Facebook Twitter

№ბს-177(კ-24) 25 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ტ.ზ-ე; მესამე პირები მ.ზ-ე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 18 თებერვალს ტ.ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით მისი მამკვიდრებელი - კ.ზ-ე ცხოვრობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...ში), ფლობდა სახლსა და მიწის ნაკვეთს. კ.ზ-ე იყო კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი. ლ.გ-ი იყო მისი მეორე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, რომელიც უკანონოდ იქნა მიწერილი კ.ზ-ის კომლში, რადგან იგი არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში კ.ზ-ესთან. კ.ზ-ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს, რომლის სამკვიდროც მთლიანად მიიღო შვილმა - ტ.ზ-ემ. მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს ორი ოჯახის თანასაკუთრებას, საიდანაც 3/5 წილი კანონიერად მიეკუთვნა და აღირიცხა ერთი ოჯახის (კომლის) წევრების - ნ. (ე.) ს-ის (ზ-ეს), მ., ნ. და პ. ზ-ების სახელზე, ხოლო დარჩენილი 2/5-ის მესაკუთრეს წარმოადგენს კ.ზ-ე. საჯარო რეესტრის სამსახური უნდა დაყრდნობოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, სადავო ქონების 2/5 წილის მესაკუთრედ ფიქსირდება მხოლოდ კ.ზ-ე. მარეგისტრირებელი ორგანო კი დაეყრდნო საკომლო წიგნის ჩანაწერს, სადაც კ.ზ-ის კომლის წევრად ფიქსირდება ასევე ლ.გ-ი, და უსაფუძვლოდ ჩათვალა იგი, როგორც კ.ზ-ის კომლის ბოლო წევრი, ამ ქონებაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირად, რის გამოც უსაფუძვლოდ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ლ.გ-ის სამკვიდრო მოწმობის წარუდგენლობის გამო.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილების; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ქონების ღიად დარჩენილი 2/5 წილის ტ.ზ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება.

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება მ.ზ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ.ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 10 დეკემბრის № ... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის № ... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების მიღება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ქონების ღიად დარჩენილი 2/5 წილიდან 1/5 წილის ტ.ზ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; ტ.ზ-ის სარჩელი ამ ქონების ღიად დატოვებული 2/5 წილიდან დარჩენილი 1/5 წილის მის სახელზე რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტ.ზ-ის სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები, რომლითაც დგინდება, რომ კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. ამასთან, საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

კასატორები ყურადღებას ამახვილებენ გორის ადგილობრივი არქივის მიერ მომზადებულ №27/121534 (6.12.2021) საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია კ. ი.-ის ძე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:1. გ-ი. ლ.; 2. ზ-ე ტ. (გადახაზულია), 1986 წლიდან გადასულია თბილისში საცხოვრებლად; 3. ზ-ე თ.ს-ის ასული - რძალი - ამოწერილია, 1990 წლიდან გადასულია თბილისში საცხოვრებლად; 4. ზ-ე ი. ტ-ასული- შვილიშვილი, 1990 წლიდან გადასულია თბილისში (გადახაზულია). ამასთან, 1996-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია კ. ი.-ის ძე ზ-ე. გარდაცვლილია 1998 წელს. კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხება ცოლი - ლ.გ-ი, გარდაცვლილია 2001 წელს.“ კასატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის 15131 მუხლის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობასთან. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებლად იქნა უგულებელყოფილი კომლში სამკვიდროს გახსნის ძირითადი სამართლებრივი რეგულაცია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას/განჩინებას მარეგისტრირებელ ორგანოსთვის ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ქონების ღიად დარჩენილი 2/5 წილიდან 1/5 წილის ტ.ზ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების ნაწილშიც.

კასატორი მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტებით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება კომლის წევრთა უფლებრივი მდგომარეობის (მათ შორის კომლში საკუთრების უფლების წარმოშობის და კომლში სამკვიდროს გახსნის) ძირითადი რეგულაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ განახორციელა ყველა საჭირო ღონისძიება, რადგან სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელიც სააგენტოს არ აძლევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ტ.ზ-ის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების კანონიერება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ქონების ღიად დარჩენილი 2/5 წილის მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 10 იანვრის № ... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ქონების ღიად დარჩენილი 2/5 წილიდან 1/5 წილის ტ.ზ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ტ.ზ-ის სარჩელი ამ ქონების ღიად დატოვებული 2/5 წილიდან დარჩენილი 1/5 წილის მის სახელზე რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისმა. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ტ.ზ-ეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ტ.ზ-ის სარჩელი მოპასუხისთვის სადავო ქონების ღიად დატოვებული 2/5 წილიდან დარჩენილი 1/5 წილის მის სახელზე რეგისტრაციის დავალდებულების ნაწილში.

დადგენილია, რომ ტ.ზ-ე წარმოადგენს კ.ზ-ის შვილს. დადგენილია, რომ კ.ზ-ე გარდაიცვალა 1998 წლის 9 ნოემბერს, რომლის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა - ტ.ზ-ემ და იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ირიცხება კ. ი.-ის ძე ზ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ.გ-ი - ცოლი, ტ. ზ-ე - შვილი (გადახაზულია, 1986 წლიდან გადასულია ქ. თბილისში საცხოვრებლად), თ.ს-ის ასული ზ-ე - რძალი (ამოწერილია, 1990 წლიდან გადასულია ქ. თბილისში საცხოვრებლად) და ი. ტ-ასული ზ-ე - შვილიშვილი (გადახაზულია, 1990 წლიდან გადასულია ქ. თბილისში საცხოვრებლად). კომლს საკუთრებაში ერიცხება 1956 წელს აგებული 100 მ2 საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლების მდგომარეობით 0,30 ჰა მიწის ფართობი. 1996-2007 წლების მონაცემებით საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია კ. ი.-ის ძე ზ-ე (გარდაცვლილია 1998 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხება ცოლი - ლ.გ-ი (გარდაცვლილია 2001 წელს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი (აგების წელი არ ფიქსირდება) და 1996-1998 წლების მდგომარეობით 0,23 ჰა მიწის ფართობი.სოფელ ...ის 1997 წლების მიწის განაწილების სიებში კ. ი.-ის ძე ზ-ის სახელზე ირიცხება 0,23 ჰა მიწის ფართობი (II კატეგორია).

ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების თანახმად, 1999 წლის მდგომარეობით სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ოდენობა 1994 წლიდან შეადგენს 2 212მ2-ს (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე). საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა (ლიტერ ,,ა") არის ორსართულიანი, რომლის ფართიც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არის 302 მ2 , დამხმარე (ლიტერ ,,ბ" - 44 მ2 (ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე), ხოლო კიდევ ერთი დამხმარე (ლიტერ ,,ვც") ფართი - 2 მ 2 (ასევე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე). ამ ქონების 3/5 წილის მესაკუთრედ (მოსარგებლედ) 1999 წლის მდგომარეობით ირიცხება ნ. კ.ს ძე ზ-ე, ხოლო 2/5 წილის მესაკუთრედ (მოსარგებლედ) - კ. ი.-ის ძე ზ-ე.

...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ირიცხება ნ. კ.ს ძე ზ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პ. (მეუღლე), მ., და ნ. (შვილები) ზ-ეები. კომლს 1986-1996 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1980 წელს აგებული 120 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,01 ჰა მიწის ფართობი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2000მ2 მიწის ნაკვეთზე და 298. 80 კვ.მ სახლზე 2015 წლის 3 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით (3/5 წილი) აღირიცხა მ., ზ-ის სახელზე. რეგისტრაციის დამადასტურებელ ამონაწერში, ,,მესაკუთრეთა“ გრაფაში, მ., ზ-ის გარდა მიეთითა "თანამესაკუთრე“ - 2/5 წილი.

საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ლ.გ-ის გარდაცვალების თარიღია 2001 წელი.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონულ ბაზაში ლ.გ-ის ქორწინებისა და მისი შვილების დაბადების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები არ მოიძებნა, ხოლო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2001 წელს გარდაცვლილი ლ.გ-ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე და არც ანდერძების საერთო რეესტრშია რეგისტრირებული ჩანაწერი ლ.გ-ის სახელით დამოწმებული ანდერძის შესახებ.

ტ.ზ-ემ 2021 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მან, როგორც კ.ზ-ის მემკვიდრემ, მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით აღრიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2572მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის 2/5 წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა წარადგინა სააღრიცხვო ცნობა და სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.

საჯარო რეესტრის 10.12.2021წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ განცხადება წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან საარქივო ცნობის მიხედვით კომლში მამკვიდრებლის გარდა ფიქსირდებოდა სხვა პირიც. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ტ.ზ-ის სახელზე რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო, რადგან სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გარდაცვლილია. ამდენად, განმცხადებელს მოეთხოვა სამკვიდრო მოწმობის წარდგენა, სადაც მამკვიდრებელი იქნებოდა ლ.გ-ი. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საარქივო ცნობის თანახმად, ლ.გ-ი გარდაიცვალა 2001 წელს.

სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებით ტ.ზ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტ.ზ-ემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.02.2022წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, შევიდა თუ არა კ.ზ-ის სამემკვიდრეო მასაში სადავო უძრავი ქონების კონკრეტული წილი, რომელზეც საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს მისი შვილი ტ.ზ-ე.

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. დასახელებული ნორმების შინაარსი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ კომლის შემადგენლობაში რიცხულ ყველა წევრს.

სასამართლო განმარტავს, რომ კომლი (საკოლმეურნეო თუ მუშ-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია). კანონმდებლობით დაწესებული იყო გარკვეული განსხვავებები საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის კომლებს შორის, კერძოდ: აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი). ამავე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ (იხ. სუს 2014 წლის 20 მაისის №ბს-521-503 (კ-13) და №ბს-475-463 (კ-13) განჩინებები). ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და ამ ინსტიტუტს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლს ეკუთვნოდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაა თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით (სუსგ Nას-7-2019, 11.06.2019).

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის შესაბამისად, სახელმწიფო კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება თანაბარ წილში ამ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ (იხ. სუს 2013 წლის 26 თებერვლის № ბს-580-570 (კ-12), 2014 წლის 28 პარილის № ბს-127-124 (კს-14),სუს 2014 წლის 20 მაისის №ბს-521-503(კ-13) და №ბს-475-463(კ-13) განჩინებები). საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (შდრ. სუსგ №ას-1063-983-2017, 17.10.2017 წ.).

ნიშანდობლივია, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კ.ზ-ის კომლის წევრებად რეგისტრირებული იყვნენ მხოლოდ თვითონ და ,,ცოლი" - ლ.გ-ი. ამ მომენტისათვის ტ. (შვილი), თ. (რძალი) და ი. (შვილიშვილი) ზ-ეები კ.ზ-ის კომლიდან უკვე ამოწერილები იყვნენ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ კომლის სამართლებრივი ფორმის ცვლილების პერიოდისთვის (1992 წელი), მიწის რეფორმის დროს კომლის ორივე წევრი ლ.გ-ი და კ.ზ-ე ცოცხლები იყვნენ. შესაბამისად, მათ კომლის ქონებაზე წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება თანაბარ წილში. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ.ზ-ის მიერ კანონის საფუძველზე მოპოვებულ იქნა სადავო ქონებაზე თანასაკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კ.ზ-ის კომლის წევრი 1992 წლის მდგომარეობით იყო ასევე ლ.გ-ი, ნიშნავს, რომ მათ სადავო ქონებაზე 1/5-1/5 წილის მიღების უფლება ჰქონდათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (იხ. სუსგ №ას-851-800-2010, 2011 წლის 16 თებერვალი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა.

სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია; იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა; იმავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.08.2015წ. ცნობა-დახასიათებაზე (ტ.1, ს.ფ 22), რომლის თანახმად გორში, სოფელ ...ში მდებარე 2212 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე აღრიცხული იყო ნ. ზ-ის (3/5 წილი) და კ.ზ-ის (2/5 წილი) საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომლის ქონება საჯარო რეესტრში იყო რეგისტრირებული, რაც გულისხმობდა, რომ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენდა და მასზე ვრცელდებოდა ამ ურთიერთობისთვის დამასახიათებელი წესები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას მასზედ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტ.ზ-ის საკუთრებად მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების აღრიცხვით დაირღვეოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლი და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ სახეზეა კანონისმიერი თანასაკუთრების წარმოშობის წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტ.ზ-ემ, როგორც კ.ზ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ მოითხოვა მამის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე (2/5 წილზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.2 მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. საკასაციო სასამართლომ მიერ ერთ-ერთ განჩინებაში განიმარტა, რომ თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი (სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).

საქმეში დაცულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობა მასზედ, რომ ტ.ზ-ე მამის გარდაცვალებიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს მის კუთვნილ ქონებას. მოსარჩელის მიერ ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი დასტურდება ნოტარიუსის მიერ გაცემული 26.11.2021წ. სამკვიდრო მოწმობითაც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტ.ზ-ემ მამის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით მიიღი, იგი გახდა აღნიშნული ქონების 1/5-ის (მამის პროპორციული წილის გათვალისწინებით) მესაკუთრეც. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ტ.ზ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რამეთუ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.01.2024წ. N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.01.2024წ. N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა