Facebook Twitter

№ბს-169(კ-24) 25 ივნისი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ა-ემ 2021 წლის 5 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ და მოითხოვა ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ამასთან, ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შ. ტ-ისა და ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის ნ. გ-ას მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება და ექიმის მხრიდან სავალდებულო ინსპექტირების განუხორციელებლობის დადგენა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შ. ა-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად; თუმცა ამავე სასამართლოს სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შ. ა-ის სარჩელი ... პენიტენციური დაწესებულების მიმართ პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 15 ივლისის №923 და 2021 წლის 18 ივლისის №936 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ იქნა მიღებული განსახილველად, ვინაიდან მოსარჩელემ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ერთჯერადად გასაჩივრების ვალდებულება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული განჩინება შ. ა-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით შ. ა-ის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 15 ივლისის №923 ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებული შ. ა-ე საფრთხის აღმოფხვრამდე გადაყვანილ იქნა ... საცხოვრებელ კორპუსზე განლაგებულ დეესკალაციის ოთახში და მასზე მუდმივად ხორციელდებოდა ელექტრონული საშუალებით ვიზუალური მეთვალყურეობა. ამასთან, იმავე ორგანოს დირექტორის 2021 წლის 18 ივლისის №933 ბრძანებით მსჯავრდებულ შ. ა-ის მიმართ შეწყდა დეესკალაციის ოთახში განთავსების 2021 წლის 15 ივლისის №923 ბრძანება და 18 ივლისს განთავსდა საერთო ტიპის საცხოვრებელ საკანში ელექტრონული საშუალებით მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 18 ივლისის №936 ბრძანებით მსჯავრდებული შ. ა-ე საფრთხის აღმოფხვრამდე კვლავ გადაიყვანეს ... საცხოვრებელ კორპუსზე განლაგებულ დეესკალაციის ოთახში ელექტრონული საშუალებით მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 21 ივლისის №960 ბრძანებით კი მსჯავრდებული შ. ა-ის მიმართ შეწყდა დეესკალაციის ოთახში განთავსების 2021 წლის 18 ივლისის №936 ბრძანება და იგი 21 ივლისს გადაიყვანეს საერთო ტიპის საცხოვრებელ საკანში ელექტრონული საშუალებით მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 15 ივლისის №923 და 2021 წლის 18 ივლისის №936 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება შ. ა-ემ კანონმდებლობით დადგენილი წესით დადგენილ ვადაში არ გახადა სადავო, ამდენად ზემოაღნიშნული ბრძანებები განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა. სააპელაციო პალატაის განმარტებით, იგი უფლებამოსილი იყო ზემოაღნიშნული აქტების საფუძველზე დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და გაეკეთებინა სამართლებრივი შეფასებები.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 18-21 ივლისის შუალედში მსჯავრდებულის მიერ შიმშილობის ფაქტი არ დადსტურდა, შესაბამისად არ არსებობდა ექიმის სავალდებულო მეთვალყურეობის საფუძველი. პალატის მითითებით, დეესკალაციის ოთახში ვიდეო კამერების განთავსება და ღია საპირფარეშოს არსებობა რეგულირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ... პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №108 ბრძანებით; ამავე ბრძანებით უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება დეესკალაციის ოთახში ფანჯრის გაუხსნელობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დეესკალაციის ოთახში უზრუნველყოფილი იყო ჰიგიენური პირობების დაცვის საშუალებებით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის, პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვასა ან უხეშ გაუფრთხილებლობაში. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის დეესკალაციის ოთახში განთავსებას საფუძვლად დაედო სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცრების პატაკი და მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც შ. ა-ე ცდილობდა შუშების ჩამტვრევას, ასევე იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენებისა და მის საკანში არსებული ინვენტარის დამტვრევის თაობაზე. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ დეესკალაციის ოთახში უწყვეტად სამ დღეზე მეტი ვადით მოთავსება ეწინააღმდეგებოდა კანონს, ამასთან, ა-ის მითითებით დეესკალაციის ოთახში არ იყო უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, შეუძლებელი იყო ფანჯრის გახსნა, სათვალთვალო კამერა კი განთავსებული იყო ისე, ექცეოდა საპირფარეშოს არეალი. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეესკალაციის ოთახში ყოფნის ხანგრძლივობა შეესაბამება კანონიერ ძალაში მყოფ აქტებს, რომელთა საფუძველზეც პირი შეასახლეს დეესკალაციის ოთახში. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ. ა-ე დეესკალაციის ოთახში იმყოფებოდა ზუსტად იმ ხანგრძლივობით, რომელიც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ბრძანებებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ... პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24 საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი გახდებოდა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ვერ იარსებებდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება, ვინაიდან კასატორი მიიჩნევს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ იგი 2021 წლის 15 ივლისიდან 21 ივლისამდე უწყვეტად იმყოფებოდა დეესკალაციის ოთახში, ვინაიდან მართალია 2021 წლის 18 ივლისის №933 ბრძანებით შეწყდა 2021 წლის 15 ივლისის №923 ბრძანება მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსების შესახებ, თუმცა, 2021 წლის 18 ივლისის №936 ბრძანებით კასატორი საფრთხის აღმოფხვრამდე კვლავ განთავსებულ იქნა დეესკალაციის ოთახში ელექტრონული საშუალებით მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მსჯავრდებულს 2021 წლის 18 ივლისიდან 21 ივლისამდე შეწყვეტილი ჰქონდა არასრული შიმშილობა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ დეესკალაციის ოთახში ყოფნის პერიოდში იქ არსებული ვითარების გამო გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპილი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეილახა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული მისი უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არასებობს თუ არა მორალური ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

დადგენილია, რომ შ. ა-ე 2021 წლის 15 ივლისს №923 ბრძანებით საფრთხის აღმოფხვრამდე მსჯავრდეული განთავსებულ იქნა ... საცხოვრებელ კორპუსზე განლაგებულ დეესკალაციის ოთახში ელექტრონული საშუალებით მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. საქმეში დაცულია მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან საერთო ტიპის საკანში დაბრუნებისა და ელექტრონული საშუალებით ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების შესახებ 2021 წლის 18 ივლისის №933 ბრძანება; თუმცაღა 2021 წლის 18 ივლისის №936 ბრძანებით მსჯავრდებული შ. ა-ე საფრთხის აღმოფხვრამდე განთავსებულ იქნა ... საცხოვრებელ კორპუსზე განლაგებულ დეესკალაციის ოთახში ელექტრონული საშუალებით მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. №936 ბრძანებას ერთვის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის №167600/23 მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ დეესკალაციის ოთახიდან მსჯავრდებულის საცხოვრებელ საკანში გადაყვანის პროცესში, დერეფანში გადაადგილებისას, ა-ემ განმარტა, რომ იგი უკანონოდ იყო მოთავსებული ... დაწესებულებაში, ითხოვდა დაუყონებლივ გადაყვანას ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში; ამასთან იმუქრებოდა, რომ საკანში შესვლისთანავე პროტესტის ნიშნად დაამტვრევდა იქ არსებულ ინვენტარს და მიიყენებდა თვითდაზიანებას. სწორედ ამიტომ მიიჩნია უსაფრთხოების სამსახურმა მიზანშეწონილად მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. 2021 წლის 21 ივლისის №960 ბრძანებით კი მსჯავრდებული შ. ა-ე დეესკალაციის ოთახიდან საერთო ტიპის საკანში ელექტრონული საშუალებით ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იქნა გადაყვანილი.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას განსახილველ საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამორიცხვის თაობაზე, რამდენადაც მათ გამოიყენეს სტრასბურგის სასამართლოს განმარტება ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების სფეროს განსაზღვრის თაობაზე. ადამინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ყველა ტიპის უხეში მოპყრობა არ ხვდება მე-3 მუხლით დაცულ სფეროში, ვინაიდან არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რათა შეილახოს მე-3 მუხლით გარანტირებული უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთის მხრივ, უხეშ მოპყრობასა და მეორეს მხრივ, მე-3 მუხლის დარღვევას შორის გამყოფი ზღვარი რთული დასადგენია. მე-3 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში (Ireland v. the United Kingdom) განმარტა, რომ სისასტიკის მინიმალური ზღვრის შეფასება ფარდობითია: იგი დამოკიდებულია საქმის ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი შედეგები, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოთქმულ განმარტებაზე (The Greek case), რომლის მიხედვითაც წამებას, როგორც იურიდიულ ტერმინს, გააჩნია საკუთარი განცალკევებული, სამართლებრივი მნიშვნელობა; საერთაშორისო სასამართლოს აზრით, ორივე ტერმინის - წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის გამოყენებისას, კონვენციის ავტორთა მიზანს წარმოადგენდა მათი ცალსახა გამიჯვნა. უფრო კონკრეტულად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა განსაკუთრებული სტიგმის მინიჭება განზრახ არაადამიანური მოპყრობის დროს, რომელიც იწვევს სერიოზულ და სასტიკ ტანჯვას. არასათანადო მოპყრობა კი, რამდენადაც მას არ გააჩნია საკმარისი ინტენსივობა ან მიზანი, კვალიფიცირებული იქნება როგორც არა წამება, არამედ როგორც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ამავე საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში კომისიამ განაცხადა, რომ ,,არაადამიანური მოპყრობის ცნება სულ მცირე მოიცავს ისეთ მოპყრობას, რომელიც განზრახ იწვევს ძლიერ სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას, რაც ცალკეულ გარემოებებში გაუმართლებელია."

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მითითებით, სტანდარტი, რომელსაც სასამართლო ადგენს მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში მდგომარეობს გონივრული ეჭვის მიღმა. ასეთი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მინიშნებების თანაარსებობის ან ფაქტის ანალოგიური გაუქარწყლებელი პრეზუმფციიდან. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელემ ვერ მოახერხა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს დააკმაყოფილებდა მის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საერთაშორისოდ დამკვიდრებული განმარტების თანახმად, წამების დეფინიციის სამი კუმულაციური ელემენტი გამოიყოფა, ესენია: ძლიერი ფიზიკური თუ ზნეობრივი ტანჯვის განზრახ მიყენება, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა და კონკრეტული მიზანი. ამასთან, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის დადგენილი აკრძალვა აბსოლუტური უფლებაა და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, რამდენადაც Selmouni v. France საქმეზე სასამართლომ მიუთითა, რომ ისეთ სიტუაციაშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებას. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წამების აკრძალვა საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმაა და მისი დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს განუხრელ მოვალებათა რიგს განეკუთვნება.

ამასთან, საკასაციო პალატა დასძენს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელება არამხოლოდ წამების აკრძალვას მოიცავს, არამედ იგი ადამინის ღირსებასა და ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე შესაძლო მრავალი სახის თავდასხმის საწინააღმდეგო გარანტიაა. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით ცვალებადია არასათანადოდ მოპყრობის დამდგენი კრიტერიუმებიც; რამდენადაც ურთიერთობები ვითარდება დინამიკაში, შესაბამისად იცვლება დასკვნები და შეფასებები ფაქტებთან დაკავშირებით.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს შეფასებებს. მისი მტკიცებით, დეესკალაციის ოთახში მისი უწყვეტად 6 დღის განმავლობაში ყოფნა კანონის უხეში დარღვევაა. თუმცა, საკასაციო პალატის აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. სწორედ იმიტომ, რომ ა-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა, გახდა საჭირო მისი 2021 წლის 18 ივლისს კვლავ დეესკალაციის ოთახში დაბრუნება. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, მოსარჩელის შეფასება, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებით უხეშად დაირღვა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება სცილდება რეალობის ადეკვატურ აღქმას.

აღსანიშნავია, რომ კასატორი აპელირებს დეესკალაციის ოთახში არსებულ ვითარებაზე; იგი განსაკუთრებით ღირსების შემლახავად აფასებს სველი წერტილების ვიზუალური კონტროლის არეალში მოქცევის ფაქტს განმარტავს, რომ აღნიშნული მისთვის დამამცირებელი იყო. საკასაციო სასამართლო ამ კუთხით მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ... პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №108 ბრძანებაზე, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული აქტითაა დარეგულირებული განსახილველი საკითხი, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინსტრუქციის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძნებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24 საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. ამრიგად, უწყვეტი ვიზუალური მეთვალყურეობა უნდა შეფასდეს, როგორც შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების პრევენცია და არა როგორც მსჯავრდებულის უფლებების შელახვა.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, კასატორი მიუთითბს დეესკალაციის ოთახში ყოფნის პერიოდში შიმშილობის ფაქტზე, თუმცა ამის დასადასტურებლად მას არანაირი მტკიცებულება არ წამოუდგენია.

ამდენად, კასატორის მითითება კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციით გარანტირებული მისი უფლებების შელახვის თაობაზე და შესაბამისი მატერიალური ზიანის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.

კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს შ. ა-ის შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის №ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის საჭიროება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფორმა სრულად შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრით შ. ა-ემ სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე გადაიდო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რაც კანონმდებლობის შესაბამისად კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ არ აქვს გადახდილი, სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, კასატორს გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, შ. ა-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. შ. ა-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. შ. ა-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა