№302აგ-13 15 ნოემბერი, 2013 წელი
ჭ-ე გ, 302აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „გ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2010 წლის 31 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 8 თვე, 1 დღე და საბოლოოდ მას შეეფარდა 12 წლით, 8 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50–ე მუხლის გამოყენებით 10 წელი, 8 თვე და 1 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 28 მაისიდან 2010 წლის 31 მაისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2010 წლის 28 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით განაჩენით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 5 წელი და 3 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო განაჩენით დანიშნული დარჩენილი სასჯელი - 2 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით. ასევე ¼–ით შეუმცირდა განაჩენით პირობით დადგენილი - 3 წელი გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა 2 წლითა და 6 თვით. მასვე სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილით დამატებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 2 წელი და 9 თვე. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით განაჩენით დანიშნული სასჯელი - 10 წელი, 8 თვე და 1 დღე - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დადგენილი 3 წლის ¼–ით შემცირების შემდეგ გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 3 თვე.
გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 28 მაისიდან 2010 წლის 31 მაისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2010 წლის 28 სექტემბრიდან.
2013 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ჭ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე რეალურად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირობით დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვე და საბოლოოდ გ. ჭ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 28 მაისიდან 2010 წლის 31 მაისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 სექტემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ჭ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი