გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1025-02 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 3 სექტემბერს დ. ხ-ძემ სააქციო საზოგადოება “ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996წ. 31 იანვარს იგი განთავისუფლებულ იქნა სამუშაოდან.
სასამართლომ მისი სამუშაოდან დათხოვნა უკანონოდ მიიჩნია, მაგრამ სამუშაოზე აღდგენის შესახებ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ორგანიზაციაში ის საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა, უკვე შემცირებული იყო.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამუშაოდან მის უკანონო დათხოვნაში ბრალი მიუძღვის ამჟამად საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მომუშავე ა. ნ-შვილს. ამ უკანასკნელის უკანონო მოქმედებით მან განიცადა ქონებრივი, ფსიქოლოგიური, მორალური ზიანი და საერთო ჯამში მოითხოვა 13816 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ იმავე მხარის მიმართ იმავე მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2000წ. 11 აპრილს, მაგრამ სასამართლოს მიერ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა.
მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მოცემული საქმის შეწყვეტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მითუთითა, რომ დ. ხ-ძე სამუშაოდან დათხოვნილი იყო 1996წ. 19 ოქტომბერს. სამუშაოზე აღდგენის თაობაზე შეტანილ სარჩელზე მიღებულ იქნა სათანადო გადაწყვეტილება, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა უკანონოდ დათხოვნის გამო იძულებით განაცდურის _ 339 ლარის ანაზღაურების საკითხიც. მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება ქარხნის უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის _ 670 ლარისა და მორალური ზიანის _ 3146 ლარის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმულიც.
მითითებული დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას ესწრებოდა მოსარჩელე.
2002წ. 27 მარტს დ. ხ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
აპელანტმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ხ-ძეს სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2002წ. 16 იანვარს, მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 27 მარტს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა.
2002წ. 22 აპრილს დ. ხ-ძემ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. დ. ხ-ძემ მოითხოვა არა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც დ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული, არამედ საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება (კერძო საჩივარში დ. ხ-ძემ იგივე მოთხოვნები დააყენა, რასაც იგი მოითხოვდა სააპელაციო საჩივრით).
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 29 აპრილის განჩინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია დ. ხ-ძის კერძო საჩივარი და იგი შემდგომი განხილვის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმის განხილვას ესწრება მხარე ან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი, მაშინ ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან.
იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ ასეთი შემოწმების შედეგად გამოვლინდება, რომ სააპელაციო საჩივრის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, მაშინ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვებს შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, საქალაქო სასამართლოში 2001წ. 6 ნოემბერს გამართულ სხდომას ესწრებოდა, სადაც გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დაიწყო 2001წ. 6 ნოემბრიდან და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2001წ. 6 დეკემბერს.
როგორც ცნობილია დ. ხ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 27 მარტს, ანუ ვადის დარღვევით. ცხადია, ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განჩინება, დ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაუშვებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოტანილი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. კერძო საჩივრით არ საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში რ. ხ-ძემ, მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შემდეგ (რომლითაც განუხილველად დარჩა რ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი) შეიტანა კერძო საჩივარი, მაგრამ კერძო საჩივრით მოითხოვა არა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განჩინების გაუქმება (რომლითაც განუხილველად დარჩა რ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი), არამედ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ რ. ხ-ძის კერძო საჩივარი ზემოთ მითითებული გარემოებების გამო მიიჩნია რა დაუშვებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად შემდგომი განხილვის მიზნით გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივარი თუ აშკარად დაუშვებელი ან უსაფუძვლოა, იგი განუხილველად დარჩება და ამის თაობაზე განჩინება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ხ-ძის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელი და აშკარად უსაფუძვლოა, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჯ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი და აშკარა, უსაფუძვლო, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.