ბს-1088 (კ-23) 07 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-ემ 17.05.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 22.03.2022წ. ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ. ბ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე, ასევე, მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება - მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2022წ. გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილებით ლ.ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 22.03.2022წ. ბრძანება ლ. ბ-ისთვის დევნილთა სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ლ. ბ-ის მიერ წარდგენილ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 12.01.2022 წ. N5 ცნობაზე, რომლის მიხედვით, ... წ. დაბადებული ლ. ბ-ე, მისი მეუღლე ა. ო-ი და მათი შვილი შ.ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ცნობაში მითითებულია, რომ ამჟამად არიან დევნილები და ჩასახლებულები არიან ...ში, ...ის დევნილთა დასახლების N... კოტეჯში.
პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხის გადასაწყვეტად ჩატარებული გასაუბრების ფარგლებში ლ.ბ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ პირთა განმარტებებზე, კერძოდ, დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხის გადასაწყვეტად ჩატარებული გასაუბრების ფარგლებში ლ. ბ-ემ აღნიშნა, რომ იგი დაიბადა ... წ. ცხინვალში, 1994-1983 წლებში სწავლობდა ...ში, ...ის სკოლაში, 1995-200 წწ. სწავლობდა ...ში, ...ის სახელობის უნივერსიტეტში, 2000 წელს იქორწინა ...ში ა. ო-ზე და მათ 2001 წელს რუსეთში შეეძინათ შვილი - შ. ო-ი. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო ...ა, სოფ. ...ი, სადაც ცხოვრობდა მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლში. ზაფხულში ჩასულები იყვნენ ...ში, თუმცა 2008 წელის აგვისტოს ომის გამო ...ი დატოვა მეუღლესთან და შვილთან ერთად. წამოვიდნენ ჯერ თბილისში, შემდეგ კი - რუსეთში. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხული ე. რ-ის განმარტებით, ის ცხოვრობდა ...ში, მოსარჩელე ...ში იყო მისი მეზობელი, ლ. ბ-ე იქ დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტომდე. მოწმის მითითებით, მოსარჩელე გათხოვდა ...ში მეზობელზე - ა. ო-ზე და ქორწილი სოფელში ჰქონდათ. იმ პერიოდში, სოფლიდან ბევრი მიდიოდა რუსეთში. არეულობამდე ლ. ბ-ის ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ...ში, მათ მიმოსვლა ჰქონდათ რუსეთში. ბავშვი რომ გააჩინა, სოფელში სანახავადაც იყვნენ მისულები. ასევე, მოწმე დ. ბ-ის ჩვენების თანახმად, ლ. ბ-ე არის მისი მოგვარე, წარმოშობით არიან ...დან, იცნობს მის მეუღლესაც - ა. ო-ს. აგვისტოს ომის დროს ლ. ბ-ე ოჯახთან ერთად იყო ...ში. მოწმის განმარტებით, ლ. ბ-ე და ა. ო-ი სოფელში დაქორწინდნენ. შვილი რუსეთში, ქ. ვლადივოსტოკში შეეძინათ, თავად არის ...ი, ომი რომ დაიწყო ...ებზე გაიწვიეს, ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ნახა, რომ სოფელში იყვნენ. მოსარჩელე ლ. ბ-ეს და მოწმეს ერთი სკოლა აქვთ დამთავრებული ...ში, მოწმის ჩვენების მიხედვით, ლ. ბ-ეს სოფელში არ უმუშავია, იმ პერიოდში სოფლის მოსახლეობა დადიოდა რუსეთში, ვაჭრობდნენ და მუდმივად უწევდათ წასვლა-ჩამოსვლა. ზუსტი ინფორმაცია, თუ რას საქმიანობდა ა. ო-ი - არ იცის, იცის, რომ ... იყო, თუმცა რუსეთში სპორტით თუ იყო დაკავებული - არ აქვს ინფორმაცია. ლ. ბ-ის ოჯახი ახალი წლის და ზაფხულის პერიოდში სოფელში მუდმივად ჩადიოდნენ.
პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებული მესამე პირის, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით ლ. ბ-ე, მისი მეუღლე და შვილი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ამჟამად არიან დევნილები და ჩასახლებულები არიან ...ში, ...ის დევნილთა დასახლების N... კოტეჟში. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კარგად ახსოვს, რომ ა. ო-ი დაკავებული იყო სპორტით და მონაწილეობას იღებდა სოფელში გამართულ ღონისძიებებში, ამასთანავე ა. ო-ი იყო აქტიურად მებრძოლი და სეპარატისტებთან შექმნილი პრობლემების გამო, სოფლის მოსახლეობის თხოვნით, განრიდებული იქნა სოფლიდან, ამიტომ მოუწია დროებით სოფლის დატოვება მეუღლესთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს სზაკ-ით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, პალატის მიერ მითითებული მტკიცებულებების და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი სრულყოფილად არის გამოკვლეული და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 12.01.2022წ გაცემულ ცნობაში მითითებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებასთან, რომ იგი მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდა სოფ. ...ს.
კასატორი მიუთითებს, რომ ლ.ბ-ის მუდმივი ცხოვრების ფაქტი სოფ. ...ში არ დასტურდება, გასაჩივრებულ აქტში ამომწურავად არის დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ამავე კანონის 10.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ბ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიენიჭა 04.08.2010 წ. ხოლო 12.07.2013წ. შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო.
საქართველოს პრეზიდენტის 07.09.2021 წ. N381 ბრძანებულებით, ლ. ბ-ეს, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და 12.01.2022 წ. მან განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. განცხადებას დაურთო ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 12.01.2022 წ. N5 ცნობა, რომლის მიხედვითაც, ...წ. დაბადებული ლ. ბ-ე, მისი მეუღლე ა. ო-ი და მათი შვილი შ. ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ცნობაში მითითებულია, რომ ამჟამად არიან დევნილები და ჩასახლებულები არიან ...ში, ...ის დევნილთა დასახლების N... კოტეჯში.
სააგენტოს 22.03.2022 წ. ბრძანებით ლ. ბ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. აღნიშნულის მიზეზად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ცნობილი არ არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ლ. ბ-ის 2000 წლიდან სოფელ ...თან კავშირს ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს სზაკ-ით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, სააპელაციო პალატის მიერ მითითებული მტკიცებულებების და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 12.01.2022 წ. N5 ცნობის თანახმად, ... წ. დაბადებული ლ. ბ-ე, მისი მეუღლე ა. ო-ი და მათი შვილი შ.ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის თანახმად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ: დაიბადა ... წ. ცხინვალში; 1994-1983 წწ. სწავლობდა ...ში, ...ის სკოლაში; 1995-2000 წწ. სწავლობდა ...ში, ...ის სახელობის უნივერსიტეტში; 2000 წ. იქორწინა ...ში ა. ო-ზე და 2001 წ. რუსეთში შეეძინათ შვილი - შ. ო-ი, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ...ა, სოფ. ...ი. გასაუბრების კითხვარში ასევე მითითებულია, რომ 2008 წლის ზაფხულში ჩასულები იყვნენ ...ში, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, ...ი დატოვა მეუღლესთან და შვილთან ერთად, წამოვიდნენ ჯერ თბილისში, შემდეგ კი - რუსეთში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხული ე. რ-ის განმარტებით, ცხოვრობდა ...ში, მოსარჩელე ...ში იყო მისი მეზობელი, ლ. ბ-ე იქ დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტომდე. მოწმის მითითებით, მოსარჩელე გათხოვდა ...ში მეზობელზე - ა. ო-ზე და ქორწილი სოფელში ჰქონდათ. იმ პერიოდში სოფლიდან ბევრს ჰქონდა მიმოსვლა რუსეთში, არეულობამდე ლ. ბ-ის ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ...ში, ისინიც პერიოდულად დადიოდნენ რუსეთში და ბრუნდებოდნენ სოფელში, ბავშვი რომ გააჩინა, სოფელში სანახავადაც იყვნენ მისულები.
მოწმე დ. ბ-ის ჩვენების თანახმად, ლ. ბ-ე არის მისი მოგვარე, წარმოშობით არიან ...იდან, იცნობს მის მეუღლესაც - ა. ო-ს. აგვისტოს ომის დროს ლ. ბ-ე ოჯახთან ერთად იყო ...ში. მოწმის განმარტებით, ლ. ბ-ე და ა. ო-ი სოფელში დაქორწინდნენ, შვილი რუსეთში, ქ. ვლადივოსტოკში შეეძინათ. თავად არის ...ი, ომი რომ დაიწყო ...ებზე გაიწვიეს, ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ნახა, რომ სოფელში იყვნენ. მოსარჩელე ლ. ბ-ეს და თავად ერთი სკოლა აქვთ დამთავრებული ...ში. მოწმის ჩვენების მიხედვით, ლ. ბ-ეს სოფელში არ უმუშავია, იმ პერიოდში, სოფლის მოსახლეობა დადიოდა რუსეთში, ვაჭრობდნენ და მუდმივად უწევდათ წასვლა-ჩამოსვლა. ზუსტი ინფორმაცია, თუ რას საქმიანობდა ა. ო-ი - არ იცის. იცის, რომ ... იყო, თუმცა რუსეთში სპორტით თუ იყო დაკავებული - არ აქვს ინფორმაცია. ლ. ბ-ის ოჯახი ახალი წლის და ზაფხულის პერიოდში სოფელში მუდმივად ჩადიოდნენ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებული მესამე პირის, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის წარმოადგენლის განმარტებით, ლ. ბ-ე, მისი მეუღლე და შვილი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ამჟამად არიან დევნილები და ჩასახლებულები არიან ...ში, ...ის დევნილთა დასახლების N... კოტეჟში. მისივე განმარტებით, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კარგად ახსოვს, რომ ა. ო-ი დაკავებული იყო სპორტით და მონაწილეობას იღებდა სოფელში გამართულ ღონისძიებებში. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ა. ო-ი იყო აქტიურად მებრძოლი და სეპარატისტებთან შექმნილი პრობლემების გამო სოფლის მოსახლეობის თხოვნით განრიდებული იქნა სოფლიდან, ამიტომ მოუწია დროებით სოფლის დატოვება მეუღლესთან ერთად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს, მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირების, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ამასთან მნიშვნელოვანია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლში მითითებული განმარტება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის საფუძველზე არაერთ ოჯახს მოუწია იძულებით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ უნდა იქნეს გამოყენებული დევნილი პირის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი