Facebook Twitter

საქმე ბს-1163 (გ-23) 11 ივნისი, 2024 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი. ი-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხალვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ი-მა 18.07.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოში შემოსავლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) 18.11.2022წ. გადაწყვეტილების და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსის 30.06.2023წ. N MIA 5 23 01876760 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არის აზერბაიჯანის მოქალაქე და ხშირად შემოდის საქართველოში სხვადასხვა მიზნით. 18.11.2022წ. ი. ი-ი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სურდა რამდენიმე დღე საქართველოში გაჩერება და შემდეგ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში გადასვლა. მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არ დაურღვევია კანონი და საქართველოში მისი ყოფნა არ არის საფრთხის შემცველი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისათვის. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელზეც 16.06.2023წ. და 30.06.2023წ. წერილებით აცნობეს პასუხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2023წ. განჩინებით ი. ი-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სარფის განყოფილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად, ადმინისტრაციული საჩივარი არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისათვის - მისი უფლების და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემისა თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის/ქმედების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მოცემულ შემთხვევაში ორივე მოთხონა ერთიდაიმავე სამართალურთიერთობას ეხება, მოპასუხე მხარედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ამასთან დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სარფის განყოფილება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი სისტემის ორგანოა. სსკ-ის მე-15 მუხლზე (საერთო განსჯადობა) მითითებით აღნიშნა, რომ სარჩელი სასამართლოს წარედგინება ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით. სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის ეს პრიციპი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, რაც აისახება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შსს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ხელვაჩაურის სასამართლოს ქვემდებარეა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 21.07.2023წ. განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.10.2023წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომლის თანახმად დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო: ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, გასცემს საქართველოს ვიზას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი) შედის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ფაქტის ადგილის, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. დავაზე მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38. ამდენად, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) 18.11.2022წ. გადაწყვეტილების და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსის 30.06.2023წ. N MIA 5 23 01876760 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

საერთო წესის თანახმად რამოდენიმე მოპასუხის (ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს) შემთხვევაში სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება მოსარჩელეს ეკუთვნის. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც თანამოპასუხეები არიან სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული ორგანოები ან ერთიანი სისტემის ზედა და ქვედა რგოლის სტრუქტურები. სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, თუ საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის ვარიანტებს ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში განაპირობებს სარჩელის წარდგენა რამდენიმე მოპასუხისათვის, რომლებსაც ადგილმდებარეობა სხვადასხვა ტერიტორიაზე აქვთ ან რამდენიმე სასარჩელო განცხადების გაერთიანება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოსარჩელეს მოპასუხედ არ დაუსახელებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). არ დაიშვება მოპასუხის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი. ამდენად, განსახილველი საქმე რომც იყოს რამოდემიმე სასამართლოს განსჯადი, სასამართლოს განსჯადობა წყდება მოსარჩელის არჩევით, მოცემულ შემთხვევაში ასეთი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლო. იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ სათანადო მოპასუხე არ დაასახელა, დაუშვებელია სარჩელის განსჯადობით გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომლის მოქმედების ტერიტორიაზე მდებარეობს სასამართლოს აზრით სათანადო მოპასუხე. სასამართლო საკუთარი ინიციატივით არასათანადო მხარეს ვერ შეცვლის. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითებულია, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38. თბილისის საქალაქო სსამართლოს განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, არათუ არ ადასტურებს, არამედ უარყოფს განსახილველი სარჩელის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯადობას. მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს არა სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურს (სარფი), არამედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც მდებარეობს დედაქალაქში. საქალაქო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისათვის - მისი უფლების და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება - დამატებით ადასტურებს დეპარტამენტის სათანადო მოპასუხეობას და მოსარჩელის მიერ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმართვის მართებულობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები მიღებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსის მიერ (განყოფილება დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც თავის მხრივ სამმართველოებად და სამსახურებად არის დაყოფილი. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის სახელდება საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.), რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სავიზო და საპასპორტო კონტროლს (11.2 მუხ. „დ“, „ე“ ქვ.პ.). შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აერთიანებს: საზღვრის მართვის განყოფილებას, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი), სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (ქუთაისის აეროპორტი), აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს და სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურს (დარიალი) (11.1 მუხ.), ხოლო თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი) (11.1 მუხ. „ე.ა“ ქვ.პ.). ამდენად, მოსარჩელესთან მიმართებით სადავო აქტები მიღებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სხვადასხვა სამსახურის, ერთ შემთხვევაში საზღვრის მართვის განყოფილების, ხოლო მეორე შემთხვევაში სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) მიერ, რომელთაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნიათ და მოქმედებენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით. ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს დადგენისას მხედველობაში არ არის მისაღები ის, თუ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო რომელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს, ამასთანავე, ზემდგომი ერთეული უფლებამოსილია წარმოადგინოს ქვემდგომი და არა პირიქით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მიხედვით დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო თუ მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხ. მე-2, მე-3 პ.), (იხ. სუსგ 05.10.2023წ. Nბს-999(კ-23); 30.05.2024წ. Nბს-333(გ-24); 30.05.2024წ. Nბს-1164(გ-23); 07.06.2024წ. Nბს-1187(გ-23)).

საქალაქო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარფის გამტარი პუნქტი შედის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას არ ცვლის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, აღნიშნულის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შსს საპატრულო პოლციის საზღვრის მართვისა და კოოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცენტრალური ორგანოების უფლებამოსილება ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა სასამართლო განსჯადობა ცენტრალური ორგანოების მიმართ წყდება ცენტრალური ორგანოს ადგილმდებარეობისა და არა ამ ორგანოს უფლებამოსილების გავრცელების ტერიტორიის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სარფის ტერიტორიაზე, რაც ადასტურებს დეპარტამენტის მიმართ აღძრული სარჩელის არა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განსჯადობას, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობას. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს აგრეთვე, რომ მხედველობაშია აგრეთვე მისაღები სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. საქართველოს კონსტიტუციის 7.1 მუხლის თანახმად, ქვეყანაში შემოსვლის საკითხები განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, მოპასუხის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელის (ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38) მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ი-ის ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ი-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.გოგიაშვილი