№303აგ-13 14 ნოემბერი, 2013 წელი
ტ-ი ზ.- 303აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 აპრილის განაჩენით ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით, 273-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) – 6-6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 30 000 ლარი.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 9 თვე, 6 დღე და პირობითი მსჯავრი - 2 წელი; საბოლოოდ ზ. ტ-ს განესაზღვრა 3 წლით, 9 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი – 2 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 8 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით ზ. ტ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრისა და 2008 წლის 8 ივლისის განაჩენებით დადგენილი საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5 000 ლარი; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. ტ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და მის მიმართ განსაზღვრულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული და 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 10 თვე; ზ. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით, ასევე ჯარიმა - 5 000 ლარი; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.
ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განაჩენით ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) – 1-1 წლით, ხოლო 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5 000 ლარი; ზ. ტ-ს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 10 თვე, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 20 000 ლარი, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ზ. ტ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; ამ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 10 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 12 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 20 000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად, ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 6 თვით, 273-ე მუხლით - 6 თვით, ხოლო 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით, სულ - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 9 თვე, საიდანაც 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით; ზ. ტ-ს საბოლოოდ მიესაჯა 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 წელი განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 4 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 26 მარტიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ზ.ტ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისა და პირობითი მსჯავრისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 5 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 2 წელი და 1 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 26 მარტიდან.
უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა: მსჯავრდებულ ზ. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 აპრილის განაჩენით განსაზღვრულ პირობით მსჯავრში სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების პროპორციული წილი - 1 წელი და ამ მუხლებით განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და ამ მუხლით განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული 5 წელი და ამ მუხლით განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 6 თვე და ამ მუხლით განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული 6 თვე და ამ მუხლით განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 2 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1 წელი და 10 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 7 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 26 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და იგი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. ტ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ტ-ი მრავალჯერაა ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. მას ბოლო განაჩენით სასჯელი განესაზღვრა სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, რომლის ნაწილი ჩაეთვალა პირობით. ამნისტიის გავრცელების შედეგად მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 2 თვე დაუდგინდა რეალურ ზომად, ხოლო - 1 წელი და 10 თვე - ჩაეთვალა პირობით.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ. ტ-ის პიროვნებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის უფრო მეტად შემცირება აშკარად უსამართლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი ზ. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი