ორგანომ შენობის მდგრადობას და არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის საქმეში დაინტერესებული პირის სახით აპელანტის, როგორც დაინტერესებული მხარის მიწვევის შესახებ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების არსებითი ხარვეზია (სზაკ-ის მე-13, 95-ე მუხლები). ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, აღსანიშნავია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მშენებლობის განხორციელების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად განიხილავდა საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენას (მუხლი 33).

სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მზიდი კონსტრუქციის შესახებ პალატის ამ მოსაზრებას ამყარებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ...ის გამზ. №25-ში მდებარე ,,ს...ის“ 4 სართულიანი აგურის შენობის ...ის გამზირის მხარეს არსებული ბლოკის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობის აღნიშნულ ნაწილს ცალკეულ ადგილებში გააჩნია II-III ხარისხის დაზიანებები. აქედან დაზიანებათა უმრავლესობა ძველია, ხოლო ნაწილი ახალი. საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით იგი შეიძლება მიეკუთვნოს II კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის საექსპლუატაციო მედეგობა დაქვეითებულია და ექვემდებარება გამაგრებას დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტით. რაც შეეხება ...ის გამზირის მხარეს, პირველ სართულზე ღიობების ზომების გაზრდას - ასეთ ცვლილებებს შეუძლია შენობის მდგრადობაზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა. მის განსახორციელებლად საჭიროა მოხდეს შენობის სახეცვლილი კონსტრუქციული სქემის მიხედვით გადაანგარიშება და მის საფუძველზე ღიობების მოჩარჩოება - გაძლიერების სამუშაოების ჩატარება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემა (უფლების დადასტურება) ადმინისტრაციული წარმოების შედეგია, ადმინისტრაციული წარმოება კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი კი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უმთავრეს პრინციპს - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო პალატის მითითებით, მშენებლობის ნებართვა (უფლების დადასტურება) წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც მის ადრესატს მშენებლობის განხორციელების უფლებას ანიჭებს. მეორეს მხრივ, ამგვარი უფლების განხორციელება მოცემულ შემთხვევაში უპირისპირდება სხვა პირის უფლებას - საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი შეინარჩუნოს უსაფრთხო მდგომარეობაში. საპირისპირო უფლებათა სწორად განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტი საკითხია და შესაბამისად, ყველა სხვა გარემოების კვლევა და შეფასება უნდა მოხდეს მითითებული საკითხის გადაწყვეტის კვალდაკვალ. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების ინიციატორი - განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, ადმინისტრაციული ორგანო კი ვალდებულია, ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს ისე, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე გააჩნდეს პასუხი იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა განუსაზღვრავს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა გამოიკვლიოს არა მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ უნდა შეაფასოს, ხომ არ წარმოქმნის მშენებლობა საფრთხეს როგორც უშუალოდ მშენებლობის განმახორციელებელი პირისა და შენობის მოსარგებლეების, ისე მესამე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. დაუშვებელია, შეთანხმდეს ისეთი მშენებლობა, რომელიც უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს ზემოთ მითითებული პრინციპით და იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ თითოეული მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცირედი ეჭვი, ჰიპოთეტური საფრთხე, რაც შეიძლება პოტენციურად ემუქრებოდეს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა გახდეს განსაკუთრებული გამოკვლევის ობიექტი და მხოლოდ ყველა ეჭვის გაქარწყლების შემდეგ უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამართლებრივ სახელმწიფოში მთავარი ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, უმთავრესია ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.

სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ორ საინჟინრო საექსპერტო დასკვნაში, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ შენობაში ბზარების არსებობაზე, გასცემენ ბზარწარმოქმნის მიზეზების თაობაზე დეტალური კვლევის ჩატარების რეკომენდაციას, კონკრეტულად აღწერენ განსახორციელებელ ღონისძიებებს და მოითხოვენ იმ სამშენებლო სეისმური დარღვევების აღმოფხვრას, რასაც სადავო სამუშაოების ჩატარების დროს ჰქონდა ადგილი, ხოლო ზემოაღნიშნულს რეაგირების გარეშე ტოვებს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, პალატისათვის გაუგებარია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან შედარებით, რა უპირატესი ინტერესით იხელმძღვანელა მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანით, ადმინისტრაციული ორგანო პასუხისმგებლობას იღებს ...ის შენობის არამხოლოდ ამჟამინდელ, არამედ მის გრძელვადიანი პერსპექტივით ვარგისიანობასა და მდგრადობაზე, უმნიშვნელოვანესი ფასეულობის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის. შესაბამისად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულფასოვანი გამოკვლევითა და ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დეტალური გაანალიზების შედეგად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ წარმოშობს კითხვის ნიშნებს შენობის მედეგობასა და უსაფრთხოებასთან მიმართებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები სასამართლოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად, რაც იძლევა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა აღმჭურველი აქტის პრიორიტეტულობის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-226-224(კ-17)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ...ის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ...ის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი - უსაფრთხო გარემოში საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება აღმატებულია მესამე პირის ინტერესზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N25 ბრძანების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარმოადგენს დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ წერილობით მოთხოვნას დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილ იქნა სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების კანონშეუსაბამობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, აღნიშნული ცხადყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N25 ბრძანების უკანონობას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა ჯეროვნად განხორციელებული. ამდენად, არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის №25 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და შპს „მ...მ“.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ“ და ,,შ“ ქვეპუნქტებზე, 66-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 გადაწყვეტილებით შეთანხმებული სამუშაოები მიეკუთვნება I კლასს. შესაბამისად, მის განსახორციელებლად არ არის საჭირო მშენებლობის ნებართვის არსებობა, თუმცა საჭიროა ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დასტურის მოპოვება. ამასთან, კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 953-ე, 956-ე და 963-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესათანხმებლად სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის მათ შორის წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზირი N25-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს ,,ლ...“ და შპს ,,ს...“, ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ფართები კი იდენტიფიცირებადია, კერძოდ, შპს ,,ლ...ს“ საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა N3-ში ფართი N1 (პირველი სართული) – 301.52 კვ.მ.-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში საპროექტო ობიექტია. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, უტყუარად დგინდება, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შპს ,,ლ...ს“ საკუთრებაში არსებულ ფართზე. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 გადაწყვეტილება) დადასტურებული სამუშაოს წარმოებისთვის არ იყო საჭირო მოსარჩელის, როგორც თანამესაკუთრის თანხმობა. ამასთან, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტი შეიცავს პირობადადებულ ჩანაწერს და ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ნათელი წარმოდგენა განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, აღნიშნულთან მიმართებით, კასატორი განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, თუ სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენა აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. ამდენად, აღნიშნული დასკვნის არარსებობა არა წერილობითი დასტურის გაცემაზე უარის თქმის, არამედ ნებადართული სამუშაოების წარმოების დაწყებაზე უარის თქმის საფუძველია.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ის გამზირი N25-ში (N...) მდებარე, შპს ,,ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კორექტირების დადასტურება, კერძოდ, გაბარიტული ზომების უცვლელად ღიობების ორ კარად გადაკეთება. კასატორის მითითებით, აღნიშნულ განცხადებასთან ერთად სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წარედგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო, ფოტომონტაჟი, ინდ. მეწარმე ,,... - მ.ბ-ის“ 2018 წლის 26 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა და შპს ,,მშ...“-ის გენერალური დირექტორის მ.ბ-ის 2019 წლის 4 იანვრის დასკვნა. მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე კი, კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2019 წლის 8 იანვარს მიღებული იქნა N4329783 გადაწყვეტილება.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 აგვისტოს და 2018 წლის 19 დეკემბრის საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნები არ შეიცავენ რაიმე კონკრეტულ მითითებას სამშენებლო ნორმებთან და წესებთან ქ. თბილისში, ...ის გამზირი N25-ში (N...) შპს ,,ლ...სა“ და შპს ,,ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეუსაბამობაზე. კასატორის მითითებით, აღნიშნულის საპირწონედ, საქმეში წარმოდგენილია ინდ. მეწარმე ,,... - მ.ბ-ის“ 2018 წლის 26 ნოემბრის და შპს ,,მშ...“-ის გენერალური დირექტორის მ.ბ-ის 2019 წლის 4 იანვრის საექსპერტო დასკვნები, რომლითაც საპროექტო მშენებლობა ცალსახად არის მიჩნეული უსაფრთხოდ. რაიმე სახის მტკიცებულება კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო აქტებით შეთანხმებული სამუშაოების საფრთხის შემცველობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ“ და ,,შ“ ქვეპუნქტებზე, 66-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა, თუმცა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობისთვის აუცილებელია განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადების წარდგენა და შესაბამისი წერილობითი დასტურის მოპოვება. ამასთან, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტი შეიცავს პირობადადებულ ჩანაწერს და ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ნათელი წარმოდგენა განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, აღნიშნულთან მიმართებით, კასატორი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ეხება შენობის მზიდ კონსტრუქციებს, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა დამკვეთმა უნდა მოიპოვოს არა წერილობითი დასტურის მიღების ეტაპზე, არამედ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,მშ...“-ის გენერალური დირექტორის მ.ბ-ის 2019 წლის 4 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმად, შენობის პირველი სართული აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით კი, კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნა სადავო აქტების მომზადება/გამოცემის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა იგი სხვა დოკუმენტებთან ერთობლიობაში.

კასატორი - შპს ,,მ...“ მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ დამკვეთის მიერ სამუშაოების დაწყებამდე შესრულებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი და შედგენილი იქნა პროექტი (შემსრულებელი - ლაზარიაშვილი), ასევე, მისივე დაკვეთით აკადემიკოს ბედიაშვილს მომზადებული აქვს დასკვნები სამუშაოთა განხორციელების უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, ლაზარიაშვილის კონსტრუქციული პროექტი და ბედიაშვილის დასკვნები მოწონებული იქნა და გაცემული იქნა რეკომენდაცია სამუშაოთა გაგრძელებაზე (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.02.2019 წლის დასკვნა), ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის დასკვნით დადასტურდა სამუშაოთა განხორციელება პროექტის მიხედვით. კასატორის განმარტებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება შესაძლებლად არის მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული დასკვნითაც (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.12.2018 წლის დასკვნა).

ამასთან, კასატორი - შპს ,,მ...“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის ჩართვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს ,,ლ...ს“ მიერ განხორციელდა მის კუთვნილ ფასადზე, რომელიც რეალური ფართობით, საზღვრებითა და დამოუკიდებელი შესასვლელით არის გამოყოფილი საერთო საკუთრებისგან. გარდა ამისა, გასაჩივრებული თანხმობები არ ითვალისწინებს იმგვარ სამუშაოებს, რომლითაც მოხდებოდა შენობის გაბარიტების ცვლილება. სამუშაოები განხორციელდა არსებულ ფასადის კედელზე მხოლოდ ფანჯრის ღიობების ჩაჭრით, რასაც ფასადის მზიდ კედლებზე არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საერთო საკუთრების საგნის განკარგვას, რისთვისაც შეიძლება მოთხოვნილი ყოფილიყო თანამესაკუთრის თანხმობა. გარდა ამისა, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და აღნიშნული აქტების საფუძველზე განხორციელებულია იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები - სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად არის შესრულებული. კასატორის განმარტებით, არაერთი საექსპერტო დასკვნით დადასტურდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა და თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც კი არ ითვალისწინებს ამგვარი სამუშაოების აკრძალვას, მათში მხოლოდ მოცემულია სარეკომენდაციო ხასიათის შენიშვნები, რაც კომპანიის მიერ სრულადაა გათვალისწინებული. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ აქტებს საფუძვლად არ უდევს შპს ,,მ...ს“, როგორც დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.მ-ის 2018 წლის 1 ნოემბრის N AR1641506 განცხადება, კერძოდ, დადასტურდა ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში შპს „ლ...ს“ და შპს ,,ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), შპს „ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინა შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.

ამასთან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.მ-ის N AR1652741 განცხადება და დადასტურდა ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში შპს „ლ...ს“ და შპს ,,ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), შპს ,,ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე შეთანხმებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კორექტირების შესაძლებლობა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინა შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებები შპს ,,ს...ის“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N25 ბრძანებით, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 აგვისტოს N004567517 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზირი №25-ში მდებარე (ს/კ ...) ს...ის შენობის ...ის გამზირის მხარეს, მის პარალელურად არსებული ბლოკის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. პირველადი შეფასებით, ვიზუალური დათვალიერების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შენობის აღნიშნულ ნაწილს გააჩნია დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით, II-III ხარისხის დაზიანებები და სეისმურ ნორმებთან გარკვეული შეუსაბამობები. აქედან გამომდინარე, საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით იგი შეიძლება მიეკუთვნოს II კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის საექსპლუატაციო მედეგობა დაქვეითებულია და ექვემდებარება გამაგრებას დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტით.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 მარტის N001493218 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №25-ში მდებარე ს...ის 4 სართულიან აგურის შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება პირველი ხარისხის დაზიანება (გამოსაყენებლად უსაფრთხო) და მისი ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. შენობის შემდგომი ხანგრძლივი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭიროა გათვალისწინებული იქნას კვლევით ნაწილში მოცემული რეკომენდაციები.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ინდ. მეწარმე ,,... - მ.ბ-ის“ 2018 წლის 26 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. N25-ში არსებულ ,,ს...ის“ შენობის პირველი სართულის რეკონსტრუქციის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს, ექსპერტიზაში აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, მიეცა დადებითი შეფასება და გაეწია რეკომენდაცია დასამტკიცებლად.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის N008638418 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზირი N25-ში მდებარე (ს/კ ...) ს...ის შენობის ...ის გამზირის მხარეს არსებული ბლოკის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. პირველადი შეფასებით, იმის საფუძველზე, რაც როგორც პირველი, ისე განმეორებითი ვიზუალური დათვალიერებებით იქნა დაფიქსირებული, შეიძლება ითქვას, რომ შენობის აღნიშნულ ნაწილს ცალკეულ ადგილებში გააჩნია დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით, II-III ხარისხის დაზიანებები. აქედან დაზიანებათა უმრავლესობა ძველია, ხოლო ნაწილი ახალი. საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით იგი შეიძლება მიეკუთვნოს II კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის საექსპლუატაციო მედეგობა დაქვეითებულია და ექვემდებარება გამაგრებას დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტით. საჭიროა გათვალისწინებულ იქნას 2017 წლის 9 აგვისტოს N004567517 დასკვნაში გაცემული რეკომენდაციები. რაც შეეხება ...ის გამზირის მხარეს, პირველ სართულზე ღიობების ზომების გაზრდას, ასეთ ცვლილებებს შეუძლია შენობის მდგრადობაზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა. მის განსახორციელებლად საჭიროა მოხდეს შენობის სახეცვლილი კონსტრუქციული სქემის მიხედვით გადაანგარიშება და მის საფუძველზე ღიობების მოჩარჩოება - გაძლიერების სამუშაოების ჩატარება.

შპს ,,მშ...“-ის გენერალური დირექტორის მ.ბ-ის 2019 წლის 4 იანვრის დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით ქ. თბილისში, ...ის გამზ. №25-ში მდებარე შპს ,,ს...ის“ შენობის პირველ სართულზე დეფორმაცია და ბზარები არ შეინიშნება. ფასადის კედლებში ღიობების სიგანე შენარჩუნებულია. მხოლოდ ჩაჭრილია ფანჯრის ქვედები, რათა გარდაიქმნას კარად. სამაგიეროდ ღიობის მთელ კონტურზე ეწყობა ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება, სათანადო მაღალი მარკის ქვიშა-ცემენტის ხსნარით შელესვით. არსებულ გრძივ შუა კედელში გაგანიერდა არსებული ღიობები 4 ადგილას და ასევე მოჩარჩოვდა ლითონის ელემენტებით, სათანადო გაძლიერებით. შენობის მთავარ შესასვლელში, ...ის გამზირის მხარეს, ადრე არსებული ტიხრებით შემოსაზღვრული სათავსების კედლების დემონტაჟი მოხდა და სათანადოდ გაძლიერდა გრძივი და განივი ლითონის ელემენტებით. ამრიგად, შენობის პირველი სართული, რომელიც შპს ,,ლ...ს“ საკუთრებას წარმოადგენს, წინა არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, სათანადოდ გაძლიერდა და მისი მდგრადობა გაიზარდა. შესაბამისად, ხსენებული სართული ამჟამად აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს და წესების ,,სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01 01 - 09) მოთხოვნებს.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 იანვრის N000530419 დასკვნის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით მიღებული ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მოთხოვნათა მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №25-ში მდებარე შენობა-ნაგებობა განეკუთვნება III კლასს.

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 6 თებერვლის N000703119 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. N25-ში (ს/კ ...) მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს დაკორექტირებული პროექტის მიხედვით და დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაკორექტირებული პროექტის მიხედვით შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად განსახილავი ფლიგელის და მითუმეტეს მთლიანი შენობის თავდაპირველი სივრცული სიხისტე და შესაბამისად მისი მდგრადობა უცვლელი დარჩება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია შენობის კედლებზე (კონტროლის მიზნით) არსებულ ბზარებზე თაბაშირის ყალაურების მოწყობა და მონიტორინგი.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია საექსპერტო კვლევითი ჯგუფის შპს ,,ე...ის“ 2019 წლის 26 მარტის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო კვლევის ჩატარებამდე. განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის მდგრადობა არ უარესდება, აკმაყოფილებს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმებს და არსებული მდგომარეობა არ გამოიწვევს არავითარი სახის დამაზიანებელ გარემო-ფაქტორების წარმოქმნას, ვინაიდან არ არის დარღვეული შენობის ძირითადი კონსტრუქციული აგებულება. ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მათი ამოვსებით ზომაში შემცირება ვერანაირ კონსტრუქციულ გავლენას ვერ იქონიებს შენობის მდგრადობაზე.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის N002552719 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №25-ში შენობის პირველ სართულზე შპს ,,ლ...ს“ კუთვნილ ფართში ძირითადი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, როგორც ფასადზე, ასევე შიდა სათავსოებში - შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოები უშუალოდ უკავშირდება შიდა ფართების მოპირკეთებას და მთავარი ფასადის (...ის გამზირის) მხრიდან შემონაკირწყლის მოწყობას. სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელებულია დაკორექტირებული პროექტის მიხედვით და N000703119 დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად განსახილავი ფლიგელის და მითუმეტეს მთლიანი შენობის (...ის გამზ. N25-ში მდებარე) თავდაპირველი სივრცული სიხისტე და შესაბამისად მისი მდგრადობა უცვლელი რჩება, რაც N000703119 დასკვნაშიც იყო აღნიშნული.

ასევე, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 ივლისის N005287319 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. N25-ში მდებარე ს...ის შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება I-II ხარისხის დაზიანებები (გამოსაყენებლად უსაფრთხო), რაც შენობის მდგრადობისა და ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი არ არის. ...ის შენობათა კომპლექსის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია და შემდგომი ხანგრძლივი უსაფრთხო ექსპლუატაცია შესაძლებელია, თუმცა გასათვალისწინებელია გეგმური კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს ჩასატარებელი ის სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია შენობის სეისმომედეგობის ამაღლებასთან დაკავშირებით და რომლის შესრულებაზეც რეკომენდაცია გაეწია ...ის ადმინისტრაციას ადრე გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებში.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N25 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის N139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა“ , ,,ბ“ და ,,დ“ პუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდებოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და საკუთრების უფლების დაცვისა და რეალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით. აღნიშნული პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიც, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა, სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და მშენებლობის ხარისხის ამაღლება (მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი).

ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 20 ივლისის კანონით) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია დაადგინოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითადი ასპექტები, მათ შორის მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნისათვის. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად კი, მზიდი კონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობის კონსტრუქცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებებში ადმინისტრაციული ორგანო პირდაპირ მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე განმცხადებელმა უნდა მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. ამდენად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ისე მიიღო გადაწყვეტილებები ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში შპს „ლ...ს“ და შპს ,,ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), შპს „ლ...ს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობისა და შემდეგ მისი კორექტირების დადასტურების შესახებ, რომ არ გამოუკვლევია და შეუფასებია განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა თუ არა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს და ვალდებული იყო თუ არა განმცხადებელი მათ დაწყებამდე წარედგინა დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. კასატორების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ამგვარი დასკვნის წარდგენის ვალდებულება განმცხადებელს არა წერილობითი დასტურის მიღების ეტაპზე, არამედ სამუშაოების დაწყებამდე აქვს, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ათავისუფლებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, მათ შორის იმ გარემოების დადგენისა და შეფასების ვალდებულებისაგან, თუ კონკრეტულად რა სამუშაოს განხორციელებაზე გასცემს წერილობით დადასტურებას/შეთანხმებას. აღნიშნული განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი შეფასების ვალდებულებასაც.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს არ გააჩნდა ნათელი წარმოდგენა დამკვეთის მიერ შენობა-ნაგებობაზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარების შესახებ. დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელ აქტში ამგვარი პირობადადებული ჩანაწერის (იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე განმცხადებელმა უნდა მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ) არსებობა, რადგან ამ სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ნათელ და კონკრეტულ მითითებას ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, რათა გამოირიცხოს ინტერპრეტაციის გზით სანებართვო უფლების თვითნებური გაფართოება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი - შპს ,,მ...“ საკასაციო საჩივარში თავად აღნიშნავს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე სრულად არის შესრულებული, საქმის მასალებში კი წარმოდგენილია არაერთი საექსპერტო დასკვნა, რომლებიც ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №25-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) განსახორციელებელი/განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა და უმეტესწილად წინააღმდეგობრივ მითითებებს შეიცავენ. კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში თავად მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის საექსპერტო დასკვნა სადავო აქტების მომზადება/გამოცემის მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა იგი სხვა დოკუმენტებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეფასება უნდა მისცეს წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნებს, საჭიროების შემთხვევაში მათში არსებულ წინააღმდეგობათა აღმოსაფხვრელად დაკითხოს დასკვნის გამცემი ექსპერტები და ჩაატაროს ხელახალი ექსპერტიზა, ასევე, კიდევ ერთხელ გაანალიზოს მესამე პირის მიერ შენობა-ნაგებობაზე ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოები რამდენად შესაბამისობაშია კანონით გათვალისწინებულ რეგულაციასთან და შენობის შემდგომში უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შენობა გამოიყენება როგორც კომერციული, ისე საგანმანათლებლო დანიშნულებით და შესაბამისად განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა გამოიკვლიოს არა მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ უნდა შეაფასოს, ხომ არ წარმოქმნის მშენებლობა საფრთხეს როგორც უშუალოდ მშენებლობის განმახორციელებელი პირისა და შესაბამის შენობაში მაცხოვრებელთა, ისე მესამე პირების სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა ან საკუთრებისთვის. დაუშვებელია, შეთანხმდეს ისეთი მშენებლობა, რომელიც უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს. (სუსგ. №ბს-1253(4კ-19), 07.06.2021 წელი). შესაბამისად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულფასოვანი გამოკვლევითა და ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დეტალური გაანალიზების შედეგად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ წარმოშობს კითხვის ნიშნებს შენობის მედეგობასა და უსაფრთხოებასთან მიმართებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მიუხედავად უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის გამზირი №25 (ს/კ ...) შპს „ლ...ს“ და შპს ,,ს...ის“ საკუთრების უფლების არსებობისა, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ განცხადებას თან არ ერთვოდა შპს ,,ს...ის“ თანხმობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ,,მ...ს“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია ქ. თბილისში, ...ის გამზირი N25-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს ,,ლ...“ და შპს ,,ს...“, თუმცა ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ფართები იდენტიფიცირებადია, კერძოდ, შპს ,,ლ...ს“ საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა N3-ში ფართი N1 (პირველი სართული) – 301.52 კვ.მ.-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში საპროექტო ობიექტია. ამასთან, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდებოდა შპს ,,ლ...ს“ კუთვნილ ფასადზე, რომელიც რეალური ფართობით, საზღვრებითა და დამოუკიდებელი შესასვლელით არის გამოყოფილი საერთო საკუთრებისგან. შესაბამისად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის აუცილებლობა არ არსებობდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ლ...ს“ კუთვნილი, კონკრეტული მოცულობის საპროექტო ფართი მდებარეობს ქ. თბილისში, ...ის გამზირი N25-ში, შპს ,,ლ...სა“ და შპს ,,ს...ის“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე და მასზე განსახორციელებელი/განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ როგორც უკვე აღინიშნა საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი, წინააღმდეგობრივი ინფორმაციის შემცველი საექსპერტო დასკვნა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამავე შენობის სარდაფსა და სხვადასხვა სართულზე მდებარე სხვადასხვა მოცულობის ფართებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის შპს ,,ს...ის“. შესაბამისად, თანამესაკუთრეთა ფართების იდენტიფიცირების მიუხედავად, ისინი ფიზიკურად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეთანხმებისთვის არსებობდა თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი), მისი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიწვევის ვალდებულება (სზაკ-ის მე-13 და 95-ე მუხლები), რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულით კი შეიზღუდა თანამესაკუთრის საკუთრების უფლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის N4248376 და 2019 წლის 8 იანვრის N4329783 გადაწყვეტილებების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N25 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აქვე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ შპს ,,მ...ას“ კანონიერი ნდობის არსებობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ კასატორ შპს ,,მ...ას“ აქვს კანონიერი ნდობა, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ მათი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ან სრულად ბათილად ცნობის შესაძლებლობას. „იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ მშენებლობის ნებართვა (უფლების დადასტურება) წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც მის ადრესატს მშენებლობის განხორციელების უფლებას ანიჭებს. მეორეს მხრივ, ამგვარი უფლების განხორციელება მოცემულ შემთხვევაში უპირისპირდება სხვა პირის უფლებას - საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი შეინარჩუნოს უსაფრთხო მდგომარეობაში. საპირისპირო უფლებათა სწორად განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტი საკითხია და შესაბამისად, ყველა სხვა გარემოების კვლევა და შეფასება უნდა მოხდეს მითითებული საკითხის გადაწყვეტის კვალდაკვალ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „მ...ას“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2021 წლის 13 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150. ასევე, შპს ,,მ...ს“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.წ-ის მიერ 2021 წლის 24 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2021 წლის 13 დეკემბერს N01770 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. შპს ,,მ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.წ-ის მიერ 2021 წლის 24 დეკემბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე