№307აგ-13 15 ნოემბერი, 2013 წელი
მ-ი ა, 307აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
შ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (ა. ა-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 8 თვის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. ბ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 8 თვის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და შ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 აპრილიდან.
ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (ა. ა-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (მ. ბ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ა. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით; სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ქ-ს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ა. ა-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 აპრილიდან.
2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულებმა - შ. ქ-ა და ა. მ-ა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვეს მათ მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
შ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განახევრებულმა სასჯელმა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განახევრებული სასჯელი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 აპრილიდან.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ. ქ-ს დანიშნული სასჯელი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი აქვს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო ადგილიდან.
ა. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ა. ა-ს ეპიზოდი) დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით - დაემატა 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 აპრილიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ა. მ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი