Facebook Twitter

№290აგ-13 12 ნოემბერი, 2013 წელი

მ-ი რ, 290აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 17 აპრილის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ქურდობა ჯგუფურად, განმეორებით, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1999 წლის 4 ოქტომბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 ოქტომბრის დადგენილებით რ. მ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, ვადაზე 1 წლით, 11 თვითა და 27 დღით ადრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა: რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 აპრილის განაჩენით სსკ-ის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 11 თვე, 27 დღე და განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 დეკემბრიდან.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. მ-ა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მისთვის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებაში რ. მ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. მ-ს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 დეკემბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, რ. მ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი