საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №129აპ-13 ქ. თბილისი
ბ-ი მ.-129აპ-13. 29 ნოემბერი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ისა და მისი ადვოკატის - ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენით მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მურატ ბალტაჩს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 13 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. ბ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ბ-ისა და მისი ადვოკატის - ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე