№295აგ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ი ე.- 295აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ე. გ-ი, ნასამართლევი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, ხოლო საბოლოოდ - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 23 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად, ე. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 2 დეკემბრიდან.
ამავე სასამართლოს 2010 წლის 23 აგვისტოს დადგენილებით მსჯავრდებულ ე. გ-ს სასჯელი განესაზღვრა რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით: ბოლო განაჩენით დანიშნულ 5 წელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 12 წელი, 10 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ე. გ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა წინა განაჩენით დანიშნული 7-7 წელი და განესაზღვრა 4-4 წლითა და 8-8 თვით, სულ - 9 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი (2009 წლის 23 ივნისიდან 2010 წლის 23 აგვისტომდე მოხდილი 1 წლისა და 2 თვის გათვალისწინებით) განისაზღვრა 8 წლითა და 2 თვით; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით დანიშნული 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. გ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 4 წელსა და 8 თვეს - დაემატა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის - 4 წლისა და 8 თვის ნაწილი - 2 წელი და 4 თვე, ამავე მუხლით დანიშნული სასჯელის - 3 წლისა და 4 თვის ნაწილი - 1 წელი, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.
მსჯავრდებული ე. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები არ წარმოადგენენ რეციდივს, რადგან ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩადენილია წინა განაჩენის გამოტანამდე; გარდა ამისა, იგი დააკავეს 2009 წლის 23 ივნისს, მაგრამ სასჯელის ვადაში მოხდილად არ ჩაუთვალეს დაკავებიდან პატიმრობაში ყოფნის დრო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებას და სასჯელის საბოლოო ზომად 4 წლისა და 8 თვის განსაზღვრას, ასევე - სასჯელის ათვლას დაკავების მომენტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ორივე განაჩენით დადგენილი დანაშაულების ჩადენისას ე. გ-ი ნასამართლევი იყო 2003 წლის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით. სწორედ ამის გამო მისი ქმედებები დაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითაც (თაღლითობა არაერთგზის). სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მის ქმედებებში სახეზე არ არის რეციდივი.
გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ე. გ-ს სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც საბოლოო ზომა შეუმცირდა 3 წლითა და 6 თვით. არაერთი მძიმე დანაშაულისათვის ე. გ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მეტისმეტად მკაცრი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უფრო მეტად შემცირებას, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულმა ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მას საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს ზომა, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია ნაწილობრივ, კერძოდ, 2009 წლის 23 ივნისიდან - დაკავების დღიდან, 2010 წლის 23 აგვისტომდე - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დადგენამდე, რაც მსჯავრდებულს მოხდილად ჩაეთვალა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებითაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ე. გ-ს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის - ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 23 ივნისიდან 2010 წლის 23 აგვისტომდე - 1 წელი და 2 თვე.
მსჯავრდებულ ე. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 23 აგვისტოდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი