Facebook Twitter

№82აპ-13 4 ნოემბერი, 2013 წელი

ო-ე გ.- 82აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – გ. ო-ის, შ. რ-ისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით:

გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. ო-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო-ეს განესაზღვრა – 12 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ო-ეს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2012 წლის 6 ივლისიდან. მასვე იმავე განაჩენით მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 3 დეკემბრიდან 2012 წლის 6 ივლისის ჩათვლით.

შ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შ. რ-ეს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2011 წლის 3 დეკემბრიდან.

გ. ო-სა და შ. რ-ეს განაჩენით მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2011 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 23.30 საათზე, გ. ო-ე, შ. რ-ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ თბილისში, წ-ის ქუჩაზე. ამ დროს მათ შეამჩნიეს იმავე ქუჩაზე მყოფი ფ. ი-ე, ი. დ-ი და ზ. გ-ე და მივიდნენ მათთან. გ. ო-ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ამოიღეს დანები და შ. რ-ესთან ერთად სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით მოსთხოვეს მათ ფული. ფ. ი-ემ, ი. დ-მა და ზ. გ-ემ თავდამსხმელებს განუმარტეს, რომ ფული არ ჰქონდათ და შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას, თავდამსხმელი პირების დაწყნარებას, რამაც გააღიზიანა გ. ო-ე, შ. რ-ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომლებმაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს ზემოხსენებულ პირებს, დანის გამოყენებით ემუქრებოდნენ და აგრძელებდნენ ფულის მოთხოვნას. თავდაცვის მიზნით ი. დ-მა და ზ. გ-ემ წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს, გაექცნენ მათ და ჩაიკეტნენ წ-ის ქუჩის №...–ე სახლის ეზოში, რის გამოც გ. ო-ემ, შ. რ-ემ და მათთან ერთად მყოფმა დაუდგენელმა პირმა ვერ შეძლეს თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული განაჩენი მსჯავრდებულებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2013 წლის 2 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე–12 და მე–16 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულთა სასიკეთოდ ცვლილება შეიტანა გასაჩივრებულ განაჩენში, რომლის თანახმადაც, გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. ო-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და მას საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, გ. ო-ე გათავისუფლდა სსკ–ის 187–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ¼–ით შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა ამავე სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო-ეს განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 6 ივლისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 3 დეკემბრიდან 2012 წლის 6 ივლისის ჩათვლით, ასევე - 2008 წლის 31 დეკემბრიდან 2009 წლის 3 იანვრის ჩათვლით.

შ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

შ. რ-ეს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2011 წლის 3 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულებმა – გ. ო-ემ, შ. რ-ემ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კასატორები საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენით საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად გაკეთებულ დასკვნას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ფ. ი-ის, ი. დ-ის, ზ. გ-ის, მოწმეების: გ. რ-ის, კ. ფ-ის, პ. მ-ის, გ. ტ-ის, ს. ტ-ის, მ. გ-ის, თ. ც-ის, მ. მ-ის ჩვენებებით, დაზარალებულთა მითითების საფუძველზე გ. ო-ისა და შ. რ-ის დაკავების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმებით ეჭვის გამომრიცხავად და უტყუარად არის დადგენილი, რომ გ. ო-ემ და შ. რ-ემ ჩაიდინეს მათთვის ინკრიმინირებული ქმედებები. კასატორთა საჩივრებში მოყვანილი არგუმენტები ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე ობიექტურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ წარმოადგენს საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რის გამოც საკასაციო პალატა მათ ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების – გ. ო-ისა და შ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნები სამართლებრივად სწორად გაავრცელა და, შესაბამისად, შეუმცირა მათ განაჩენით დადგენილი სასჯელის ვადები.

მსჯავრდებულ გ. ო-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა სრულად შეკრების შედეგად, რასაც საკასაციო პალატას სამართლიანად მიიჩნევს და, შესაბამისად, მიზანშეწოლად არ მიაჩნია სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 303–ე მუხლის მე–6 ნაწილით, 307–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების – გ. ო-ის, შ. რ-ისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განაჩენი გ. ობ-ისა და შ. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი