Facebook Twitter

№ბს-483(უს-24) 14 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის გაუქმების თაობაზე.

2021 წლის 23 ივლისს ზ.ზ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ, მისი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2021 წლის 1 ივლისის №00012086 ბრძანების, ბათილად ცნობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ზ.ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (ხელზე მისაღები) სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2021 წლის 1 ივლისიდან - სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 2454,40 (ორი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2022 წლის 8 ივლისს ზ.ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და დროებითი განჩინების მიღებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან დავის სხვაგვარად დასრულებამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ... საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა ან/და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის (გარდა მოვალეობის შემსრულებლისა) აკრძალვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით ზ.ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებული იქნა დროებითი განჩინება; მოპასუხე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დავის დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ... საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის დროებითი განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის №3/4647-22 განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 1 ივლისის №00012086 ბრძანება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ზ.ზ-ის გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ზ.ზ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე ზ.ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, კერძოდ: ზ.ზ-ის დაუყოვნებლივ თანამდებობაზე აღდგენა და 3 (სამი) თვის ხელფასის (ხელზე ასაღები) – 7363,20 ლარის ოდენობით მიკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით ზ.ზ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება (დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ) კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ზ.ზ-მა.

2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის დროებითი განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დავის დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ... საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა და ასევე, მოითხოვა მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელე ზ.ზ-ისათვის უზრუნველყოფის გარანტიის სახით მოსალოდნელი ზარალის - 46 464 ლარის ოდენობით დაკისრების დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ... საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის აკრძალვის ნაწილში; არ დაკმაყოფილდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლების შუამდგომლობა მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის - 46 464 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სააპელაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში №3ბ/3102-23 მოპასუხისა და აპელანტის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2024 წლის 29 მარტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინების პირველი პუნქტის გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩივარი, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ორ ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). დროებითი განჩინების, როგორც უფლების დაცვის დროებით საშუალების გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.

სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. დროებითი სასამართლო განჩინება წარმოადგენს პირის უფლების დაცვის ერთგვარ დანამატს. განსხვავებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლისაგან, რომელიც უკავშირდება შეცილებით სარჩელს (ასკ-ის 22-ე მუხლს), 31-ე მუხლის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე) და 24-ე (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე) მუხლები, რომელთა საფუძველზეცაა მოთხოვნილი განსახილველ საქმეში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ასევე მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით, რომლის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ. (იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავს საკითხზე, სუსგ ბს-1562(უს-18), 09.01.2019წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გამოყენების საჭიროებაზე მიუთითებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის საკითხი, რაც მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მოწესრიგებული არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. შესაბამისად, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალებები მოწესრიგებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქმის განმხილველი სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებით დაინტერესებული მხარის მიზნის მიღწევის უზრუნველყოფა და მხოლოდ გამონაკლისის სახით გადავიდეს სამოქალაქო საპროცესო დებულებების გამოყენებაზე.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოიყენა არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალება და დროებითი განჩინების გამოტანით მოახდინა სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი-დროებითი მოწესრიგება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, კი მიღებულ დროებით განჩინებასთან მიმართებით მოქმედი კანონმდებლობა ადგენს მის კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. ეს უფლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უკვე გამოყენებული იქნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 27 ნოემბრის განცხადებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტიის დაკისრება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, რომ 2023 წლის 27 ნოემბრის შუამდგომლობით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფაქტობრივად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ხელახლა გადასინჯვა მოითხოვა, რისი სამართლებრივი მექანიზმი ან პროცესუალური შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცალსახად არ ჰქონდა. ამასთან, მხარეს არ მიუთითებია ისეთ ახალ გარემოებაზე, რომლის არსებობის პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, დასაშვები იქნებოდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი). მართალია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი დროებითი განჩინების გაუქმების ან შეცვლის წესს არ განსაზღვრავს, თუმცა მასზე დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის გავრცელება (მისი როგორც უფლების დაცვის დროებითი მექანიზმის - უზრუნველყოფის ღონისძიების არსიდან და მიზნიდან გამომდინარე).

საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაზე დაყრდნობით (საქმე №ბს-1174-1168(კს-17)) დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს არა მარტო იურიდიულ ფაქტებს, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და ცნობილი არ იყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსთვის, არამედ იმ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტებსაც, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და რომელთა გათვალისწინება არსებითად ცვლის მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს და შესაბამისად ფაქტობრივ საფუძველს აცლის სასამართლოს მიერ ამ ფაქტების გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს არც 2023 წლის 27 ნოემბერს წარდგენილი შუამდგომლობა და არც 2024 წლის 29 მარტს წარდგენილი საჩივარი არ შეიცავდა ახალ გარემოებებზე მითითებას, რაც შესაძლოა გამხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისს მიღებული დროებითი განჩინების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხისათვის შესაძლო ზიანის მიყენების დაუსაბუთებლობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პოზიციებზე დანიშნოს დროებითი მოვალეობის შემსრულებელი.

აქვე, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხებს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევაშიც არ იკვეთება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ითხოვს არა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ცვლილებას, არამედ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რაც როგორც უკვე განიმარტა ეწინააღმდეგება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრისა და 2024 წლის 26 მარტის განჩინებები გასაჩივრების უფლების განმარტების ნაწილში შეიცავენ გარკვეულ პროცესუალურ ხარვეზებს, თუმცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე საჩივრის წარდგენით გზით უკვე მოახდინა გასაჩივრების უფლების რეალიზება, შესაბამისად, არ იკვეთება ამ საფუძვლით განჩინებების გაუქმების საჭიროება.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ასევე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე-31-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით, 1971 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის და 2024 წლის 8 აპრილის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი