Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-608(2კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ფ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ფ-ემ 2019 წლის 18 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გ. ფ-ის 8000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 ივლისის N0000587 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 სექტემბრის N1339 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 ივლისის N0000587 დადგენილებით, გ. ფ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით, მის სახელზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიწის ფერდის მოჭრისა და ფილის დასხმისთვის. მოსარჩელის განმარტებით, მითითების მიღების შემდეგ მოახდინა ფილის დემონტაჟი, ხოლო მიწის მოჭრა არ საჭიროებდა სამშენებლო ნებართვას, რაც არ გაითვალისწინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შესაბამისად, დაჯარიმების შესახებ დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ.თბილისის მერიამ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი, შესაბამისად სარჩელით მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. ფ-ის სარჩელზე, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ-ის მიერ, სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელდა ქ. თბილისში, ... მიკრო/რაიონში, ...-ში/ქ. თბილისში, ... მიკრო/რაიონში, ...-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სათანადო ნებართვის გარეშე ფერდის მოჭრა და ფილის დასხმა. ამასთან, აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრულ 20 (ოცი) დღიან ვადაში, მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა ფილის დემონტაჟი, ხოლო მოჭრილ ფერდთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ფერდის მოჭრა განახორციელა სამშენებლო მიზნით, რაც დადასტურდა ფილის მოწყობით, რომელიც მოგვიანებით მხარის მიერ დემონტირებული იქნა. ამრიგად, მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფერდის მოჭრა არ წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოებს, სასამართლომ არ გაიზიარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 ივლისის N0000587 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 სექტემბრის N1339 ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, რომ გ. ფ-ის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, მიწის მოჭრა თავისი არსით არ წარმოადგენდა ისეთი სახის სამუშაოებს, რომელიც მოექცეოდა სამშენებლო რეგულირების სფეროში და მის განსახორციელებლად საჭირო იქნებოდა მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ სახეზე არ იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემადგენლობა. რაც შეეხება „ფერდის“ მოჭრას, „მიწის მოჭრას“ ან „მიწის ზედაპირის“ ცვლილებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევას, ამგვარს, როგორც სამშენებლო სამართალდარღვევას არ იცნობდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნებს, რომელიც რეგულირდება სხვა კანონმდებლობით და მიმდინარე დავის საგნის ფარგლებში ის ვერ შეფასდებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა წარმოების პირობებში უნდა შეეფასებინა შეიცავდა თუ არა გ. ფ-ის ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დარეგულირებული სამართალდარღვევის ნიშნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გ. ფ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 19 აპრილის N000587 მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ში, ...-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფერდის მოჭრა და ფილის დასხმა, რომელიც ნაწილობრივ გადადიოდა სახელმწიფო მიწაზე. ზემოხსენებული მითითებით, გ. ფ-ეს, როგორც სამართალდამრღვევს, აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით, განესაზღვრა 20 (ოცი) დღიანი ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ფილის დემონტაჟის განსახორციელებლად.

ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 მაისის N000587 შემოწმების აქტით დაფიქსირდა 2019 წლის 19 აპრილის N000587 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა.

მუნიციპალურ ინსპექციაში 2019 წლის 4 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გ. ფ-ემ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო მის მიერ.

საქმის მასალებში წარმოდგენილი მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2019 წლის 10 ივლისის N7143 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფილა იყო დემონტირებული, ხოლო მოჭრილ ფერდთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 ივლისის N000587 დადგენილებით გ. ფ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ... მიკრო/რაიონში, ...-ში/ქალაქ თბილისში, ...ის მიკრო/რაიონში, ...-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფერდის მოჭრისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 აპრილის ამონაწერით (N...), ქალაქ თბილისში, ... მიკრო/რაიონში, ...-ში/ქალაქ თბილისში, ... მ/რ, ...-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გ. ფ-ის საკუთრებას, რომელიც მდებარეობდა საცხოვრებელ ზონა 6-ში.

კასატორმა მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე და მიიჩნია, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ფერდის მოჭრა განხილული უნდა ყოფილიყო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესის ჭრილში. შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე ფერდის მოჭრა დასაშვები იყო მისი სამშენებლოდ განვითარების მიზნით, სათანადო სამშენებლო დოკუმენტაციის მოპოვების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეფასებულიყო უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებად. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული მშენებლობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნული ცალსახად და უტყუარად მიუთითებდა ნაწარმოები მშენებლობის უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამართალდამრღვევ პირზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

კასატორის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 ივლისის N000587 დადგენილებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოქ. გ. ფ-ე დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, მიკრო/რაიონი ..., ...-ის მიმდებარედ საკადასტრო კოდი N...-ზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფერდის მოჭრისთვის. თავის მხრივ ფერდის მოჭრა პირდაპირ კავშირშია სამშენებლო მოედნის ორგანიზებასთან, რასაც მოიცავს პირველი რიგის სამუშაოები ანუ მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები. შესაბამისად, დამკვეთი სანამ დაიწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს, მანამდე დადგენილი წესის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რა გარემოებაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო, შესაბამისად ადგილი ჰქონდა უნებართვო მშენებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2019 წლის 19 აპრილს, გ. ფ-ის მიმართ შედგა N000587 მითითება. აღნიშნული აქტით გ. ფ-ეს მიეთითა ქ. თბილისში, ...ი, მე-... მ/რ ..., ს/კ ...-ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, ფერდის მოჭრისა და ფილის დასხმისთვის (რომელიც გადადის ნაწილობრივ სახელმწიფო მიწაზე), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ფილის დემონტაჟი და მიწის სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე. მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის მოტივით, გ. ფ-ე მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 10 ივლისის N0000587 დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 სექტემბრის N1339 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე, რომლის 47-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს, მათ შორის, მიწის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში, მიწის ზედაპირის ცვლილების გეგმას. მოცემულ შემთხვევაში გ. ფ-ის მიერ, მართალია, გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია მიწის ზედაპირზე, თუმცა მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ცალკე აღებული მიწის მოჭრის სამუშაოები, როგორც სამშენებლო ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა, არ არის დარეგულირებული ხსენებული დადგენილებით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ,,მითითება“ თავისი შინაარსით იმგვარი სახის დოკუმენტია, რომელიც პირს აძლევს უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის კანონიერ ჩარჩოში მოყვანის ან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობას. ,,მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება არის სამართალდარღვევის გამოსწორება“ (სუსგ Nბს-746-730(კ-12), 14.11.2013წ.). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში მითითების შესრულება უპირობოდ იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. ამდენად, ,,მითითება“, როგორც დარღვევის გამოსწორების თაობაზე მიღებული აქტი, იმთავითვე გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეუსრულებელი შინაარსის დავალების გაცემის შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ფ-ეს მიეცა მითითება იმ შინაარსით, რომ წარედგინა სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა დემონტაჟი და ამასთან ერთად წარედგინა მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული ნებართვა. მოსარჩელე არ უარყოფდა იმ გარემოებას, რომ მან სამუშაოები აწარმოვა ნებართვის გარეშე, შესაბამისად გაცემული მითითების ფარგლებში, დარღვევის გამოსწორების მიზნით მან განახორციელა ფილის დემონტაჟი, თუმცა მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული სანებართვო დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, რადგანაც აღნიშნული დოკუმენტი იმთავითვე არ გააჩნდა, ხოლო სხვაგვარ დავალებას, რითაც მოსარჩელე არსებული მდგომარეობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას შეძლებდა, მითითება არ ითვალისწინებდა.

განსახილველ შემთხვევაში, გაცემული მითითების ფარგლებში, მოსარჩელის დაჯარიმება გარდაუვალი იყო, მიუხედავად იმისა, შეეცდებოდა თუ არა მხარე მის გამოსწორებას. ასეთ პირობებში კი მითითების გაცემა მხოლოდ ფორმალურ ხასიათის მატარებელია, რადგანაც მითითების სამართლებრივი ბუნება სწორედ დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებას და დამრღვევის მიმართ საშეღავათო პირობების (წარმოების შეწყვეტა) შექმნას ემსახურება.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიჩნია, რომ სახეზე არ იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემადგენლობა, რა გარემოებაც არსებითად სწორად შეაფასა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ. ამასთან საკასაციო პალატა არ უარყოფს თვითნებურად მიწის მოჭრის ან მიწის სხვაგვარად გაუვარგისების დაუშვებლობას, რაც ცალსახად გარემოს დაცვის სფეროში შემავალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული საკითხის შეფასება ამ დავის ფარგლებში არ წარმოადგენს სასამართლოს კვლევის საგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა