№112აპ-13 14 ნოემბერი, 2013 წელი
უ-ე ქ. 112აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 თებერვლის განაჩენით ქ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (6 დაზარალებულის: ე. ვ-ის,ლ. გ-ის, შ. ხ-ის, ნ. გ-ის, ზ. ბ-ის, ს. და შ. გ-ების ეპიზოდები) და მიესაჯა 7–7 წლითა და 6–6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3–ით და ყველა ეპიზოდში სასჯელად განესაზღვრა 5–5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ერთი ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს – 5 წელს დაემატა დანარჩენი ხუთი ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელებიდან 3–3 წელი და საბოლოოდ ქ. უ-ეს სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქ. უ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 მაისიდან.
განაჩენით ქ. უ-ეს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი დიდი ოდენობით (6 ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის სექტემბერში ქ. უ-ემ, სჭირდებოდა რა თანხა ბიზნესისთვის, დაარწმუნა ე. ვ-ე, იპოთეკით დაეტვირთა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე თბილისში, წ-ის ქ. №...–ში და აღებული თანხა მთლიანად გადაეცა მისთვის. ე. ვ-ე ენდო ქ. უ-ეს და მისი მოთხოვნით 2008 წლის 14 სექტემბრიდან 2009 წლის 30 იანვრამდე პერიოდში ზემოხსენებული ბინა 4–ჯერ დატვირთა იპოთეკით. ხელშეკრულებების საერთო თანხამ შეადგინა 100.000 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას მოტყუებით დაეუფლა ქ. უ-ე და იგი ე. ვ-ისათვის აღარ დაუბრუნებია. ამ ქმედებით ე. ვ-ეს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2008 წლის ოქტომბერში ქ. უ-ემ დაარწმუნა ლ. გ-ე, რომ თავის საკუთრებაში არსებული, რ-ის ქუჩის №...–ში მდებარე №... ბინა დაეტვირთა იპოთეკით და აღებული თანხა მთლიანად გადაეცა მისთვის, რათა გამოეყენებინა საჭიროებისამებრ თავის ბიზნესში. ლ. გ-ე ენდო ქ. უ-ეს და მისი მოთხოვნით 2008 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიუსის მეშვეობით იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა. აღებული თანხა – 55.000 აშშ დოლარი მთლიანად გადასცა ქ. უ-ეს. მოტყუებით დაუფლებული ფული ქ. უ-ს ლ. გ-ისათვის არ დაუბრუნებია, რითაც მას მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2009 წლის იანვარში ქ. უ-ემ დაარწმუნა მ. ხ-ი, იპოთეკით დაეტვირთა თავისი კუთვნილი, თბილისში, რ-ის ქ.№...–ში მდებარე ბინა №... და აღებული თანხა მთლიანად გადაეცა მისთვის, რადგან სჭირდებოდა ბიზნესისთვის. ქ. უ-ემ ისარგებლა მ. ხ-ის ავადმყოფობით, რომელიც ენდო მას და 2009 წლის 29 იანვარს ნოტარიუსის მეშვეობით მ. ხ-ისა და მისი შვილის - შ. ხ-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა დაიტვირთა იპოთეკით. იპოთეკის თანხა – 20.000 აშშ დოლარი მთლიანად აიღო ქ. უ-ემ. მას მოტყუებით დაუფლებული თანხა მ. ხ-ისა და შ. ხ-ისათვის არ დაუბრუნებია, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2006 წლის დეკემბერში ქ. უ-ემ დაარწმუნა ნ. გ-ე, იპოთეკით დაეტვირთა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე თბილისში, ქ-ის ქ. №...–ში და აღებული თანხა მთლიანად გადაეცა მისთვის. ნ. გ-ემ ქ. უ-ის მოთხოვნით 2006 წლის 29 დეკემბერს და 2007 წლის 8 ნოემბერს იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა და აღებული თანხა, საერთო ჯამში 108.000 აშშ დოლარი, მთლიანად გადასცა ქ. უ-ეს, რომელსაც მოტყუებით მიღებული თანხა არ დაუბრუნებია, რითაც ნ. გ-ეს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2006 წლის ნოემბერში ქ. უ-ემ დაარწმუნა ზ. ბ-ი, რომ მისი კუთვნილი ბიზნესის საჭიროებისათვის იპოთეკით დაეტვირთა თავის საკუთრებაში არსებული, თბილისში, წ-ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №... და აღებული თანხა გადაეცა მისთვის. ზ. ბ-ი ენდო ქ. უ-ეს და 2007 წლის 5 ნოემბერს იპოთეკით დატვირთა კუთვნილი ბინა. აღებული თანხა – 115.000 აშშ დოლარი მთლიანად გადასცა ქ. უ-ეს, რომელსაც მოტყუებით მიღებული თანხა არ დაუბრუნებია, რითაც ზ. ბ-ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2007 წლის აპრილში ქ. უ-ემ დაარწმუნა ს. გ-ე, იპოთეკით დაეტვირთა მისი შვილის – შ. გ-ის კუთვნილი, თბილისში, რ-ის ქ. №...–ში მდებარე ბინა №... და აღებული თანხა მთლიანად გადაეცა მისთვის. ს. გ- ენდო ქ. უ-ეს და იპოთეკით დატვირთა თავისი შვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა. იპოთეკის ღირებულება – 40.000 აშშ დოლარი მთლიანად აიღო ქ. უ-ემ. ასევე 2007 წლის 25 სექტემბერს ს. გ-ემ ქ. უ-ის მოთხოვნით იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე თბილისში, ც-ის 1–ლი შესახვევის №...–ში და იპოთეკის ღირებულება – 49.000 აშშ დოლარი მთლიანად აიღო ქ. უ-ემ. მას მოტყუებით მიღებული თანხა ს. გ-ისა და შ. გ-ისათვის არ დაუბრუნებია, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. უ-ემ და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით იმავე სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ქ. უ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ს-ემ შესაგებლით ითხოვა საკასაციო საჩივრისათვის უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე ქ. უ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დაზარალებულების: ე. ვ-ის,ლ. გ-ის, შ. ხ-ის, ნ. გ-ის, ზ. ბ-ის, ს. და შ. გ-ების ჩვენებები, მოწმეების: მ. კ-ის, გ. ნ-ის, გ. ა-ის, მ. გ-ის, მ. უ-ის, მ. ს-ისა და სხვათა ჩვენებები, სესხისა და იპოთეკის ხელწერილები, ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ქ. უ-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება – თაღლითობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, ქ. უ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც პალატაც ეთანხმება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით ქ. უ-ეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა (6 ეპიზოდი) ჩადენაში და რადგან იგი არის ნასამართლობის არმქონე, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ქ. უ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ვ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას იმავე მუხლით (დაზარალებულების: ლ. გ-ის, შ. ხ-ის, ნ. გ-ის, ზ. ბ-ის, ს. და შ. გ-ების ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები – 5-5 წელი, რის გამოც მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2012 წლის 11 მაისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 301-ე, 303–ე მუხლებით, 307–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ქ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ქ. უ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბრალდების ერთი – დაზარალებულ ე. ვ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას იმავე მუხლით (ბრალდების ხუთი, დაზარალებულების: ლ. გ-ის, შ. ხ-ის, ნ. გ-ის, ზ. ბ-ის, ს. და შ. გ-ების ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები – 5-5 წელი, რის გამოც მას საბოლოოდ განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 11 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№112აპ-13 22 ნოემბერი, 2013 წელი
უ-ე ქ.- 112აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 14 ნოემბერს მსჯავრდებულ ქ. უ- ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მე-2 აბზაცის ბოლო წინადადებაში აღნიშნულია:
,,მოწმეების: მ. კ-ის, გ. ნ-ის, გ. ა-ის, მ. გ-ის, მ. უ-ის, მ. ს-ისა და სხვათა ჩვენებები, სესხისა და იპოთეკის ხელწერილები, ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ქ. უ-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება – თაღლითობა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 14 ნოემბერს მსჯავრდებულ ქ. უ-ის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის ზემოხსენებულ აბზაცში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, რის საფუძველზეც გამოტოვებულია ერთი სტრიქონი. აღნიშნული უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: ,,მოწმეების: მ. კ-ის, გ. ნ-ის, გ. ა-ის, მ. გ-ის, მ. უ-ის, მ. ს-ისა და სხვათა ჩვენებები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, სააღსრულებო საქმეები, ქ. უ-ის ხელწერილები, ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ქ. უ-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება – თაღლითობა“.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბერს მსჯავრდებულ ქ. უ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მე-2 აბზაცის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მოწმეების: მ. კ-ის, გ. ნ-ის, გ. ა-ის, მ. გ-ის, მ. უ-ის, მ. ს-ისა და სხვათა ჩვენებები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, სააღსრულებო საქმეები, ქ. უ-ის ხელწერილები, ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ქ. უ-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება – თაღლითობა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი