Facebook Twitter

№300აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

ბ-ი ლ, 300აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მის მიმართ 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ლ. ბ-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ლ. ბ-ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 სექტემბრიდან.

2013 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. ბ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი