Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-341(2კ-24) 24 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (მოსარჩელე) და ე.ა-ის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ე.ა-ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ე.ა-ისთვის 3 000 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ე.ა-ის წილს მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ..., სოფელი ... (ს/კ ...), სასარჩელო მოთხოვნის 3 000 ლარის ფარგლებში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე.ა-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) პირველი მუხლის „ა“ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით (მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით) დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2021 წლის 20 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №535 ბრძანებით მოპასუხე ე.ა-ე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის რეკრუტად (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“, 2021 წლის 17 მაისიდან).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის უფროსის 2021 წლის 2 ივნისის №MOD 7 21 00000596 ბრძანებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის რეკრუტებს (მათ შორის, რიგითს ე.ა-ეს), რომლებიც თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 20 მაისის №MOD 0 21 00000535 და 2021 წლის 20 მაისის №MOD 1 21 00000536 ბრძანებებით გაწვეულ იქნენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გაუფორმდეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2021 წლის 17 მაისიდან 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით.

2021 წლის 17 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმდა №2559/21 კონტრაქტი. მითითებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. ამავე პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე, დავების განხილვისას, სადავო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ. მითითებული კონტრაქტის 7.4. პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 7.3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: 7.4.1. კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1, 9.1.4, 9.1.5 და 9.1.7 პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას. ხოლო 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

2022 წლის პირველ აპრილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმდა №14277 შეთანხმების ოქმი („საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე), რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ე.ა-ე სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“კონტრაქტის მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის შესაბამისად შეთანხმდნენ: ა) კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 5.1.სამინისტრო ვალდებულია: 5.1.1 დაიცვას მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობით და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 5.1.2 გასცეს კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატი თუ სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით.“. ბ) კონტრაქტს დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. სპეციფიური პირობები. წინამდებარე კონტრაქტის გაფორმება იწვევს მოსამსახურესთან მის გაფორმებამდე მოქმედი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტას, რაც არ ჩაითვლება მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევად და იგი გათავისუფლდება ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“. ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანების საფუძველზე გაფორმებული „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის (გაფორმებული 2021 წლის 2 ივნისის №596 ბრძანებით) განუყოფელ ნაწილს და ძალაშია 2022 წლის პირველი აპრილიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე, 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ე.ა-ემ MOD 4 22 01473245 პირადი პატაკით (საკუთარი სურვილით), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 12 იანვარის MOD 8 23 00000045 ბრძანების თანახმად, ე.ა-ე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან. ე.ა-ეს შეტყობინების სახით ეცნობა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2008 წლის 4 ნოემბრის №683 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 3 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მხარეთა (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ე.ა-ე) შორის 2022 წლის პირველ აპრილს გაფორმებული №14277 შეთანხმების ოქმის „ბ“ პუნქტზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, 2022 წლის პირველი აპრილის შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ცვლილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის უფროსის 2021 წლის 2 ივნისის №MOD 7 21 00000596 ბრძანების საფუძველზე გაფორმებულ, 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტში განხორციელდა. შესაბამისად, ე.ა-ის მიერ პირადი პატაკით მიმართვისას (2022 წლის 19 დეკემბერი) მხარეთა შორის არსებობდა 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტი, შესაბამისი ცვლილების (ძალაშია 2022 წლის პირველი აპრილიდან) გათვალისწინებით.

ამასთან, რაც შეეხება 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტში განხორციელებული ცვლილების (2022 წლის პირველი აპრილის №14277 შეთანხმების ოქმის „ბ“ პუნქტი) შედეგად ჩამოყალიბებულ 91 მუხლს, სააპელაციო პალატის განმარტებით, საგულისხმოა, რომ მითითებული მუხლით განისაზღვრა სპეციფიური პირობები, კერძოდ, მიეთითა, რომ „წინამდებარე კონტრაქტის გაფორმება იწვევს მოსამსახურესთან მის გაფორმებამდე მოქმედი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტას, რაც არ ჩაითვლება მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევად და იგი გათავისუფლდება ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი ითვალისწინებს 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის გაფორმებამდე არსებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და არა 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის (ვადამდე შეწყვეტა) ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული ჩანაწერი (91 მუხლი) არ უნდა იქნეს მიჩნეული 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის, პირადი პატაკის საფუძველზე, ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის მე-7 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, კერძოდ, 7.3. პუნქტი ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც „სამხედრო მოსამსახურე“ ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას. ამავე მუხლის 7.4.1 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1, 9.1.4, 9.1.5 და 9.1.7 პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას, ხოლო კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.7 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია და მოწინააღმდეგე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტი ვადამდე შეწყდა, ე.ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან მისი პირადი პატაკის საფუძველზე. ამასთან, ე.ა-ე 2022 წლის 19 დეკემბრის MOD 4 22 01473245 პატაკში აღნიშნავს, რომ ის საკუთარი სურვილით ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნას. გასათვალისწინებელია, რომ ე.ა-ის პატაკი რაიმე სახის მითითებას პირადი განცხადების (პატაკის) დაწერის მიზეზის თაობაზე არ ითვალისწინებს. ამასთან, პირადი განცხადების (პატაკის) დაწერის კონკრეტულ მიზეზზე მოწინააღმდეგე მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ მიუთითებია და შესაბამისად, არც სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე.ა-ის მიერ დარღვეულია 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის პირობები (კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის განმავლობაში), რაც ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

ამასთან, რაც შეეხება აპელანტის (მოსარჩელის) მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხის (3 000 ლარი) ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ პირველ ყოვლისა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმებული 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე (საქმე №ბს-175-173(კ-12); 11.07.2012წ.) და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დამატებით მიუთითა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება 1 500 (ათას ხუთას) ლარამდე შემცირებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ის მიერ.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.15 მუხლის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 თავით განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი, რომლის შესაბამისად, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეებს ეკისრება ჯარიმის 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია N238 დადგენილებით, შესაბამისად, დაუშვებელია მის შესამცირებლად სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება.

კასატორი - ე.ა-ე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე ე.ა-ესთან გაფორმებული კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოს გამოუგზავნა მხოლოდ 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანება, ხოლო რაც შეეხება კონტრაქტს, თავდაცვის სამინისტროს წერილში მითითებულია, რომ ასეთი კონტრაქტი ე.ა-ესთან არ გაფორმებულა, ანუ იგი ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმებული 2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმის გათვალისწინებით, მხარეთა შორის მანამდე არსებული ხელშეკრულების, ანუ 2021 წლის 17 მაისის კონტრაქტის დარღვევის გამო ე.ა-ეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა. ამასთან, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ შეტყობინებაზე ე.ა-ეს ხელი არ მოუწერია, ხელმოწერა არის გაყალბებული და აღნიშნული შეტყობინება მოპასუხემ სარჩელზე თანდართული დოკუმენტების გაცნობისას პირველად ნახა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 17 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმდა №2559/21 კონტრაქტი (დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით). მითითებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. ამავე პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე, დავების განხილვისას, სადავო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ. ამასთან, აღნიშნული კონტრაქტის 7.4.1. პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 7.3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1, 9.1.4, 9.1.5 და 9.1.7 პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას, ხოლო 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 1 აპრილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმდა №14277 შეთანხმების ოქმი („საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე), რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ე.ა-ე „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის შესაბამისად შეთანხმდნენ შემდეგზე: ა) კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5.1. სამინისტრო ვალდებულია: 5.1.1 დაიცვას მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობით და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 5.1.2 გასცეს კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატი თუ სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით.“. ბ) კონტრაქტს დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. სპეციფიური პირობები. წინამდებარე კონტრაქტის გაფორმება იწვევს მოსამსახურესთან მის გაფორმებამდე მოქმედი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტას, რაც არ ჩაითვლება მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევად და იგი გათავისუფლდება ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“. ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანების საფუძველზე გაფორმებული „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის (გაფორმებული 2021 წლის 2 ივნისის №596 ბრძანებით) განუყოფელ ნაწილს და ძალაშია 2022 წლის პირველი აპრილიდან.

დადგენილია, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ე.ა-ემ MOD 4 22 01473245 პატაკის საფუძველზე, საკუთარი სურვილით მოითხოვა კონტრაქტის შეწყვეტა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 12 იანვრის MOD 8 23 00000045 ბრძანების თანახმად, ე.ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ე.ა-ე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე ე.ა-ესთან გაფორმებული კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოს გამოუგზავნა მხოლოდ 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანება, ხოლო რაც შეეხება კონტრაქტს, თავდაცვის სამინისტროს წერილში მითითებულია, რომ ასეთი კონტრაქტი ე.ა-ესთან არ გაფორმებულა, ანუ იგი ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმებული 2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმის გათვალისწინებით, მხარეთა შორის მანამდე არსებული ხელშეკრულების, ანუ 2021 წლის 17 მაისის კონტრაქტის დარღვევის გამო ე.ა-ეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი.

აღნიშნული განჩინების შესრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 16 ნოემბრის წერილით წარედგინა 2021 წლის 17 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმებული №2559/21 კონტრაქტი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2021 წლის 2 ივნისის №MOD 7 21 00000596 ბრძანება. ამასთან, 2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აცნობა, რომ 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანების თანახმად, ამავე ბრძანებაში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს (მათ შორის, ე.ა-ეს) გაუფორმდათ თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. შესაბამისად, 2021 წლის 2 ივნისის N596 ბრძანებით არანაირი კონტრაქტის სახე არ დამტკიცებულა. ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმი წარმოადგენს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2021 წლის 2 ივნისის №MOD 7 21 00000596 ბრძანებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის რეკრუტებს (მათ შორის, რიგითს ე.ა-ეს), რომლებიც თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 20 მაისის №MOD 0 21 00000535 და 2021 წლის 20 მაისის №MOD 1 21 00000536 ბრძანებებით გაწვეულ იქნენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გაუფორმდეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2021 წლის 17 მაისიდან 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით.

ამდენად, მითითებული გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ 2021 წლის 17 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი №2559/21, გაფორმებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2021 წლის 2 ივნისის №MOD 7 21 00000596 ბრძანების საფუძველზე, ვინაიდან სწორედ აღნიშნული ბრძანება ითვალისწინებდა მხარეთა შორის 2021 წლის 17 მაისიდან 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდში ამგვარი კონტრაქტის გაფორმებას. შესაბამისად, 2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ცვლილებაც სწორედ 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტში განხორციელდა და წარმოადგენდა აღნიშნული კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის გაფორმებული 2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმის გათვალისწინებით, მხარეთა შორის მანამდე არსებული ხელშეკრულების, ანუ 2021 წლის 17 მაისის კონტრაქტის დარღვევის გამო ე.ა-ეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. მეტიც, 2021 წლის 17 მაისის შემდგომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის სხვა კონტრაქტის გაფორმების ფაქტი (რომლის განუყოფელი ნაწილიც შეიძლება ყოფილიყო 2022 წლის 1 აპრილის შეთანხმების ოქმი) საქმის მასალებით არ დასტურდება და ამგვარი კონტრაქტის არსებობის თაობაზე არც მხარეები მიუთითებდნენ.

საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტში განხორციელებული ცვლილების (2022 წლის პირველი აპრილის №14277 შეთანხმების ოქმის „ბ“ პუნქტი) შედეგად ჩამოყალიბებული 91 მუხლით განისაზღვრა, რომ წინამდებარე კონტრაქტის გაფორმება იწვევს მოსამსახურესთან მის გაფორმებამდე მოქმედი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტას, რაც არ ჩაითვლება მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევად და იგი გათავისუფლდება ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი ითვალისწინებს 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის გაფორმებამდე არსებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და არა 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის (ვადამდე შეწყვეტა) ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული ჩანაწერი (91 მუხლი) ვერ იქნება მიჩნეული 2021 წლის 17 მაისის №2559/21 კონტრაქტის, პირადი პატაკის საფუძველზე, ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის - ე.ა-ის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ შეტყობინებაზე ე.ა-ეს ხელი არ მოუწერია, ხელმოწერა არის გაყალბებული და აღნიშნული შეტყობინება მოპასუხემ სარჩელზე თანდართული დოკუმენტების გაცნობისას პირველად ნახა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი შეტყობინება I კლასის რიგითი ე.ა-ის მიმართ. შეტყობინებაში მითითებულია, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2008 წლის 4 ნოემბრის N683 კონტრაქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის (3 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან, შეტყობინება ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის და სამხედრო მოსამსახურის მიერ. ამდენად, მხოლოდ კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი შეტყობინებას არ გაცნობია და ხელმოწერა გაყალბებულია, არ წარმოადგენს ამგვარი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებას. დოკუმენტის სიყალბის დადგენა შესაძლებელია განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს.

მოპასუხე ე.ა-ის მიმართ ჯარიმის თანხის ოდენობის შემცირების შესახებ კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ე.ა-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხლი), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ე.ა-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ეს შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმებული №2559/21 კონტრაქტი, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ე.ა-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №1ბს-740-734(2კ-11) განჩინება).

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელებაზე. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს. 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).

გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ე.ა-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში კი, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ე.ა-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 1 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (სუს 2024 წლის 13 მარტის განჩინება Nბს-44(კ-24), სუს 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება Nბს-1255(კ-23), სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19 განჩინება და სხვ.).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე.ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე