საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-296(კ-24) 18 ივნისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ქ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:მ. ქ-ემ 2022 წლის 22 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - აჭარის ა/რ პროკურატურისა და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა აჭარის ა/რ პროკურატურას და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს მ. ქ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ათასი ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2023 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა მ. ქ-ემ და მოითხოვა მოპასუხეებს: საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ მორალური ზიანის ანაზღაურება 80 000 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.
2023 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამართულ სასამართლო ხსდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურა.
სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 19 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება უზბეკეთის მოქალაქე ი. პ-ის მკვლელობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მ. ქ-ე, რომელსაც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით, დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ მ. ქ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით, მ. ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთანავე, მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მოსარჩელე უთითებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ამ დრომდე საჭიროებს მკურნალობას, გარდა ამისა, თავს მიიჩნევს დამცირებულად და შეურაცხყოფილად, შესაბამისად, მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე მ. ქ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით მიყენებული მორალური ზიანის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ განცდილი სტრესის, შეურაცხყოფის, შიშის და უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი 80 000 ლარი არ წარმოადგენდა ადეკვატურ ოდენობას, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით. მატერიალური ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ, მკურნალობისათვის გაწეული 20 000 ლარის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მატერიალური ზიანის სახით 20 000 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურა. სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება მ. ქ-ეს არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობდა პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდებოდა პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია ზიანი.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 19 ივნისს მ. ქ-ე დაკავებულ იქნა და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, თუმცა ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ვერდიქტით იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. ამრიგად, მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვე. მ. ქ-ის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი. პროკურატურის მხრიდან არ გამოვლენილა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან. ამდენად, მოსარჩელის პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 15000 ლარი არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი N22999/06) განმარტა, რომ ზემოაღნიშნული N7 ოქმის მე-3 მუხლის მიზანი არ არის მხოლოდ იმ ფინანსური ზიანის ანაზღაურება, რომელიც პირს მიადგა არასწორი მსჯავრდებით, არამედ უსწორო მართლმსაჯულების პირობებში მსჯავრდებული პირისთვის ისეთი მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორიცაა მწუხარება, ნერვული აშლილობა, უხერხულობა და სიცოცხლით ტკბობის დაკარგვა. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო მსჯავრდება/ბრალდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ შეფარდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს გონივრული ფულადი საზღაური სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2021 წლის 19 ივნისს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ. ქ-ე (დაბადებული ... წლის ... ...ს, პირადი ნომერი N..., მცხოვრები: ქ. ბათუმი, ...ის ჩიხი N9). 2021 წლის 21 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით, დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ მ. ქ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ბრალდებულ მ. ქ-ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 19 ივნისის 21:00 საათიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით, ბრალდებული მ. ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენი უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დგინდება მოსარჩელის მიმართ წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობა, რა გარემოებაც მოსარჩელეს ანიჭებს ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით; კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის უკანონო ბრალდება/პატიმრობა ნეგატიურ გავლენას ახდენს პირის რეპუტაციაზე, წარმოქმნის უარყოფით განცდას და მათი თმენის ვალდებულება შესაძლებელია დაეკისროს მხოლოდ იმ პირს, რომლის მიმართაც კანონიერად იქნა გამოყენებული ამ სახის იძულებითი საპროცესო ღონისძიება.
,,მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს უფლებების სრულყოფილი რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და რეალობასთან შეუსაბამო. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად“ (სუსგ Nბს-705(კ-21), 03.05.2022წ.).
საკასაციო პალატა მორალური ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის შესახებ, რომ მ. ქ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას (კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 15000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა