Facebook Twitter

¹ 3კ/1073-01 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ა-ძემ 2000 წლის 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეების _ დ. კ-ის, თ. გ-ისა და ი. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის _ 555 ათასი ლარის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ შპს “ბ. თ. კ.” სასარჩელო განცხადების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის სახედ შერჩეულ იქნა პრეზიდენტის ¹1200 განკარგულების მოქმედების შეჩერება მისი შეწყალების ნაწილში, რამაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია 1999 წლის 6 ოქტომბრიდან 1999 წლის 28 დეკემბრამდე მისი უკანონო პატიმრობა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თ. ა-ძეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. სასამართლომ მიუთითა, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მოსარჩელე არ მიეკუთვნება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირთა რიცხვს; ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს სისხლის სამართლებრივი ურთიერთობიდან. ვინაიდან ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, იმავე სასამართლოს 2000 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სარჩელი დარჩა უმოძრაოდ და დაუბრუნდა მოსარჩელეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 ოქტომბრისა და 16 ნოემბრის განჩინებებზე თ. ა-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 ოქტომბრისა და 16 ნოემბრის განჩინებები. პალატა აღნიშნული განჩინების გამოტანისას დაეყრდნო სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 185-ე მუხლის მოთხოვნას.

2001 წლის 10 აგვისტოს თ. ა-ძემ კვლავ მიმართა სარჩელით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების დ.კ-ის, თ.გ-ისა და ი.ქ-ის მიმართ, მორალური ზიანის 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ მოთხოვნით. სარჩელის საფუძვლად თ. ა-ძემ მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც აღმოჩნდა უკანონო და დაუსაბუთებელი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სასამართლო ხარჯებისაგან განთავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის საფუძველზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 აგვისტოს განჩინებით თ. ა-ძეს კვლავ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო იმავე კოლეგიის 2001 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, დარჩა უმოძრაოდ და დაუბრუნდა მოსარჩელეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ განჩინებებზე თ. ა-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც ამავე კოლეგიის 2001 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

მოცემულ დავაში მოპასუხეები არიან მოსამართლეები, რომლებიც წარმოადგენენ სასამართლოს _ მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოს. სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს; სასამართლოს საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფოს სახელით.

აღნიშნულის გამო, მოცემული დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე და მე-20 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ დავებს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში იხილავენ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია, რომლებიც განიხილავენ საქმეებს საქართველოს სამოქალაქო და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით გათვალისწინებული წესით, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტრაციული ხასიათი, საჯარო ინტერესები განაპირობებს მხარის ნების პრიმატის და დისპოზიციურობის პრინციპის შეზღუდვას. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტარციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად. განსხვავებულად წესრიგდება ასევე საკითხი პროცესის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილ ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი, დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას განასხვავებს სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამ შემთხვევაში სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ა-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.