Facebook Twitter

№ბს-151(2კ-24) 25 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.ლ-ესა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 31 მაისს ჯ.ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა გარდაბნის მერიის ...ის, ...ის, ...ის სამსახურის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის პოზიციაზე. 2022 წლის 29 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის N18.18221196 ბრძანებით 2022 წლის 2 მაისიდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან. მისი სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა დისკრიმინაციული საფუძვლით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. 2021 წლის დეკემბრის თვეში, როდესაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა თანამშრომელს პრემიის სახით დაერიცხა დაახლოებით ხელფასის 70%, მხოლოდ ჯ.ლ-ემ და კიდევ ორმა თანამშრომელმა ვერ მიიღეს პრემია, რომელთა შემთხვევაში პრემიის დაურიხცაობა განაპირობა მათზე დაკისრებულმა დისციპლინურმა სახდელმა. ჯ.ლ-ეს მიმართ კი, არ არსებობდა რაიმე ობიექტური გარემოება. აღნიშნულის შემდეგ კვლავ გაგრძელდა მოსარჩელის შევიწროება სამსახურში, რაც საბოლოოდ, მისი უკანონო გათავისუფლებით დასრულდა. ჯ.ლ-ეს სამსახურიდან გათავისუფლების გამართლების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში ფორმალურად განხორციელდა რეორგანიზაცია.

მოსარჩელემ მოითხოვა „ჯ.ლ-ეს გათავისუფლების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 29 აპრილის №ბ18.18221196 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მისი გარდაბნის მერიის ...ის, ...ის, ...ის სამსახურის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 2022 წლის 2 მაისიდან, აღდგენამდე პერიოდისთვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურების ყოველთვიურად 2500 ლარის დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2022 წლის 29 აპრილის N18.18221196 ბრძანება ჯ.ლ-ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის, ...ის, ...ის სამსახურის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ჯ.ლ-ესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჯ.ლ-ემ. ჯ.ლ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის და ჯ.ლ-ეს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 31.03.2023წ. წერილით ჯ.ლ-ეს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 2 თებერვლის "გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ" N18.18220331 ბრძანების საფუძველზე, ...ის, ...ის, ...ის სამსახურში ...ის განყოფილებისა და ...ის საქმეთა განყოფილების შერწყმის შედეგად, ჯ.ლ-ეს დაკავებული პოზიციის გაუქმების გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ'' N199 დადგენილების შესაბამისად, შესაძლოა გათავისუფლებული ყოფილიყო თანამდებობიდან და მის მიმართ დაწყებულიყო მობილობის პროცესი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 11 აპრილის წერილით ჯ.ლ-ეს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესში შტატის შემცირების გამო გასათავისუფლებელ მოხელეთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, ...ის, ...ის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე შეირჩა თ.მ-ე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე, 103-ე, 108-ე, 110-ე, 105-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 53-ე, 96-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი სრულად მოკლებულია დასაბუთებას, რის გამოც შეუძლებელია იმის შემოწმება, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან ჯ.ლ-ე, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მას არ ედავება შესაბამისი კომპეტენციის არ ქონას, ამასთან არ დასტურდება რაიმე სახის გადაცდომის ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის რაიმე ფაქტი, არ არის დასაბუთებული, რატომ მიენიჭა უპირატესობა კანდიდატს, რომელიც დაინიშნა თანამდებობაზე, ჯ.ლ-ეს მითითებით, აღნიშნული რეორგანიზაციის დროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას დაემატა 13 შტატი, ასევე არ არის გამოკვლეული შიდა მობილობის შესაძლებლობა. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის ფაქტების სიმცირის გამო შეუძლებელია, იმსჯელოს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე, ვინაიდან მარტოოდენ რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება, არ იძლევა ამგვარი მტკიცების შესაძლებლობას. პალატის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოცემულია შესაბამისი გარემოებების გამორკვევის გარეშე, რის გამოც სახეზეა მისი სასკ-ის 32.4 საფუძველზე ბათილად ცნობის საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ პირის სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და განაცდური პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება დაკავშირებულია ამ პირის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან, სადავო ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში კი პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნებზე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჯ.ლ-ემ. ჯ.ლ-ემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ჯ.ლ-ეს განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი, რას არსებობდა მისი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ჯ.ლ-ეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სთხოვეს პოლიტიკურად აქტიურობა, რაზეც განაცხადა უარი. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო მისი შევიწროება სამსახურში, 2021 წლის დეკემბრის თვეში, როდესაც ყველა თანამშრომელმა მიიღო პრემია ხელფასის 70% ოდენობით, მას და კიდევ ორ თანამშრომელს აღნიშნული თანხა არ მიუღიათ. ხსენებულ ორი თანამშრომლის მიმართ არსებობდა დისციპლინური სახდელი, ხოლო მის მიმართ არ არსებობდა პრემიის მიუღებლობის რაიმე საფუძველი. კასატორის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით ფორმალურად ჩატარდა რეორგანიზაცია და იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, ამ პროცესს არ მოჰყოლია ხარჯების ოპტიმიზაცია, მეტიც, სამსახურს დაემატა 13 კადრი და მხოლოდ ჯ.ლ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიმართ შევიწროებას და დისკრიმინაციული მოპყრობას. კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ...ის განყოფილების ძველი ხელმძღვანელი რატომ დაინიშნა ახალ განყოფილებაში და რა კრიტერიუმებით ჯობდა იგი ჯ.ლ-ეს.

კასატორი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე, 110-ე, 52.1 მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 12.1, მე-13 მუხლებზე. კასატორი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარიმართა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად მოსარჩელესთან კომუნიკაციითა და მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულობით. განყოფილებების გაერთიანების შედეგად ახალი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შესარჩევად გაიმართა გასაუბრება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანდიდატის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. მტკიცებულება, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესში მოსარჩელის დისკრიმინაცია მოხდა მის მიერ არ წარმოდგენილა. ტოლფასი თანამდებობის არარსებობის გამო დაწესებულებამ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, მოძიებულ იქნა ვაკანტური თანამდებობები ტერიტორიულობის პრინციპით, რაზეც ჯ.ლ-ემ უარი განაცხადა. ასევე შეთავაზებულ იქნა დაწესებულებაში ვაკანტური პოზიცია (შიდა მობილობა), რაზეც მოსარჩელემ ასე უარი განაცხადა. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. სზაკ-ის 53.7 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისთვის ცნობილია ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ ჯ.ლ-ესთვის მის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები ცნობილი იყო, რისი დასტურიცაა ყველა ის მტკიცებულება, რაც მას გადაეცა რეორგანიზაციისას. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს, როგორც რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ გამოცხადებულ კონკურსში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჯ.ლ-ეს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჯ.ლ-ეს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ჯ.ლ-ეს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 31 მარტის წერილით ჯ.ლ-ეს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 2 თებერვლის ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ'' N18.18220331 ბრძანების საფუძველზე, ...ის, ...ის, ...ის სამსახურში ...ის განყოფილებისა და ...ის საქმეთა განყოფილების შერწყმის შედეგად, ჯ.ლ-ეს დაკავებული პოზიციის გაუქმების გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ'' N199 დადგენილების შესაბამისად, შესაძლოა გათავისუფლებული ყოფილიყო თანამდებობიდან და მის მიმართ დაწყებულიყო მობილობის პროცესი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 29 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის N18.18221196 ბრძანებით 2022 წლის 2 მაისიდან ჯ.ლ-ე რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა გარდაბნის მერიის ...ის, ...ის, ...ის სამსახურის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობიდან. ჯ.ლ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაცია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 11 აპრილის წერილით ჯ.ლ-ეს ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესში შტატის შემცირების გამო გასათავისუფლებელ მოხელეთა იდენტიფიცირების მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, ...ის, ...ის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე შეირჩა თ.მ-ე.

დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მობილობის პროცესი და მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, ჯ.ლ-სთვის საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოსაძიებლად.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა შტატების შემცირების საფუძვლით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტით მოხდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა, ხოლო იმისთვის, რომ შემოწმდეს შეზღუდვის კანონიერება, იგი უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, კანონშესაბამისი. დასაბუთების ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმებისას, ვინაიდან, დასაბუთება იძლევა ამ აქტში გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს შემზღუდველი ხასიათის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, მოპასუხე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, ჯ.ლ-ეს სამსახურიდან გათავისუფლება დაეფუძნა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებას, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №1 სხდომის ოქმის ამონაწერში მითითებული ზოგადი მსჯელობა, რომ გაანალიზებულ იქნა რეორგანიზაციის შედეგები, მოხელეთა სამუშაო გამოცდილება, შესრულებული სამუშაო, კვალიფიკაცია, დაკისრებული მოვალეობების უკეთ შესრულების კრიტერიუმები და სხვა გარემოებები, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოხელის გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკითხის ხელახლა კვლევისას უნდა შეფასდეს სწორედ აღნიშნული საკითხი - ადმინისტრაციულმა ორგანომ უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, რადგან გათავისუფლებულ პირს უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, სრულად აღიქვას მისი გათავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების საჭიროება და ახლად შექმნილი განყოფილების ხელმძღვანელად ჯ.ლ-ესთან შედარებით კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭების გარდაუვალობა. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მან უნდა იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც მოკლებულია დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის №ბს-110-103(2კ-13) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურებისა და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მართალია, სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, თუმცა არ მოიაზრებს მხარის მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების შესაძლებლობას შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების აუცილებლობის გამორიცხვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გათავისუფლებული პირისთვის იმთავითვე ცნობილი იყო მისი მიღების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული აქტი საერთოდ არაა დასაბუთებული, სასამართლო მოკლებულია მისი კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეს არ ედავება შესაბამისი კომპეტენციის ან კვალიფიკაციის არქონას, საქმის მასალებით არ დასტურდება ჯ.ლ-ეს მიერ რაიმე სახის გადაცდომის ან რაიმე სახის გადაცდომის ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე არ არის დასაბუთებული, რა კრიტერიუმებით მიენიჭა უპირატესობა იმ კანდიდატს, რომელიც დაინიშნა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულის ...ის, ...ის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებები ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მის ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალდებულებას, ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ლ-ესა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა