Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1175(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ლ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 26 აგვისტოს, გ.ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის N5447888 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 აგვისტოს N1144 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, გ.ლ-ას მეზობლად მცხოვრებმა ი.ნ-ემ, არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის N5447888 გადაწყვეტილებით მიიღო თანხმობა/ნებართვა სამეზობლო ღობის მოწყობის თაობაზე, ქ. თბილისში, ...ის ქ.N15-ში მდებარე მის საკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნებართვა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის როგორც ქონებრივ, ასევე მის სიცოცხლის უფლებას, რადგანაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ი.ნ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაკვეთით (აუცილებელი გზა). გასაჩივრების მიუხედავად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ.ლ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, მიმართა სასამართლოს სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ი.ნ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მოსარჩელისა და მესამე პირის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობებზე მდებარე თბილისში, ...ის ქუჩა N15-ში, საკადასტრო კოდით №..., სსიპ ლევან სამხარაულის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს გაცემული დასკვნის შესაბამისად.

სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 სექტემბრის N006632921 დასკვნაზე და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N15-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას პირდაპირ, უშუალოდ ესაზღვრებოდა ...ის ქუჩა ნაკვეთის მთელ სიგრძეზე. თუმცა, ...ის ქუჩასა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობდა დონეთა სხვაობა, კერძოდ, ...ის ქუჩა უფრო მაღლა მდებარეობდა, ვიდრე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის მიუხედავად და ასევე ისე, რომ არ მომხდარიყო სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლა, ...ის ქუჩის მხრიდან შესაძლებელია მოწყობილიყო ნაკვეთში ჩასასვლელი (შესასვლელი). საქალაქო სასამართლომ მითითებული დასკვნის გათვალისწინებით, საკუთრების უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული კონკურენციისას უპირატესობა მიანიჭა მესამე პირის - ი.ნ-ის საკუთრების უფლებას. ამასთან, აღნიშნა, რომ მესამე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ, რომელიმე სანივთო უფლების არსებობის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-ამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და 2023 წლის 15 მაისის განჩინებით გ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

გ.ლ-ას საკასაციო საჩივრის მიხედვით, მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (ს/კ ... ) მისასვლელად არსებობს მხოლოდ ერთი გზა ი.ა-ის ქუჩის მხრიდან, ხოლო ...ის ქუჩის მხრიდან შესასვლელის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე შეფასებისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ქუჩას არ გააჩნია საზოგადოებრივ გზასთან წვდომა, ამასთან, ქუჩასა და საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას შორის დონეთა სხვაობის მიუხედავად, ჩასასვლელი კიბის მოწყობა გამოიწვევს გ.ლ-ას საკუთრების 22 კვ.მ-ით შემცირებას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება ქონების ღირებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომელიც არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე და ძეგლების ტერიტორიაზე, ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის შემოღობვა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ქვეზონაში დასაშვები იმ სახეობის ფუნქციონირების უსაფრთხოებისთვის, რომლის არსებობაც დასაშვებია მხოლოდ მთავარ ობიექტთან ერთად ან/და მიწის ნაკვეთზე სხვა სახის საქმიანობის დაცვის მიზნით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება/არ შეიზღუდება მომიჯნავე ნაკვეთის მისასვლელი, ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის შემოღობვა დასაშვებია არაუმეტეს 2,2 მეტრი სიმაღლის ღობით, ამასთან ღობის ყრუ ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს გრუნტის ზედაპირიდან 1,8 მეტრს. ამრიგად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნაკვეთის შემოღობვისას, გარდა დადგენილი პარამეტრებისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნაკვეთის შემოღობვამ არ შეზღუდოს მომიჯნავე ნაკვეთის მისასვლელი, რაც იმთავითვე გულისხმობს შემთხვევას, როდესაც არ არსებობს მომიჯნავე ნაკვეთის ალტერნატიული მისასვლელის მოწყობის შესაძლებლობა.

განსახილველ საქმეზე არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის N5447888 გადაწყვეტილებით დადასტურებულია ი.ნ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში ღობის მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით დადგენილია, რომ ღობის სიმაღლე არ აღემატება 2.2 მეტრს, ხოლო, მისი ყრუ ნაწილების სიმაღლე კი - 1.8 მეტრს, რაც შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო მომიჯნავედ მდებარე გ.ლ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მისასვლელის მოწყობის შესაძლებლობა დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 სექტემბრის №006632921 დასკვნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ, მართალია, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით (ს.ფ. 154-159) აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე სამოქალაქო წესით მიმდინარე დავაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ი.ნ-ეს აეკრძალა გ.ლ-ასთვის ხელშეშლა ისარგებლოს მის საკუთრებამდე მისასვლელი საფეხმავლო გზით, ქ. თბილისში, ი.ა-ის ქუჩის მხრიდან (სამოქალაქო დავა მხარეთა შორის ამ ეტაპზე დასრულებულია ი.ნ-ის სასარგებლოდ (საქმე Nას-1586-2023. 07.03.2024წ)), თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი.ნ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში მოსარჩელის სასარგებლოდ სერვიტუტის ან სხვა რაიმე სარგებლობის უფლების არსებობას და გახდებოდა ღობის მოწყობისთვის დამაბრკოლებელი გარემოება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას გ.ლ-ას საკუთრების უფლების შეზღუდვის არარსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო გზასთან კავშირი ...ის ქუჩის მხრიდან. ამდენად, სადავო აქტები მიღებულია მათი გამოცემისათვის დადგენილი ნორმების დაცვით და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ.ლ-ას საკასაციო საჩივარზე 08.12.2023წ. N... საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;

3. კასატორს - გ.ლ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 08.12.2023წ. N... საგადასახადო დავალებით ბ.გ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა