¹ 3კ/1087-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. თ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს თ., მ., გ. ფ-შვილებისა და ზ. ხ-ძის მიმართ და მოითხოვა აღნიშნულ პირებზე მის მიერ გასესხებული თანხის _ 13500 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება. ამასთან, მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეების კუთვნილ ბინებზე ყადაღის დადება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით გ. თ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9300 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-შვილის მეუღლე ნ. ჯ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება გ. ფ-შვილზე დაკისრებული ვალდებულების ნაწილში და მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებულ ბინაზე ყადაღის მოხსნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 ივლისის განჩინებით ნ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე ნ. ჯ-შვილი არ წარმოადგენს მხარეს და მას სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ ჰქონდა.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ-შვილმა და მიუთითა, რომ მისი მეუღლის კუთვნილი ყადაღადადებული ბინა წარმოადგენს ასევე მის საკუთრებასაც. იგი შეიძინეს ერთად ცხოვრების პერიოდში 1992 წელს და, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ბინის დაყადაღებით ირღვევა მისი როგორც მესაკუთრის უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ჯ-შვილმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ნ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, ე.ი. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე პირებს. მოცემულ საქმეზე ნ. ჯ-შვილი არ წარმოადგენს მხარეს, აგრეთვე, იგი არ არის ჩაბმული საქმეში მესამე პირად და ასეთი მოთხოვნა მას არც დაუყენებია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჯ-შვილი არ არის სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხა გადასახდელად დაეკისრა ნ. ჯ-შვილის მეუღლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა, რომ ვალის გადახდა უნდა მოხდეს იმ ქონებიდან, რომელიც მოპასუხეს არ ეკუთვნის; შესაბამისად არ შეიძლება მიჩნეულ იყოს, რომ გადაწყვეტილებით გადაწყდა საკითხი, რომლის გადაწყვეტისას მოპასუხე ნ. ჯ-შვილი უნდა ყოფილიყო. Aაღნიშნულის გამო ნ. ჯ-შვილი არ შეიძლება მიჩნეულ იყოს პირად, რომელსაც საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს.
თუ ნივთზე, რომლიდანაც მოხდება გადახდევინება, წარმოიშობა დავა, საკითხი უნდა გადაწყდეს აღსრულების პროცესში წარმოშობილი დავების გადაწყვეტის წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას 2001 წლის 3 ივლისის განჩინების გამოტანისას არ დაუღვევია კანონის მოთხოვნა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩირდება.