Facebook Twitter

№291აგ-13 15 ნოემბერი, 2013 წელი

წ-ი ს.- 291აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 10 მარტის განაჩენით ს. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა 2001 წლის 16 ივლისს, ვადაზე ადრე, პირობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 იანვრის განაჩენით, რომლითაც შეიცვალა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, ს. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 9 წლითა და 8 თვით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 24 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 8 500 ლარი.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ს. წ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ ს. წ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლით ამნისტიის შედეგად განსაზღვრული სასჯელის - 7 წლისა და 3 თვის ნაწილს - 7 წელს - დაემატა სსკ-ის 236-ე და 237-ე მუხლებით ასევე ამნისტიის შედეგად განსაზღვრული სასჯელების ნაწილი: 5 წელი, 1 წელი და 6 თვე და 3 წელი, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 8 500 ლარი.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით იმ მოტივით, რომ სსკ-ის 179-ე მუხლი მოიცავს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას და მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივი ან სრული შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1997 წლის 10 მარტის განაჩენით დადგენილი დანაშაული ს. წ-მა ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც, სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მომდევნო დანაშაულის ჩადენის შედეგად არ არსებობს დანაშაულის რეციდივი.

ამდენად, მსჯავრდებულ ს. წ-ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ: სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 236-ე და 237-ე მუხლებით დანიშნული და ამავე ამნისტიით განსაზღვრული სასჯელები, რის შედეგადაც ს. წ-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 8 500 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა იმ საფუძვლით, რომელზეც მიუთითებენ კასატორები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. წ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული და ამავე ამნისტიით განსაზღვრული სასჯელები, რის შედეგადაც ს. წ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 8 500 ლარი.

მსჯავრდებულ ს. წ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 14 თებერვლიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი