Facebook Twitter

№296აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი

გ-ი გ, 296აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 14 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გ. გ-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 14 სექტემბრიდან.

2013 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილება და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი