საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-901(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.ც-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.ც-მა 2021 წლის 13 აგვისტოს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მიმართ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 ივლისის Nბ38.38211161 ბრძანებისა და ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 26 მარტის N7 მითითების, ასევე ამავე სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 26 აპრილის Nბ06.38211161 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე იშუამდგომლა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით თ.ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 29 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2021 წლის 26 მარტს მიღებული N7 მითითება, რომლის საფუძველზედაც თითქოსდა განხორციელდა უნებართვო მშენებლობა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, მე-... მ/რ N1, ბინა N..., ს. კ. ... . აღნიშნულს მოსარჩელე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ საცხოვრებელ სახლზე მიშენება გაკეთებულია 2003 წლამდე, ვიდრე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძენდა, ამდენად, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტები, მათ შორის, 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება, რითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 6000 ლარით და დაევალა დემონტაჟი, იყო უკანონო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, N1-...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით 2003 წლის 30 მაისიდან აღრიცხულია თ.ც-ის სახელზე. აღნიშნულ ქონებაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 26 მარტის N07 მითითებით, თ.ც-ის მოეთხოვა შენობა-ნაგებობის განთავსების შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და დემონტაჟი და მითითების შესასრულებლად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) დღის ვადა, რომელიც ამავე დღეს გამოქვეყნდა საჯაროდ. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა მითითების შეუსრულებლობა, რისთვისაც თ.ც-ის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 26 აპრილის Nბ06.38211161 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 6 000 ლარი.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, თ.ც-ის მიმართ გამოცემული სადავო აქტები შესაბამისობაშია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან, ვინაიდან თ.ც-ის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას და რაიმე დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის თაობაზე არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში წარუდგენია. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 09 სექტემბერს თ.ც-მა მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურს, მრავალბინიან სახლში ასასვლელის მოწყობის თაობაზე, თუმცა მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა (ტომი I, ს. ფ. 149-150). ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და აღნიშნა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის N23 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის დებულების“ (ძალადაკარგულია - 25.11.2021წ. N285) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობებსა და შენობა-ნაგებობათა დემონტაჟზე კონტროლი. საქმეში არსებული ფოტო მასალით კი დგინდებოდა, რომ თ.ც-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-... მ/რ N1-...-ში, საკადასტრო კოდით ..., ნამდვილად ჰქონდა მიშენება. აღნიშნული მიშენება იყო სახეშეცვლილი, რაც საჭიროებდა შესაბამის ნებართვას, თუმცა ასეთი დოკუმენტი მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით გამორიცხავდა სარჩელის საფუძვლიანობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ც-მა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ლახავს მის უფლებებს. კასატორის მითითებით, ნასყიდობით შეძენილ საცხოვრებელ ბინას ჯერ კიდევ 2000 წლიდან გააჩნდა მიშენება, რომლის დემონტაჟი არ განუხორციელებია, მხოლოდ მოახდინა მისი გამაგრება, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ, შესაბამისად ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თ.ც-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდარღვევის, ასევე დამრღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ითვალისწინებს; კერძოდ, კანონმდებელი სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტებად (დამრღვევად) მოიაზრებს როგორც უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს, ასევე შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი (მუხლი 122).
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თ.ც-ის სახელზე 2003 წლის 30 მაისიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. რუსთავი, მე-... მ/რ, N1-...-ში, საკადასტრო კოდით ..., გააჩნდა რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილი მიშენება ქუჩის მხრიდან ასასვლელი კიბით, აივნით, შესასვლელი კარითა და ფანჯრით. საქმეში არსებული ფოტომასალით დადასტურებულია, რომ არსებულ მიშენებაზე ჩატარებულია რეკონსტრუქცია, კერძოდ ნაგებობაზე შეცვლილია ასასვლელი კიბე, კაპიტალური მიშენების შედეგად გაუქმებულია თავდაპირველი ფანჯარა და აივანი. შესაბამისად ცალსახაა, რომ მიშენებაზე ჩატარებულია რეკონსტრუქცია (არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით), რაც საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას (კოდექსის 94.2 მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2020 წლის 09 სექტემბერს თ.ც-ის მიმართული ჰქონდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურისათვის, მრავალბინიან სახლში ასასვლელის მოწყობის თაობაზე (მათ შორის წარდგენილი ჰქონდა ესკიზური ნახაზი და ფოტოსურათები), თუმცა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ეთქვა უარი, რაც არ გასაჩივრებულა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დადასტურებულია თ.ც-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობა, არსებობდა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და მის მიმართ სადავო აქტების გამოცემის წინაპირობები. ამრიგად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გამორიცხავს მათი ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ.ც-ის საკასაციო საჩივარზე 12.10.2023წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - თ.ც-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 12.10.2023წ. N... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა