Facebook Twitter

ბს-1478(კ-22) 24 ივნისი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა 24.02.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 31.01.2020წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოსარჩელის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 09.03.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 31.01.2020წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მოსარჩელის მიერ 30.10.2019წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი, ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ამ აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2020წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.07.2021წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ჭ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2021წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2021წ. გადაწყვეტილება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 31.01.2020წ. №... გადაწყვეტილებით ნ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.12.2019 წ. გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №... განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ნ. გ-ის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სადავო 31.01.2020წ. №... გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოაცხადა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.12.2019 წ. №... გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება, შესაბამისი ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვა და ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მხოლოდ აპელანტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არის უსაფუძვლო. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს მინიჭებული აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საკუთარი ინიციატივით გამოთხოვის უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. გ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, დამატებით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის და ნ. გ-ის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს უნდა ემსჯელა მის მიერ წარდგენილ ორივე სარეგისტრაციო განაცხადზე ცალ-ცალკე, უსაფუძვლობის გამო არ იქნა გაზიარებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა. კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოცემული №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება საგადასახადო სიის საფუძველზე, რასაც არ ეთანხმება და თვლის, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო თვითნებურად დაკავებული და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მან, როგორც პარლამენტის წევრმა, სხვა დეპუტატთა/თანამშრომელთა მსგავსად მიიღო.

კასატორის მოსაზრებით, სარეგისტრაციო სამსახურმა №... გადაწყვეტილებით ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე უთხრა ნ. გ-ს უარი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. კასატორის მითითებით, №... და №... განაცხადებებით მოითხოვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით სრულად დასტურდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისობა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, თუმცა მიუხედავად მითითებული გარემოებისა, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ კრების ოქმი №2 და განმარტა, რომ დამატებით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.2001 ბრძანება (№178) და მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.09.1995წ. (№21.70.1064) დადგენილება არ ზღუდავს ფართში, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ. ...) რეგისტრაციის საფუძვლად არ არის მითითებული კრების ოქმი №2. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ კრების ოქმით და არ გაითვალისწინა არც მოსარჩელის არგუმენტები და არც თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილება, რითაც კასატორი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ამხანაგობის სხვა წევრებთან მიმართებით და შეზღუდა მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან ამხანაგობის სხვა წევრებს მუნიციპალიტეტის კაბინეტის №21.70.1064 დადგენილებისა და საერთო კრების №2 ოქმის საფუძველზე რეგისტრირებული აქვთ 600 კვ.მ.-ზე მეტი ფართი.

კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოცემულმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა გამოიწვია მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საქმის მასალების თანახმად, ნ. გ-მა 30.10.2019წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.09.1995წ. დადგენილება (№21.70.1064), ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.2009წ. ბრძანება (№178), საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრთა საერთო კრების 09.06.2001წ. ოქმი (№2), საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ 05.03.2018წ. გაცემული ცნობა (№2473/2-1) და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.11.2019წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, წარსადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ფლობის ფაქტს. სააგენტოს 05.12.2019წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

30.12.2019წ. ნ. გ-მა №591393/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ნ. გ-მა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 05.12.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 31.01.2020წ. №... გადაწყვეტილებით ნ. გ-ის 30.12.2019წ. ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.12.2019წ. გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №... განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ნ. გ-ის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა სასოფლო-სამეურნეო ან არასასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.02.2020წ. გადაწყვეტილებით განახლდა №... სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 04.02.2020წ. და 19.02.2020წ. მიმართვებით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ნ. გ-ის მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 20.09.2007წ. მდგომარეობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.02.2020წ. და 27.02.2020წ. წერილებით სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ ...ის რაიონის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები და საგადასახადო უწყისები ნ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის შესახებ, საარქივო სამმართველოში არ ინახება. 27.02.2020წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და ამასთანავე, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დაწესებულ პირობებს.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ №... განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების პარალელურად ნ. გ-ის მიერ 18.10.2018წ. №... განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.09.1995წ. (№21.70.1064) დადგენილების, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.2009წ. (№178) ბრძანების, საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრთა საერთო კრების 09.06.2001წ. ოქმისა (№2) და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ 05.03.2018წ. გაცემული (№2473/2-1) ცნობის საფუძველზე. მითითებულ განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 16.03.2020წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილებით ნ. გ-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი იყო №... და №... განაცხადებები ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, განსხვავებული აზომვითი ნახაზებით, დაინტერესებულ პირს ეთხოვა დაეზუსტებინა რომელი აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ქონების რეგისტრაციის განხორციელება სურდა. ნ. გ-მა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა განცხადება და 16.03.2020წ. შეჩერების პასუხად დააზუსტა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა №... განცხადებით წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.02.2021წ. გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ს.კ. ..., დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრების უფლება №... განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.5 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნაზე, ნ. გ-ს დაეზუსტებინა კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე სურდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია - №... თუ №... განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებით დააზუსტა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა №... განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.02.2021წ. №... გადაწყვეტილებით, თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრების უფლება, ხოლო №... განცხადებაზე 27.02.2020წ. მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 11.02.2021წ. ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.09.1995წ. №21.70.1064 დადგენილების, საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 09.06.2001წ. №2 ოქმის და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.2009წ. №178 ბრძანების საფუძველზე. სწორედ ამავე უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე ითხოვდა ნ. გ-ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას სხვა, დამატებით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ნ. გ-ისათვის მის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება (ს.კ. ...). დამატებით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის განხილულ უნდა იქნეს ერთობლიობაში, თითოეული მათგანი ცალკე აღებული არ წარმოშობს რეგისტრაციის შესახებ დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.09.1995წ. №21.70.1064 დადგენილებით კაბინეტმა დაადგინა მიღებულიყო მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და დაკმაყოფილებულიყო პარლამენტის სპიკერის შუამდგომლობა პარლამენტის დეპუტატებისა და თანამშრომლებისთვის ინდივიდუალრი ბინათმშენებლობისთვის „...-ის" რაიონში მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ. ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენ-გეგმის შედგენის შემდეგ, პარლამენტის დეპუტატებს და თანამშრომლებს დადგენილი წესით უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან. საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 09.06.2001წ. №2 ოქმის თანახმად დამტკიცდა ასოციაციის წევრებზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მიმაგრების კენჭისყრის შედეგები, თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, ხოლო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.2009წ. №178 ბრძანებით შეთანხმდა „...-ის" I მრ-ის ტერიტორიაზე პარლამენტის თანამშრომელთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა “ასოციაციისათვის" გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი მიკრორაიონის განაშენიანების არქიტექტურული პროექტი. ამდენად, საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თუ თანამშრომელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცათ მხოლოდ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ. ...) რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული არ არის №2 კრების ოქმი, ხოლო თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.2001წ. ბრძანება და მუნიციპალიტეტის კაბინეტის 21.09.1995წ. დადგენილება არ ზღუდავს ფართში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა ემსჯელა მის მიერ წარდგენილ ორივე სარეგისტრაციო განცხადებაზე ცალ-ცალკე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 09.06.2001წ. ოქმით განისაზღვრა ამხანაგობის თითოეული წევრის სარეგისტრაციო წილი (600 კვ.მ.) ასოციაციისთვის გამოყოფილ 14 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ამონაწერში უფლების დამდგენი დოკუმენტების ჩამონათვალში კრების №2 ოქმის მიუთითებლობა თავისთავად არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ იგი გათვალისწინებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობის სხვა წევრებს მუნიციპალიტეტის კაბინეტის №21.70.1064 დადგენილებისა და საერთო კრების №2 ოქმის საფუძველზე რეგისტრირებული აქვთ 600 კვ.მ.-ზე მეტი ფართი, საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს შეფასებას, ვინაიდან საქმეში სრულად არ არის წარმოდგენილი კასატორის მიერ მითითებულ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა პირთა მიმართ ნაკვეთების განაწილების მართლზომიერება სცილდება განსახილველი დავის საგანს, ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა, მით უფრო ისეთი, რომელიც ცდება საკანონმდებლო საფუძველს, არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადგილი არ აქვს თანასწორობის პრინციპის დარღვევას, ვინაიდან თანასწორობა უნდა ვლინდებოდეს კანონის დაცვაში და არა მის დარღვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინება;

3.ნ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 28.11.2022წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი