Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-366(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.გ-მა 2021 წლის 05 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 თებერვლის MES 1 21 0000054314 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ.გ-ის მიერ უცხოეთში - ... უნივერსიტეტ „ ...“ მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოპასუხეს ... უნივერსიტეტ „...ის“ მიერ გ.გ-ის სახელზე გაცემული დიპლომის თანახმად მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით. მოპასუხის 2018 წლის 11 დეკემბრის აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სასამართლო წესით. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ გ.გ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ...ის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას. აღნიშნული შეუძლებელს ხდიდა გ.გ-ისათვის ... უნივერსიტეტ „...ის“ მიერ 2018 წელს ... დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 11 დეკემბრის აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ კვლავ არასათანადოდ შეისწავლა საქმის გარემოებები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 თებერვლის MES 5 21 0000054314 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა გ.გ-ის მიერ უცხოეთში - ... უნივერსიტეტ „ ...“ მიღებული განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ.გ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამაბრკოლებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.გ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას. სასამართლოს მითითებით, ცენტრი ნამდვილობის დადასტურების საკითხის განხილვისას ადგენს დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, მოიცავს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვასაც. დაწესებულება, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და გასცემს სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს, იგულისხმება, რომ სტუდენტთა მიღებას აწარმოებს სწორედ კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობს და ამ დაწესებულების მიერ დიპლომი გაცემულია თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე, მიჩნეულ უნდა იქნეს (საწინააღმდეგოს დადასტურებამდე), რომ პირი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხა იმ ქვეყნის კანონმდებლობთ დადგენილი წესით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ცენტრმა გ.გ-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხის შეფასებისას დაადგინა, რომ ... უნივერისიტეტ „ ...მა“ დიპლომი ნამდვილად გასცა გ.გ-ის სახელზე და აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებულია სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, მიიჩნევა, რომ ... უნივერსიტეტ „...“ გ.გ-ის ჩარიცხვა და შესაბამისად, მის მიერ შპს ,,...ში“ მიღწეული სწავლის შედეგების ... უნივერსიტეტი „...ის“ მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის გათვალისწინება, შეესაბამებოდა სომხეთის კანონმდებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და 2023 წლის 13 თებერვალს მიღებული განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სადავო საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე და აღნიშნავს, რომ ... უნივერსიტეტ „...ის“ 2018 წლის 30 ოქტომბრის წერილით დადგინდა, რომ გ.გ-ი 2016 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის დაუსწრებელი ფორმის მეოთხე კურსზე და სწავლობდა 2 წელი (IV-V კურსები). მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ... უნივერსიტეტ „...“ ჩარიცხვამდე გ.გ-მა 2010 წელს დაამთავრა „...“ „...ის“ სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. კასატორის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე. ამასთან, სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 05 ნოემბრის №26/ს გადაწყვეტილებით შპს ...ას უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის (28.03.2007; №o4529) შესაბამისად, აღნიშნული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის აკრედიტებულად ჩაითვალა 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამდენად, ის ფაქტი, რომ გ.გ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას, შეუძლებელს ხდის ... უნივერსიტეტ „...ის“ მიერ ... დიპლომით მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით. ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის MES 7 18 01598321 გადაწყვეტილებით გ.გ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა მიიჩნია, რომ გ.გ-ის მიერ საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ...ის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას. აღნიშნული შეუძლებელს ხდიდა გ.გ-ისათვის ... უნივერსიტეტ „...ის“ მიერ 2018 წელს ... დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარებას.

გ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის MES 7 18 01598321 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 დეკემბრის MES 7 18 01598321 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოში არაღიარებული განათლების დამადასტურებელ მოწმობაზე, კერძოდ, ... ...ის მიერ 2011 წლის 27 აპრილს გაცემული ბაკალავრის დიპლომზე (სარეგისტრაციო №...), რომლის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული აქტის კანონიერებაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა. ამასთან, სადავო აქტში ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ...ში ჩარიცხვასა და სწავლებაზე და არ იქნა გამოკვლეული აღნიშნული უნივერსიტეტში გადასვლამდე გ.გ-ის სწავლის ფაქტი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გაიცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 2 თებერვლის MES 5 21 0000054314 გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ-ის კვლავ უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ცენტრმა 2021 წლის 21 იანვარს №16962 წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს გ.გ-ის მიერ უცხოეთში, კერძოდ ,,...ში“ 2005-2008 წლებში მიღებული განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრს ეცნობა, რომ გ.გ-ი 2005 წლის 18 ნოემბრიდან ჩაირიცხა ...ის ...ის ექსტერნების რიცხვში უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამით სწავლების მიზნით, სწავლის სრული ანაზღაურებით სპეციალობაზე ,,...“ (,,...ის“ 02.12.2005წ. №4833დ-სტ ბრძანება). 2009 წლის 31 დეკემბრის №5628-ვპო-ე ბრძანებით გ.გ-ი ექსტერნების რიცხვიდან გარიცხეს, მან დაკარგა კავშირი უნივერსიტეტთან. 2021 წლის 25 იანვრის №26890 წერილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე გ.გ-ის მიერ არ ფიქსირდება. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მოპასუხის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ გ.გ-ის მიერ ,,...ში“ დისტანციური ფორმით (კანონმდებლობით დადგენილი საკონტაქტო საათების გარეშე) მიღებული და საქართველოში არაღიარებული განათლება საფუძვლად დაედო უცხოეთში მისთვის ,,...ის“ ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას, შეუძლებელი იყო გ.გ-ისათვის ... უნივერსიტეტ ,,...ის“ მიერ 2018 წლის ... დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ.გ-მა 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვერ მოიპოვა. გ.გ-ი ფიქსირდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში შპს ,,...ის აკადემიაში’’ (შპს ,,...“ ეწოდა 2013 წლის 21 თებერვლიდან), როგორც 2008 წლის 26 სექტემბერს ჩარიცხული პირი. გ.გ-ი ... უნივერსიტეტ „...“ ჩაირიცხა 2016 წელს. ... უნივერსიტეტის „...ის“ 2018 წლის 30 ოქტომბრის წერილით დგინდება, რომ ხსენებულ უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, 2010 წელს, გ.გ-ის დამთავრებული ჰქონდა ... ...ის აკადემია, ასევე მიღებული ...ის სპეციალობით ბაკალავრის ხარისხი. ... უნივერსიტეტის ... სწავლისას (4-5 კურსი) გ.გ-ი პროფესორ-მასწავლებლებთან საკონტაქტო საათების ფარგლებში შესაბამის კრედიტებს აგროვებდა. 2018 წლის 20 ივნისს, ... უნივერსიტეტ „...ის“ მიერ გ.გ-ზე გაიცა ... დიპლომი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის გ.გ-ის მიერ ... უნივერსიტეტ „...“ სწავლის ფაქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ უნივერსიტეტში მოსარჩელისათვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებას საფუძვლად დაედო გ.გ-ის მიერ მიღებული საქართველოში არაღიარებული განათლება. კერძოდ დადგენილია, რომ ... უნივერსიტეტ „...“ გ.გ-მა გაიარა მე-4 და მე-5 კურსი. მისი მე-4 კურსზე ჩარიცხვას კი საფუძვლად დაედო საქართველოში, ... ...ის აკადემიაში მიღებული განათლება, რაც არ იქნა აღიარებული მოპასუხის მიერ. პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აღიარებულია კონკრეტული სახელმწიფოს მიერ და გასცემს სახელმწიფო დიპლომს, იგულისხმება, რომ სტუდენტთა მიღებას აწარმოებს სწორედ კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტია, რომ სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობდა მოსარჩელის ... უნივერსიტეტ „...“ ჩარიცხვის გამომრიცხავი გარემოება. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ მანამდე საქართველოში მიღებული განათლება არ იქნა სათანადო წესით აღიარებული, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი გარემოება გ.გ-ის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნებისათვის. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ... უნივერსიტეტი „...“ აღიარებულია სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, გ.გ-ის ... უნივერსიტეტ „...“ ჩარიცხვის კანონიერების საკითხი არ წარმოადგენდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების საგანს და, შესაბამისად, მხოლოდ ამ გარემოებაზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (ს/კ 202330566) საკასაციო საჩივარზე 27.03.2023წ. №03530 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2023წ. №03530 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა