¹ 3კ/1085-01 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ნ. ტ-შვილის პაპის _ ი. კ-შვილის სახელზე. ი. კ-შვილის კომლში რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ: ნ. ტ-შვილის ბებია _ ო. კ-შვილი, ბიძა _ მ. კ-შვილი და ბიცოლა _ მა. კ-შვილი. ი., ო. და მ. კ-შვილების გარდაცვალების შემდეგ, 1971 წელს სახლის მესაკუთრე გახდა მა. კ-შვილი. 1999 წლის აგვისტოში მა. კ-შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნათესავმა ზ. კ-შვილმა წაიყვანა დასთან _ ს. ო-შვილთან. ს. ო-შვილის დისშვილმა _ რ. ო-შვილმა თავის ბინაში გადაიტანა მა. კ-შვილის სახელზე რიცხულ სახლში არსებული ნ. ტ-შვილის კუთვნილი ნივთები, ხოლო სახლი მა. კ-შვილის მინდობილობის გამოყენებით 2000 წლის 24 სექტემბერს მიჰყიდა გ. გ-შვილს.
2001 წლის 10 იანვარს ნ. ტ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მა. კ-შვილის, გ. გ-შვილის, რ. ო-შვილისა და გარდაბნის რაიონის სანოტარო კანტორის მიმართ საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, ნივთების დაბრუნების შესახებ.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო სახლის მესაკუთრედ. რ. ო-შვილსა და მა. კ-შვილს დაევალათ ნ. ტ-შვილისათვის მისი კუთვნილი ნივთების დაბრუნება ან მათი ღირებულების სახით სოლიდარულად 2000 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ო-შვილმა, მა. კ-შვილმა და გ. გ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 მაისის განჩინებებით აპელანტებს გ. გ-შვილს, რ. ო-შვილს და მა. კ-შვილს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცათ 10 დღიანი ვადა; გ. გ-შვილსა და მა. კ-შვილს დაევალათ, ასევე, სააპელაციო საჩივრის დამასაბუთებელ გარემოებებსა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებილებებზე მითითება.
ამავე პალატის 2001 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მა. კ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო ვადის აღდგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მა. კ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 18 ივლისის განჩინება მა. კ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში; მა. კ-შვილს გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანამდე; მა. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საჩივრის ზეპირი განხილვა. სასამართლომ გიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას დროულად არ მიუღია სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ; სააპელაციო სასამართლოში არ შესულა განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი შეტყობინების ბარათი; აპელანტი მა. კ-შვილი არის პენსიონერი და ვერ გადაიხდის წინასწარ სახელმწიფო ბაჟს 120 ლარის ოდენობით; განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მისი მხარეებზე გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში.
ნ. ტ-შვილმა კერძო საჩივარში მიუთითა, რომ მა. კ-შვილს სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მიღებული ჰქონდა დროულად. აპელანტმა საპროცესო ვადა გაუშვა საპატიო მიზეზის გარეშე და არ არსებობდა ამ ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, მა. კ-შვილი სასამართლოს არ უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ვინაიდან მას გააჩნდა საკმაო სახსრები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. კერძო საჩივარი საქმესთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინებით აპელანტ მა. კ-შვილს გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების უფლება სასამართლოს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა აპელანტ მა. კ-შვილის ქონებრივი მდგომარეობა, რომ იგი პენსიონერია და მისი ყოველთვიური პენსია შეადგენს 13 ლარს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აპელანტი მა. კ-შვილი სასამართლოს არ უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულ მოქმედებას სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მა. კ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მიიღო დროულად, ხარვეზის შევსების ვადა გაუშვა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არ არსებობს გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი, საკასაციო პალატა აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ამ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 სექტემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.