№ბს-1042(კ-22) 6 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელი; სსიპ შემოსავლების სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.კ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) მოპასუხე სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელს დაევალოს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცეს მასთან დაცული ზუსტი (სწორი) და უტყუარი ინფორმაცია, იმ კონკრეტული თარიღის შესახებ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ... სასწავლებლის მოქმედი საიდენტიფიკაციო კოდი - ...; ბ) მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს ქმედება, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცეს მასთან დაცული ზუსტი (სწორი) და უტყუარი ინფორმაცია, იმის შესახებ ... საიდენტიფიკაციო კოდი გენერირდა (წარმოიქმნა) თუ არა 2009 წლის 12 ოქტომბრამდე (16/09/2009-11/10/2009 წლების ჩათვლით პერიოდზე).
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ.კ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით ვ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.კ-მა.
2022 წლის 21 ნოემბერს ვ.კ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა დაზუსტებული არგუმენტაცია.
კასატორი განმარტავს, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს მიმართა ... სასწავლებელს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა იმასთან დაკავშირებით, ცნობილი იყო თუ არა მისთვის 2009 წლის 12 ოქტომბრამდე საიდენტიფიკაციო კოდი - .... აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად, ... სასწავლებელმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2009 წლის 12 ოქტომბრამდე კოდი. ასევე, ... სასწავლებელმა 2018 წლის 18 იანვრის №10 წერილით განაცხადა, რომ საიდენტიფიკაციო კოდი მას ეცნობა 2009 წლის 8 ოქტომბერს, სამსახურის წარმომადგენელთან ზეპირი კომუნიკაციის ფორმით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, რომლის 2017 წლის 29 დეკემბრის №21-11/197591 წერილიდან პირდაპირ და ცალსახად იკვეთება, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული ფორმულის საფუძველზე. საიდენტიფიკაციო ნომრის წინასწარ დაჯავშნა ან/და კონკრეტული საიდენტიფიკაციო ნომრის გამოტოვებით სხვა ნომრის მინიჭება არ ხდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი არის მხოლოდ ე.წ გამორჩენილი კოდები. საიდენტიფიკაციო ნომერი - ... მინიჭებულ იქნა 2009 წლის 12 ოქტომბერს და აღნიშნული კოდი არ ფიქსირდება გამორჩენილი კოდების სიაში. მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ სხვა ინფორმაცია მათთან არ ინახება. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და ვინაიდან, სასწავლებელს შეუძლებელია სცოდნოდა საიდენტიფიკაციო ნომერი მის გენერირებამდე 4 დღით ადრე, მოსარჩელის აზრით, სავარაუდოდ სახეზე იყო დაწესებულების მიერ არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნა და გაცემა. საქმეში არსებული და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად უთითებენ იმაზე, რომ სასწავლებელმა შექმნა და გასცა არასწორი საჯარო ინფორმაცია. ... სასწავლებელის განცხადებით მისთვის 2009 წლის 8 ოქტომბერს უკვე ცნობილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი ..., მაშინ, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კოდის გენერირება მოხდა მხოლოდ 2009 წლის 12 ოქტომბერს ავტომატურ რეჟიმში. ამგვარად, სასწავლებელს შეუძლებელია სცოდნოდა იმ კოდის არსებობა, რომელიც ჯერ არ ყოფილა შექმნილი/დაგენერირებული. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სასწავლებლისგან მიიღო არასწორი ინფორმაცია.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უფულებელყოფილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა, საჩივარშიც და საქმის განხილვის ეტაპზეც არაერთგზის მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ მისი ინტერესია მოპასუხეთა მხრიდან მიიღოს სწორი, ზუსტი და უტყუარი საჯარო ინფორმაცია ერთი და იგივე საკითხის შესახებ, სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს და შესაბამისად, არ ადგენს რომელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა სწორი და არასწორი საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, კასატორისთვის კვლავ უცნობია მოპასუხე სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლისთვის კონკრეტულად როდის გახდა ცნობილი მისი კუთვნილი საიდენტიფიკაციო კოდი - ..., ასევე აღნიშნული კოდი, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ იყო თუ არა გენერირებული და შექმნილი 16/09/2009-11/10/2009 წლების ჩათვლით პერიოდში.
კასატორის განმარტებით, ერთი მხრივ, მოპასუხე ... სასწავლებელს 2018 წლის 18 იანვრის №10 წერილით გაცემული აქვს საჯარო ინფორმაცია, რომ ... საიდენტიფიკაციო კოდი მას შემოსავლების სამსახურმა (იმ პერიოდისათვის - თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექცია) აცნობა 2009 წლის 8 ოქტომბერს, მეორე მხრივ, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის №21-11/195744 წერილით გაცემულია საჯარო ინფორმაცია, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში, არ ხდებოდა მისი წინასწარი დაჯავშნა ან კონკრეტული ნომრის გამოტოვებით სხვა ნომრის მინიჭება (გამონაკლისს წარმოადგენდა ე.წ. თავისუფალი რეჟიმი (გამორჩენილი კოდები) და ... სასწავლებელს საიდენტიფიკაციო ნომერი - ... მიენიჭა 2009 წლის 12 ოქტომბერს. ნათელია, რომ ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო კოდის წარმოშობა-მინიჭების შესახებ მოპასუხეები მიუთითებენ 2009 წლის 8 ოქტომბერს და 2009 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს რომელი საჯარო ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი.
იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურმა საიდენტიფიკაციო კოდი ... ... სასწავლებელს მიანიჭა 2009 წლის 12 ოქტომბერს, სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს, ეს კოდი როგორ იცოდა ... სასწავლებელმა 2009 წლის 8 ოქტომბერს და ასკვნის კიდეც, რომ ... სასწავლებლის მიერ გაცემული ინფორმცია მისი საიდენტიფიკაციო კოდის უკვე 2009 წლის 8 ოქტომბერს ცოდნასთან დაკავშირებით, იყო ერთადერთი, რაც ამ საკითხზე დაცული იყო მასთან. პირიქით, თუკი სააპელაციო სასამართლო იზიარებს დადგენილ გარემოებას, რომ ... სასწავლებლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ... საიდენტიფიკაციო კოდის 2009 წლის 8 ოქტომბერს ცოდნასთან დაკავშირებით, არის სწორი და ერთადერთი, რაც დაცულია ... სასწვლებელში, მაშინ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სააპელაციო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს თავისუფლად შეუძლია შექმნას და გასცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც არ გამომდინარეობს მასთან დაცული სხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არასდროს არ განხილულა დავა, რომელიც შეეხებოდა არასწორი საჯარო ინფორმაციის გაცემას. შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს ნამსჯელი საკითხზე, რომელიც ეხება არასწორად გაცემულ საჯარო ინფორმაციის სამართლებრივი ბუნებასა და მის შესაძლო სამართლებრივი შედეგებს (მათ შორის, გაუქმების). სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით მოიცავდა იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არასწორად გაცემული საჯარო ინფორმაციისთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცათ და დაედგინათ კანონმდებლობით ამგვარი ინფორმაციის გაცემისთვის შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. ამგვარად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით, მათ შორის, მოიცავდა სზაკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ მსჯელობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ვ.კ-მა 2017 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა - 2009 წლის 12 ოქტომბრამდე იყო თუ არა აღნიშნული დაწესებულებისთვის ცნობილი მისი საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა კოდი - .... აღნიშნული განცხადების პასუხად მას ეცნობა, რომ მოცემული ... სასწავლებლისთვის 2009 წლის 12 ოქტომბრამდე ცნობილი იყო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა კოდი (ტ.1, ს.ფ 19-20); ბ) ვ.კ-მა 2017 წლის 22 ნოემბერს განმეორებით მიმართა სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელს და მოითხოვა: 1) იმ კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელმაც 2009 წლის 12 ოქტომბრამდე წინასწარ აცნობა ... სასწავლებელს აღნიშნული კოდის შესახებ; 2) ასევე ამ ორგანოს თანამშრომელთა ვინაობა, ვინც აღნიშნული ინფორმაცია გასცა. ამავე განცხადების პასუხად მას ეცნობა, რომ საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ ინფორმაცია ... სასწავლებელს 2009 წლის 12 ოქტომბრამდე მიეწოდა თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციიდან, რაც შეეხება ამ ორგანოს თანამშრომელთა ვინაობას, მათ შესახებ ინფორმაცია ... სასწავლებელს არ ჰქონდა (ტ.1, ს,ფ 21-22); გ) ვ.კ-მა 2017 წლის 28 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა იმ საჯარო მოსამსახურის ვინაობა და მისამართი, რომელმაც სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლს მიაწოდა ინფორმაცია საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ 2009 წლის 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე. აღნიშნული განცხადების პასუხად მას ეცნობა, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში, არ ხდებოდა მისი წინასწარ დაჯავშნა ან კონკრეტული ნომრის გამოტოვებით სხვა ნომრის მინიჭება. გამონაკლისს წარმოადგენდა ე.წ. თავისუფალი რეჟიმი (გამორჩენილი კოდები). ვ.კ-ს ასევე განემარტა, რომ ... სასწავლებელს საიდენტიფიკაციო ნომერი ... მიენიჭა 2009 წლის 12 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ 23-24); დ) ვ.კ-მა 2018 წლის 15 იანვარს კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, 2009 წლის 12 ოქტომბრამდე თუ რა ფორმით გახდა ... სასწავლებლისთვის ცნობილი მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ. მას აღნიშნული ... სასწავლებლიდან ეცნობა, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასადახო ინსპექციამ საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 8 ოქტომბერს ზეპირი ფორმით (ტ.1, ს.ფ 54-55); ე) ვ.კ-მა 2018 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის გაცემა, იყო თუ არა ... სასწავლებლის საიდენტიფიკაციო კოდი ... შექმნილი სპეციალური ფორმულისა და ავტომატური რეჟიმის საფუძველზე და ცნობილი იყო თუ არა ... სასწავლებლისთვის 2009 წლის 12 ოქტომბრამდე, კერძოდ, 2009 წლის 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ ვ.კ-ს ეცნობა, რომ სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლის მიერ გაცემული ინფორმაციის განხილვა სცილდებოდა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას. ამასთან, განმარტებული იქნა, რომ საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებასთან დაკავშირებით ვ.კ-ს უკვე ეცნობა შემოსავლების სამსახურის პასუხი (ტ.1, ს.ფ 56-57, 115).
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავაზე მოსარჩელის მოთხოვნა იყო მოპასუხეებისათვის ინფორმაციის გაცემის დავალდებულება (ა) მოპასუხე სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელს დაევალოს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცეს მასთან დაცული ზუსტი (სწორი) და უტყუარი ინფორმაცია, იმ კონკრეტული თარიღის შესახებ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ... სასწავლებლის მოქმედი საიდენტიფიკაციო კოდი - ...; ბ) მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს ქმედება, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გასცეს მასთან დაცული ზუსტი (სწორი) და უტყუარი ინფორმაცია, იმის შესახებ ... საიდენტიფიკაციო კოდი გენერირდა (წარმოიქმნა) თუ არა 2009 წლის 12 ოქტომბრამდე (16/09/2009-11/10/2009 წლების ჩათვლით პერიოდზე)). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 21 ნოემბერს წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე - გაუქმდეს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებლის მიერ 2017 წლის 21 ნოემბრის, 2017 წლის 27 ნოემბრის და 2018 წლის 18 ნოემბრის წერილებით გაცემული საჯარო ინფორმაცია. ამდენად, წინამდებარე დავაზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხეთათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მიზნებთან დაკავშირებით, კერძოდ, „სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა 0 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“)“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
მითითებული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ცნებას, კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვ.კ-ს მისი განცხადების პასუხად მოპასუხე ... სასწავლებლისაგან ეცნობა, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციამ საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 8 ოქტომბერს ზეპირი ფორმით. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განემარტა, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში, არ ხდებოდა მისი წინასწარ დაჯავშნა ან კონკრეტული ნომრის გამოტოვებით სხვა ნომრის მინიჭება. გამონაკლისს წარმოადგენდა ე.წ. თავისუფალი რეჟიმი (გამორჩენილი კოდები). ... სასწავლებელს საიდენტიფიკაციო ნომერი ... მიენიჭა 2009 წლის 12 ოქტომბერს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელეს გადაეცა მისი ინტერესის სფეროში შემავალი საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაცული იყო საჯარო დაწესებულებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია არ გააჩნდათ მოპასუხე მხარეებს, რის გამოც სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ... სასწავლებელი და სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულნი იყვნენ სხვა სახის ან/და სხვა ფორმის ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობს მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ინფორმაციის გაცემის დავალების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. ვ.კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.10.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე