№ბს-261(კ-24) 25 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) -ნ.ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 22 მარტს ნ.ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 სექტემბრის №1212 11 ბრძანებით 2018 წლის 10 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 7.09.2018წ. №1212 11 ბრძანება ნ.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ნ.ბ-ის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის - ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ემსჯელა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 9.03.2021წ. №223 11 ბრძანებით ნ.ბ-ი დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, რითაც ნაწილობრივ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ნ.ბ-ის წარმომადგენელმა 2021 წლის 17 მაისს წერილით მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას და სასამართლოს გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულება მოითხოვა. წერილში ნ.ბ-ი მიუთითებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც გამოიკვეთებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს აცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებული იყო და განაცდურის ჩარიცხვაზე უარი განუცხადა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მის სასარგებლოდ 2018 წლის 7 სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდის განაცდურის 32 700 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას ნ.ბ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 7 სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდის განაცდურის - 32700 ლარის ანაზღაურება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ, მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. სააპელაციო პალატის მითითებით ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისაკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 მარტის №223 11 ბრძანებაზე, რომლითაც ნ.ბ-ი დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ ნ.ბ-ის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლება მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ, რაც ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და ნ.ბ-ისთვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა, რის შემდეგაც თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნა (აღადგინა) მოსარჩელე თანამდებობაზე. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელის არა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა. კასატორი მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო. ნ.ბ-ი ვერ აღდგებოდა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, რადგან ეს თანამდებობა კონკურსის წესით უკვე შევსებული იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი განაცდურ ხელფასთან მიმართებით ვერ გავრცელდება მერიის მიერ დანიშნულ საჯარო მოხელეზე. ამდენად, არ არსებობდა იძულებითი განაცდურის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები. კასატორი ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე იძულებით განაცდურთან დაკავშირებით ერთხელ უკვე განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სამივე ინსტანციის სასამართლომ, რაც გამორიცხავდა იმავე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელახლა მსჯელობის შესაძლებლობას.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს მასზე დასაკისრებელი იძულებითი განაცდურის ოდენობა. კასატორისთვის გაუგებარია რას პრინციპს დაეფუძნა ზემოაღნიშნული თანხის დაანგარიშება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 7.09.2018წ. №1212 11 ბრძანებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ... - ...ის სამსახურის ...ის ... ნ.ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 10 სექტემბრიდან. ნ.ბ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2018 წლის 10 სექტემბრიდან, 2 წლის ვადით. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 7.09.2018წ. ბრძანება ნ.ბ-მა სასარჩელო წესით გაასაჩივრა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 სექტემბრის №1212 11 ბრძანება ნ.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ნ.ბ-ის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის - ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდიივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 მარტის №223 11 ბრძანებით ნ.ბ-ი დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1200 ლარით. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ადმინისტრაციული აქტის მიღების საფუძვლებად მითითებულია: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. №3ბ/357-19 გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.02.2019წ. განჩინება საქმეზე №ბს-909(2კ-19).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება უპირობოდ არ ნიშნავს მოხელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას. სამსახურში აღდგენისას საყურადღებოა სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი, მხოლოდ სადავო თანამდებობის ვაკანტურობის დროს არის შესაძლებელი მოხელის პირდაპირ სადავო თანამდებობაზე აღდგენა. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობას უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი ერთმანეთისგან განასხვავებს სამუშაოზე აღდგენის პროცედურებსა და მექანიზმს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, განაცდური არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ითვლება უკანონოდ გათავისუფლებულად. განაცდურის ცნებაში მოიაზრება იძულებითი მოცდენისას დამსაქმებლის ბრალით მიუღებელი შემოსავალი, რომელიც დასაქმებულს ეკუთვნის უკანონოდ გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის განმავლობაში. თავის მხრივ, გათავისუფლების უკანონობა უნდა დადასტურდეს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, დამსაქმებლისათვის განაცდურის დაკისრების წინაპირობას მხოლოდ მოხელის სამუშაოზე აღდგენა არ წარმოადგენს. აუცილებელია მეორე წინაპირობაც - მოხელის გათავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ.ბ-ის მიმართ მიღებული კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სრულად იქნა აღსრულებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ზემოხსენებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას იძულებით განაცდურთან დაკავშირებით, თუმცა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სადავო აქტის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით ბათილად ცნობის პირობებში იმ ეტაპისთვის გამოირიცხებოდა მოსარჩელის სხვა თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა აღსრულდეს მის სამოტივაციო ნაწილში არსებული მითითებების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ საქმის ასკ-ის 32.4 გადაწყვეტის ფარგლებში მართალია იმ ეტაპზე გამორიცხა განაცდურზე მსჯელობა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობდა მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილის დაუკმაყოფილებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე უნდა ემსჯელა ნ.ბ-ისთვის განაცდურის ანაზღაურების საკითხზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე დანიშნა, თუმცა მითითებული ბრძანებით მოპასუხემ უარყო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას მისთვის ისეთივე სამართლებრივი შედეგები უნდა წარმოეშვა, როგორც გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობაზე აღდგენისას წარმოეშვებოდა. ამდენად, მოსარჩელესთან მიმართებაში დამდგარმა უარყოფითმა სამართლებრივმა შედეგებმა წარმოშვა სწორედ სახელმწიფო ორგანოსაგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ ნ.ბ-ი პირდაპირ აღდგენილი არ იქნა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის - ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის მიღების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს“ (სუსგ 23.07.2020წ. №ბს-38(კ-20)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ.ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლების ფაქტი დადასტურდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ იგი ტოლფას თანამდებობაზე აღადგინა/დანიშნა აღნიშნული უდავოდ წარმოქმნიდა ნ.ბ-ის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე (იხ. სუსგ 13.09.2007წ. №ბს-171-160(კ-07); 28.05.2008წ. №ბს-65-65(2კ-08); 05.02.2019წ. №ბს-1512(კს-18)).
“საჯარო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2018 წლის 7 სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდის განაცდურის ანაზღაურება 32 700 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დადგენილ გარემოებადაა მიჩნეული, რომ ნ.ბ-ის გათავისუფლებამდე თანამდებობრივი სარგო ჰქონდა 900 ლარი, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იძულებით განაცდურში მოიაზრება, როგორც დარიცხული თანამდებობრვი სარგო ასევე საკლასო დანამატი, წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 ნოემბრის №21-11/91083 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდში ნ.ბ-ის ხელფასის სახით ჩაურიცხა 1 331,66 ლარი (მათ შორის 2018.09-250, 11.2018 -81.66, 11.2018-1000). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს იძულებითი განაცდურის შესაბამისი ოდენობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა