№301აგ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი
ყ-ი ვ.- 301აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ვ. ყ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით, ხოლო 109-ე მუხლის ,,ლ“, ,,ო“ პუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნულ 17 წელს დაემატა 108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი - 5 წელი, რის შედეგადაც მიესაჯა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2000 წლის 24 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 10 იანვრის განჩინებით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრი; ვ. ყ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ვ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წელი, 10 თვე, 23 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წინა განაჩენით დანიშნული 17 წელი და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი განისაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 22 დღით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით დანიშნული 1 წელი და 6 თვე, რის შედეგადაც განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით, 9 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ვ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. ყ-ს სსკ-ის 109-ე მუხლით (ორი პირის მკვლელობისათვის) მიესაჯა 17 წლით, ხოლო 3782-ე მუხლით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამნისტიის გავრცელების შედეგად მსჯავრდებულს საბოლოო მოსახდელ ზომად დაუდგინდა 6 წლით, 9 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ ვ. ყ-ის მიმართ დადგენილი სასჯელის უფრო მეტად შემცირება უსამართლო იქნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი ვ. ყ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი